ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს
By

ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აჭარის ტურიზმის სექტორის, განვითარების, საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე რეგიონის პოზიციონირების  განვითარების საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენებას, რეგიონის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიცირებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს აჭარის ტურიზმის სექტორში ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და რეგიონში არსებული ტურისტული შესაძლებლობები გააცნო.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე, მათ შორის, მდგრადი ტურიზმისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა საქართველოსა და აჭარის ტურიზმის სფეროში მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი და აღნიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ალექსანდრე ჭკუასელი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის  მინისტრი ედნარ ნატარიძე ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • სექტემბერი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *