უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ
შუახევის მუნიციპალიტეტის უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში- კვირიაულის დასახლებაში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა დანიშნულების სამუშაო ოფისები და მრავალფუნქციური დარბაზი განთავსდება. აქვე დასრულდა ფანჩატურის მშენებლობა.
ახალი საგზაო ინფრასტრუქტურით წელს პირველად ისარგებლებს ლაკლაკეთში მცხოვრები ბეჟანიძეების ოჯახი. უბანში, სადაც საავტომობილო გზა აქამდე არ არსებობდა, ახალი სამანქანე გზა გაიყვანეს და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რეაბილიტაცია უტარდება წაბლანის, ტბეთისა და გოგაძეების სპორტულ მოედნებს.
შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა დასრულდა. წაბლანაში შალვა ზოიძის, ხოლო ცინარეთში მედეა ფუტკარაძის საცხოვრებელ სახლებთან ფერდსამაგრი კედლების მოწყობა გრძელდება.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ივანაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ემზარ დავითაძე, მერიის სამსახურის უფროსი მურად მიქელაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ და სოფელ წაბლანის მოსახლეობას შეხვდნენ.
– უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე პროექტები ითვალისწინებს საგზაო, სპორტული და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. სამუშაოები მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით ხორციელდება და სოფლებში არსებული პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას ემსახურება, – გვითხრა ომარ ტაკიძემ.
თამაზ მგზავრიძე