ფასწარმოქმნის სტრუქტურული პრობლემები და რეკომენდაციები – საპარლამენტო კომისიის დასკვნა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის საკითხების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დასკვნა წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, მთავარი პრობლემა არა გადაჭარბებული მოგება, არამედ ბაზრის სტრუქტურული ხარვეზები და არაეფექტური საოპერაციო ხარჯებია. როგორც კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნა, ფასწარმოქმნის ჯაჭვში დაგროვილი დამატებითი ხარჯები საბოლოოდ პროდუქციის ფასზე აისახება.
მისივე შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა გამჭვირვალობის ნაკლებობა და კომერციული ურთიერთობების ბუნდოვანება:
„ეს არის ბაზრის ძირითადი პრობლემა. არ არის სათანადო გამჭვირვალობა და კომერციული ურთიერთობები გაუგებარია. არსებობს სხვადასხვა ტიპის გადასახადები, რომლებიც ხშირად არ არის გამჭვირვალე და ზოგ შემთხვევაში, კომერციულ ურთიერთობებსაც არ ექვემდებარება.“
კომისიაში მიიჩნევენ, რომ მდგომარეობას ამძიმებს გადახდების დაგვიანება, რაც ჯაჭვის ქვედა რგოლებზე დამატებით ფინანსურ ზეწოლას ქმნის. პრობლემურია ასევე ნაშთების მართვა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც განსაკუთრებით მცირე და საშუალო მწარმოებლებს აზარალებს.
„აუცილებელია სექტორის გაციფრულება, რათა პროცესები გახდეს გამჭვირვალე და თითოეულ მონაწილეს ჰქონდეს წვდომა პროდუქციის მოძრაობაზე, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს დამატებით ხარჯებს,“ – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
დასკვნის თანახმად, ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა მიწოდების ჯაჭვის სიგრძეა, რაც თითოეულ ეტაპზე ხარჯებს ზრდის. შესაბამისად, რეკომენდაციები ითვალისწინებს ჯაჭვის შემცირებას, მწარმოებლებსა და საცალო ქსელებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერებას და რეგიონებში ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრების განვითარებას.
„მიწოდების ჯაჭვის შემცირება გრძელვადიან პერსპექტივაში სისტემურად 8-9%-იან ეფექტს გამოიღებს,“ – აღნიშნა ბერეკაშვილმა.
კომისიის რეკომენდაციები ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და მოიცავს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან სტრატეგიულ მიდგომებს, მათ შორის, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერასა და ლოგისტიკური სისტემის ოპტიმიზაციას. ამასთან, კომისია უპირატესობას ანიჭებს ბაზარში „რბილ ჩარევას“ და არა ფასების მკაცრ ადმინისტრირებას:
„უფრო ეფექტიანია რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული რეგულაცია, რომელმაც, შესაძლო, მეტი პრობლემა შექმნას, ვიდრე სარგებელი.“
დასკვნას არ დაეთანხმა ოპოზიციის წარმომადგენელი შალვა კერესელიძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა კონკურენციის ნაკლებობასა და კორუფციულ რისკებზე: „თუ გვინდა, რომ საქართველოში ფასებმა კლება დაიწყოს, საჭიროა ჯანსაღი კონკურენცია. ეს ვერ მოხდება, თუ არ მოისპო ნეპოტიზმი, ლობირება და კორუფცია. ჩვენ ამ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ.“
როგორც კომისიის წევრებმა აღნიშნეს, დასკვნა ორიენტირებულია სისტემურ ცვლილებებზე, რომელიც მიზნად ისახავს ბაზრის გამჭვირვალობის ზრდას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და მომხმარებლისთვის ფასების შემცირების წინაპირობების შექმნას.