რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, დაშავდა 15 ადამიანი
რუსეთის არმიამ უკრაინის დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, დარტყმები დნეპროვსკის და დარნიცკის რაიონებში განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსებმა დარნიცკის რაიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტს შეუტიეს. ამ დროისთვის არსებული მონცემებით, თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.
თავდასხმისას პეჩერსკის რაიონში დაზიანდა სასწრაფო დახმარების სადგური და სამხრეთ ხიდზე მდებარე მეტროს ინფრასტრუქტურა, რამაც მოძრაობის ნაწილობრივი შეზღუდვა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რუსეთმა განაცხადა, რომ „პრინციპში მზად არის“ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის.
„პრეზიდენტმა სტივ უიტკოფს აცნობა, რომ ჩვენ, პრინციპში, მზად ვართ, განვაახლოთ სამმხრივი მოლაპარაკებები მთავარ თემაზე, დაახლოებით, 10 ნოემბერს. ეს თემა ეხება რუსეთისა და უკრაინისთვის უსაფრთხოების სისტემის შექმნას კონფლიქტის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა ვლადიმერ პუტინსა და სტივ უიტკოფს შორის სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით კი ,,ომის დასრულებასთან მსოფლიო ასე ახლოს არასდროს ყოფილა“.