სოსო მანჯავიძე: ყველაფერ ამას შეიძლება, თამამად ვუწოდოთ სისხლიანი კომიზმი
By

სოსო მანჯავიძე: ყველაფერ ამას შეიძლება, თამამად ვუწოდოთ სისხლიანი კომიზმი

გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძესთან, რომელიც „აჭარასთან“ საუბრობს ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმასა და ამ საქმეში ეჭვმიტანილზე, ჰორმუზის სრუტეში ინტერნეტკაბელების შესაძლო დაზიანებაზე, ირანის კონფლიქტსა და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე.

დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სადილიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურს ცეცხლი გაუხსნა. ირანთან ხომ არ აკავშირებთ ამ შემთხვევას, იქნებ ტრამპი წავიდეს დათმობებზე?

– ტრამპმა სამდღიანი ულტიმატუმი წაუყენა ირანს, ასე რომ, არა მგონია, ამის გამო წავიდეს დათმობებზე, თანაც ამ თავდასხმას ჯერჯერობით ვერ აკავშირებენ თეირანთან. ვერსია ბევრია, ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ეს თვითინსცენირებულია და ა.შ.

– თვითინსცენირებაზე რატომ შეეჭვდნენ?

– ტრამპი ხომ აპირებდა იმ დარბაზში პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრას მათთან ურთიერთობების გარკვეულწილად დათბობის მიზნით. როგორც ვიცით, აშშ-ის პრეზიდენტმა გადაიკიდა ამერიკის ლამის მთელი პრესა, მათ შორის კონსერვატულიც, რომელსაც ეყრდნობოდა. რაც მთავარია, ის „პოდკასტებიც“ გადაიკიდა, რომელთაც მილიონობით აუდიტორია ჰყავს. ტრამპი შეეჯახა რამდენიმე პოპულარულ კონსერვატორ კომენტატორს, მათ შორის ტაკერ კარლსონს, მეგინ კელს, კენდის ოუენსს და ალექს ჯონსს, ირანის ომისადმი მათი წინააღმდეგობის გამო. ისინიც გალანძღა უკანასკნელი სიტყვებით, სულელები ეძახა და IQ-ც კი დაუწუნა, მაგალითად, ტაკერ კარლსონს. . . კენდის ოუენსზე კი თქვა, რომ ბრიჯიტ მაკრონი გაცილებით უფრო ლამაზია მასზე… მოკლედ, მათთან შეხვედრა გადაწყვიტა ამ ნიუანსების გასარკვევად და დაიწყო სროლაც. . . აქედან გამომდინარე ითქვა, რომ ტრამპმა ამ სვლით გაანეიტრალა სიტუაცია ანუ ეს ინციდენტი მოაწყო მისმა სპეცსამსახურმა, რათა შეკრებილი ხალხის წინაშე სხვა ამპლუაში წარმოჩენილიყო. მოგეხსენებათ, თავს რომ ესხმიან ვინმეს, ამერიკელები მაშინვე მის მხარეს გადადიან, ასეთი ფსიქოლოგია აქვთ ჩამოყალიბებული… მაგრამ აქ ცოტა სხვაგვარად არის საქმე, ვინაიდან თავდამსხმელი ცოცხალია და შესაძლოა, სხვა დეტალებიც გამჟღავნდეს. ეჭვმიტანილი, 31 წლის მამაკაცი ტომას ალენი, დაკავებულია და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა უტარდება. მას დაუწერია ვრცელი მანიფესტი, რომელშიც ხსნის პრეზიდენტზე თავდასხმის მოტივებს. კერძოდ, აცხადებს, რომ ამ პედოფილის, მოძალადის და მოღალატის მკვლელობა გამართლებულია და იქვე ამატებს, რომ ვინც ტრამპს ამაში ხელს უწყობს, ის ხალხიც არ არის სიცოცხლის ღირსი, რადგან კიდევ უამრავი მსხვერპლი იქნებაო. . . თუმცა იმასაც ამბობს, რომ თავად მაქსიმალურად მოერიდება დიდ მსხვერპლს…

ეს კაცი ამ სროლისას მაინცდამაინც ფსიქიკურად მდგრად მდგომარეობაში რომ არ იყო, ცხადია და ტრამპმაც ასე მოიხსენია, თუმცა მის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, არ ახდენს ფსიქიკურად შეშლილის შთაბეჭდილებას. მოკლედ, ყველაფრის გათვალისწინებით, ამ კაცის ირანთან კავშირი ეჭვის ქვეშ დადგა.

– ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გამოაცხადა, რომ გადაჭრის ჰორმუზის სრუტეში გამავალ ინტერნეტის კაბელებს და მსოფლიოს ციფრული კომუნიკაციის გარეშე დატოვებს. . .

– დედამიწაზე არის რამდენიმე სრუტე, ე.წ. არტერია, რომელთა ფუნქციონირებაზეც დიდად არის დამოკიდებული გლობალური ეკონომიკა. მათ შორისაა პანამის და სუეცის არხები, ფინეთის ყურე, წითელი ზღვა, ბოსფორის, დარდანელის, ჰორმუზის სრუტეები, რომელთა შორის იქმნება წყალქვეშა ინფრასტრუქტურის კვანძებიც. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა ამ სქემის რუკა, რომლის გამოყენებითაც შევისწავლე ეს ინფორმაცია და საკმაოდ საინტერესო წერილი გამოვაქვეყნე რამდენიმე წლის წინ. . . სწორედ ეს წყალქვეშა კაბელები უზრუნველყოფს ინტერნეტტრაფიკის 90%-ს. ჰორმუზის სრუტეში ამ კაბელების კოლოსალური რაოდენობაა განლაგებული. ირანი აცხადებს, რომ დაიწყებს ინფრასტრუქტურულ ომს კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებით, რისი განხორციელების ტექნიკური საშულებებიც მას აშკარად აქვს. სხვათა შორის, მსგავსი შესაძლებლობა მსოფლიოში ისეთ ბუმბერაზ სახელმწიფოებს გააჩნია, როგორებიცაა შტატები, ჩინეთი, რუსეთი და სხვ. წარმოიდგინეთ, რა სირთულის სამუშაოებია ჩასატარებელი – ჯერ დასჭირდება წყალქვეშა ნავი, იქიდან კი ზუსტი ოპერირება ამ კაბელების გადასაკვნეტად. . . ანუ მუქარა რეალურია და აშშ-ის და ისრეალის მიერ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, თუ რა ზარალი მიადგება მსოფლიოს უზარმაზარ კომპანიებს და კონგლომერატებს, ამის გათვლა რთული არ არის. . .

– ირანი წავა ამაზე? პრინციპში, რატომაც არა. . .

– ირანი გადარჩენის რეჟიმშია, მას ისედაც ანადგურებენ ფიზიკურად თუ მორალურად (ვგულისმობ ლიდერშიპის განადგურებას), ასე რომ, ყველაფერზე წამსვლელია თავის გადასარჩენად. ბოლოს და ბოლოს, ეს ირანია, რომელიც პოზიციონირებს და არის კიდევაც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი იმპერიული ტრაექციის, უდიდესი კულტურის ქვეყანა და ცნობილია, როგორც დამოუკიდებელი ცივილიზაციის ცენტრი, აქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა და უზარმაზარი ტერიტორია. მთელი ეს პროცესები მიმართული იყო და არის ირანის დაშლისკენ, რადგან თეირანის მიერ თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის რეალიზაცია მიუღებელია შეერთებული შტატებისთვის და ისრაელისთვის (ეს ორი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ერთი გეოპოლიტიკური ინეტრესების წარმომადგენელი სუბიექტები). აქედან გამომდინარე, ირანი ყველაფერზე წავა, არა მხოლოდ წყალქვეშა კაბელებს გადაჭრის, ვისაც მიწვდება, მის სახმელეთო ინფრასტრუქტურასაც გაანადგურებს.

– გაერთიანებულ არაბთა საამიროებს გულისხმობთ?

– სხვათა შორის, ახალი ინფორმაციებით, ეს საამიროები აპირებს განალაგოს თავის ტერიტორიაზე ისრაელის რკინის გუმბათის კომპონენტები, რაც ირანს მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების კიდევ ერთ საბაბს მისცემს. ჩემთვის გაუგებარია საამიროების მოქმედება, ვინაიდან დიდ საფრთხეში იგდებს თავს. საკუთარი ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობისთვის ეს ქვეყანა მთლიანად დამოკიდებულია ელექტროენეგიის უწყვეტ მიწოდებასა და ინტერნეტსაშუალებებზე. შეგახსენებთ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არის გლობალური კომპანიების დატა-ცენტრები, რომელსაც ემსახურება სწორედ ის წყალქვეშა ინტერნეტკაბელები, ირანი გადაჭრას რომ უპირებს. ამ ცენტრებს ხომ კოლოსალური მეგაბაიტები სჭირდება ფუნქციონირებისთვის. შეგახსენებთ, რომ დუბაი არის ერთ-ერთი ფანტასმაგორიული ქალაქი 4-მილიონიანი მოსახლეობით, რომელსაც არ გააჩნია წყალი, ხოლო საკვები პროდუქტების 83% იმპორტირებულია. დუბაი 100 %-ითაა დამოკიდებული არსებული წყლის გამტკნარებასა და იმპორტირებულ წყალზე. . . ჰოდა, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რისი იმედი აქვს, როდესაც ასეთი დამოკიდებულება აქვს გარე სამყაროზე და თან აწარმოებს ასეთ დაუფიქრებელ პოლიტიკას?

– ალბათ, იმავე ტრამპის და ნეთანიაჰუს იმედი აქვს, ისინი ხომ იმუქრებოდნენ, ირანს ქვის ხანაში დავაბრუნებთო. . .

– გასაგებია ნეთანიაჰუს და ტრამპის მუქარა, მაგრამ მისი განხორციელების ერთადერთი გზა არის ატომური იარაღის გამოყენება. ირანის განადგურების სხვა ფიზიკური საშუალება მათ არ გააჩნიათ, რადგან უზარმაზარი სახელმწიფოა განვითარებული ინდუსტრიით. სწორედ ამ ინდუსტრიალიზაციას არ პატიობენ ირანს, რომელიც შაჰის დროს იყო რიგითი ქვეყანა ნავთობის და ნედლეულის ექსპორტით. დღეს ირანი, მაღალტექნოლოგიური პრიორიტეტული დარგების განვითარების დონით, შედის მსოფლიო ხუთეულში – უდიდესი მიღწევები აქვს ნანო თუ სამედიცინო ტექნოლოგიებში და სხვა უამრავ სფეროში. სხვათა შორის, განათლება-მეცნიერება უმაღლეს დონეზეა ირანში. . .

– ირანს ხომ ქალთა დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებების დარღვევას ემართლებიან?

– აბა, აშშ და ისრაელი სიმართლეს ხომ არ იტყვიან, რატომ ერჩიან ირანს? სრულიად გასაგებია დანარჩენი მსოფლიოსთვის განკუთვნილი მათი რიტორიკა ქალთა უფლებების დაცვის და დემოკრატიის განვითარების შესახებ. . . ან ის, ტერორიზმის ცენტრად რომ აცხადებენ და ადანაშაულებენ ირანს . . . სასაცილოა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ იცის სინამდვილეში ვინ შექმნა ნამდვილი ტერორისტული ორგანიზაციები: იგივე, ალ-ქაიდა, ჰამასი და ა.შ. ამ მიმართულებით სიცრუის მანქანა აამუშავეს, რომელიც კომიკური იქნებოდა, ის სისხლიანი შედეგები რომ არ ჰქონდეს, რაც რეალურად გამოიღო. ანუ, ყველაფერ ამას შეიძლება, თამამად ვუწოდოთ სისხლიანი კომიზმი.

– როგორც ჩანს, ჯერჯერობით შეთანხმებაზე არ მიდიან?

– წარმოუდგენელია შეთანხმდნენ, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს მხარეებს შორის. ერთადერთი ვარიანტია დროებითი პაუზის აღება, რომ გააგრძელონ ირანის დესტაბილიზაცია სპეციალური ოპერაციების მეშვეობით. ანუ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად ვერ დასრულდება.

– ტრამპი ხომ საუბრობს მშვიდობაზე?

– ხანდახან ახსენებს შეთანხმებას, მაგრამ ვერ წავა ამაზე… ვერც ტრამპი და ვერც ნეთანიაჰუ ვერ შეეგუებიან მშვიდობას, რადგან მაშინ ირანი გახდება რეგიონალური ლიდერი. კერძოდ, ამა თუ იმ პირობებით, მაინც გააკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს, შესაბამისად, მიენიჭება გლობალური მოთამაშის ფუნქციები, რაც მისცემს თეირანს თავისი ეკონომიკის მოდერნიზაციის და გაძლიერების საშუალებას. . . როგორ წარმოგიდგენიათ, ომი დაიწყო ირანის რეჟიმის დასამხობად და მიიღონ უფრო ძლიერი სახელმწიფო? აქვე ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ირანს ძალიან სწრაფად შეუძლია შექმნას ატომური იარაღი. პრინციპში, მოარული ხმებით, ეს იარაღი თეირანმა უკვე შექმნა. . .

– მადიარი გააუქმებს თუ არა ანტი-ლგბტ კანონს, რომელიც თავის დროზე მიიღო ორბანმა?

– აქაც ნიუანსებია. . . გასაგებია, რომ მადიარი პოზიციონირებს, როგორც კონსერვატორი-ცენტრისტი, მხოლოდ ერთი უცნაურობაა – მისი არჩევა იზეიმა მადიარის გამარჯვების აღსანიშნავად უნგრეთში ჩასულმა ალექს სოროსმა. რა კავშირშია მადიართან მემარჯვენე ცენტრისტი ალექს სოროსი, ცოტა რთული ასახსნელი დარჩა. განმარტებისთვის ალბათ უნდა ჩავიხედოთ უნგრეთის შიდა პოლიტიკაში. გასაგებია, ორბანს ჰქონდა 17-წლიანი მმართველობა, რომელსაც არ შეიძლებოდა, არ გამოეწვია წინააღმდეგობა ევროკავშირთან გამალებული ბრძოლის პირობებში. თავად ევროკავშირი გლობალისტური პროექტია და მისი წევრების უმეტესობა სოროსის ფონდის კლიენტია. თავად სოროსი მარიონეტების მამოძრავებელი ძალების დავალებების შესასრულებლად მუდმივად წინა ხაზზეა და მათი ინტერესების წარმომადგენელია. ანუ ევროკავშირი საშინელი ანტიისრაელური ბრენდია. ტრამპის ხაზი სხვა არის, ერთმანეთში კეთილის და ბოროტის როლებს ასრულებენ. . . ერთიმეორეზე უარესი ძალებია იქ თავმოყრილი… შესაბამისად, გასაგებია, – ორბანმა ვერ გაიმარჯვა ტრამპის, ვენსის და ნეთანიაჰუს მხარდაჭერის გამო, რომლებიც მიუღებელი არიან როგორც ევროკავშირის, ისე ხალხისთვის. ახლა ჯერი მიდგა ახალ მმართველზე – არ შეიძლება მადიარი ანგარიშს არ უწევდეს საკუთარ ამომრჩეველს, გარკვეული პერიოდი მაინც. იმ დღის წესრიგს კი, რის განსახორციელებლადაც მას ხელი შეუწყო ევროკავშირმა, ნელ-ნელა მოაწესრიგებს. ჯერჯერობით მადიარი რას გადაწყვეტს ანტი-ლგბტ კანონზე, რომლის გაუქმებასაც ითხოვს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო, არავინ იცის, პროგნოზირება რთულია. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ ლგბტ თემი, ამ უკანასკნელისთვის (ევროკავშირისთვის)  რელიგიური დოგმაა თუ ბოდვაა, რომელიც, სამწუხაროდ, ათწლეულებია გრძელდება და მის დასრულებას პირი არ უჩანს. ფუჭია იმედები, რომ ევროპაში რაიმე ტიპის იდეოლოგიური ცვლილებები განხორციელდეს, ამ ეტაპზე მაინც. . .

– თბილისში ტრამპთაუერის მშენებლობის შესახებ რას იტყვით?

– ნებისმიერი ტიპის ინვესტიცია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი, მით უმეტეს – დიდი ინვესტიცია და მით უმეტეს – მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის პრეზიდენტის ოჯახის მიერ განხორციელებული. . .. თუმცა არც უნდა დავამციროთ და არც გავაზვიადოთ ამ ფაქტის მნშვნელობა. მიმაჩნია, რომ ამ მშენებლობასთან დაკავშირებით გადამეტებული ემოციური რეაქციაა. პრინციპში, ჩვენ გვახასიათებს ჭარბი ისტერიული ემოცია, რაც პოლიტიკურად გვაფერხებს და შიგადაშიგ, უსაფრთხოების პრობლემებსაც წარმოქმნის. . . ანუ პრობლემა ხდება, როდესაც მსგავსი რეაქციები შეადგენს ქართული პოლიტიკური ცხოვრების მთავარ შინაარსს და ხელს გვიშლის პრაგმატული მოქმედებების განხორციელებაში. ამის დასტურად სოციალური ქსელებიც გვეყოფა, ეს ყველაფერი გადაიქცა რაღაც სიგიჟედ.

– ჰერჩინკის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს როგორ შეაფასებთ?

– იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები რადიკალურად დაუპირისპირდნენ საქართველოს ხელისუფლებას, მაინც ვერ მოახერხეს საკუთარი გეგმის განხორციელება, ამიტომაა გაუგებარი, რა უნდათ ამ შემთხვევაში, რა პრაგმატული მიზნები ამოძრავებთ? ისიც კი მეეჭვება, რომ თავად გაგვცენ ამაზე კონკრეტული, ადეკვატური პასუხი. რა დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი, საერთოდ რა უნდათ?! ეს პროცესი ძალიან ჰგავს გაკაპასებული, ოჯახდანგრეული ქალების რეაქციებს, ქმრებთან რომ ვერ ნახულობენ საერთოს. მათთან ლაპარაკი, პრაქტიკულად, შეუძლებელია. უბრალოდ უნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ხალხი, ვინც აკვიატებული ჰყავთ. საინტერეო ის არის, რომ მენტალობით და აზროვნების დონით ისინი ერთნაირები არიან და ალბათ ამიტომ უფრო კარგად ესმით ერთმანეთის. მათ არ სურთ ისეთი მთავრობა, რომელიც ქვეყნის ინტერსებით პოზიციონირებს და მათ ბრძანებებზე არ ცეკვავს.

ჩვენ იმასაც უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ ქართულ საზოგადოებაში, პოლიტიკურ ელიტაში და მმართველობაშიც კი, ბევრია მსგავსი აზროვნების ადამიანი, რის გამოც წარმოიქმნება სწორედ ეს ისტერიული ვნებათაღელვა, რაც საბოლოოდ მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს საქართველოს.

ოპოზიციის გაერთიანებაზე რას იტყვით?

– როგორც ცნობილია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. როგორც ჩანს, მათ სკოლაშიც არ უსწავლიათ ნორმალურად, რადგან ესეც არ იციან. სახეები, მენტალობა, აზროვნება, პოლიტიკური დღის წესრიგი იგივეა – სრულიად არაადეკვატური, არაპრაგმატული, არანორმალური… შესაბამისად, რა ცვლილებებზე, რა გაერთიანებაზე, რა სიახლეებზეა საუბარი?

– ანუ არჩევანი არ არის?

– ესეც სტერეოტიპია, ეს არჩევანი საიდან უნდა წარმოიქმნას, თუ ვუკვირდებით – ნუთუ უხვად გვყავს პრაგმატული, განვითარებული, მოლაპარაკებაზე ორიენტირებული, არააგენტურული და სხვა ასეთი თვისებებით შემკული პოლიტიკური პარტია თუ ქარიზმატული პიროვნება? ქართველებს არ გვიყვარს სარკეში ჩახედვა და სიმართლის აღიარება, არარეალისტური მოთხოვნები და მოლოდინი გვაქვს, რაც ძალიან საშიში რამეა… ისე ლაპარაკობენ, თითქოს ციდან ჩამოფრინდება ვიღაც და ააყვავებს საქართველოს… თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცის მოლოდინში გაუთხოვრები რომ რჩებიან, იმ ქალებს მაგონებენ ეს ადამიანები…

ირმა ცეცხლაძე

 

  • No Comments
  • აპრილი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *