საინტერესო სპორტული შეჯიბრებები – პენსიონერებისთვის
მეორე წელია, აჭარის სპორტის ვეტერანთა ფედერაცია, რომლის პრეზიდენტი, 85 წელს გადაცილებული, დაუზარელი შალვა ტაბაღუა გახლავთ, ვეტერანებისთვის სპორტულ შეჯიბრებებს ახალი ფორმატით ატარებს. ასპარეზობა იმართება სპორტის რამდენიმე სახეობაში, შემდეგ მათი შედეგები ჯამდება და ასე ვლინდებიან გამარჯვებულები.
ამჯერად შეჯიბრება შაშსა და მკლავჭიდში გაიმართა, რომელსაც ბათუმის მეორე საჯარო სკოლამ უმასპინძლა. ქალბატონებში საპრიზო ადგილებზე შესაბამისად, მედეა ბიბილეიშვილი, ნინო აბაშიძე და თალიკო გაბეჩავა გავიდნენ.
მამაკაცებში პირველი ადგილი ტარიელ ტაბაღუამ დაისაკუთრა, მეორე – თენგიზ შაინიძემ, ხოლო მესამე ორმა მონაწილემ გაიყო – გივი მამულაძემ და გურამ თურმანიძემ.
შალვა ტაბაღუამ საინტერესოდ ჩაატარა ასევე ასპარეზობა სპორტულ ნარდში სლოგანით – „მეზობელი არა მხოლოდ კარისა, არამედ კვარტალისაო“, რომლის მიზანი მონაწილეთა სამეზობლო განწყობის ამაღლება, მეზობელთა გაცნობა, დამეგობრება-დაახლოება იყო.
ახალი ღონისძიების პირველი ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ: მედეა ბიბილეიშვილი, თალიკო გაბეჩავა, ნინო აბაშიძე, მერაბ აბესლამიძე, გივი მამულაძე, ირაკლი ჯაში. ეს შეჯიბრება სასტუმრო „მაილოში“ ბათუმის სპორტული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
ყველა შეჯიბრების მთავარი მსაჯი შალვა ტაბაღუა გახლდათ.
მანანა ძიძიშვილი