,,სამხრეთ კავკასიისთვის დასავლეთთან ურთიერთობის გაძლიერება შეიძლება იქცეს განვითარების შანსად“
By

,,სამხრეთ კავკასიისთვის დასავლეთთან ურთიერთობის გაძლიერება შეიძლება იქცეს განვითარების შანსად“

დასავლეთი და რუსეთი დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და ეს არაა გასაკვირი, რადგან თუ პრორუსული ძალები შეძლებდნენ არსებული ხელისუფლების დამარცხებას, თამამად შეიძლება ითქვას, სომხეთ-დასავლეთის ურთიერთობა ჩიხში შევიდოდა, ამავდროულად, სომხეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ოფიციალური ერევნის და ბაქოს ისტორიული სამომავლო შეთანხმება რეგიონის სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება, რაც აშფოთებს კრემლს, რადგან ამ მიმართებით კარგავს კონტროლის მექანიზმს სომხეთზე. დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირება ამ თვალსაზრისითაც გამოიკვეთა. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვები: რა ცხადყო სომხეთის საპარლამენტო არჩევნებმა? რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან სამომავლოდ და რა გავლენას მოახდენს აშშ-ის გაძლიერება სამხრეთ კავკასიური ქვეყნების კეთილდღეობაზე? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიგა ფარტენაძე გვესაუბრება.

სამხრეთ კავკასია რომ მნიშვნელოვანი რეგიონია, არახალია, ამ მხრივ, სომხეთში ჩატარებულმა არჩევნებმა რა ცხადყო დიდ გეოპოლიტიკურ სურათში?
– სომხეთში ჩატარებულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამხრეთ კავკასია აღარ არის მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცის შიდა პოლიტიკური არეალი. ის უკვე იქცა გლობალური ძალების ინტერესების გადაკვეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ზონად. ფაშინიანის გამარჯვება, ჩემი შეფასებით, არ უნდა წავიკითხოთ მხოლოდ შიდა პოლიტიკური პროცესის კონტექსტში. ეს იყო ერთგვარი საზოგადოებრივი მანდატი უფრო დივერსიფიცირებული საგარეო პოლიტიკისთვის, რუსეთისადმი დამოკიდებულების გადახედვისთვის და დასავლეთთან, განსაკუთრებით აშშ-სა და ევროკავშირთან უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის. ამ არჩევნებმა ცხადყო, რომ სომხეთის საზოგადოებაში გაჩნდა მოთხოვნა უსაფრთხოების ახალი არქიტექტურისადმი. წლების განმავლობაში სომხეთის უსაფრთხოების სისტემა თითქმის სრულად იყო მიბმული რუსეთზე, მაგრამ 2020 წლის ომისა და განსაკუთრებით 2023 წლის მთიანი ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, ერევანში მკეთრად შემცირდა ნდობა უსაფრთხოების გარანტორის მიმართ. ამიტომ, ეს არჩევნები იყო არა მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, არამედ სამომავლო გეოპოლიტიკური ორიენტაციისაც.
– აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტმა სომხეთში რა დივიდენდები შესძინა ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვების თვალსაზრისით?
-აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი და ზოგადად, ვაშინგტონის მაღალი დონის ჩართულობა, ბუნებრივია, ფაშინიანისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანი იყო, თუმცა არ მგონია, რომ მხოლოდ ამ ვიზიტმა გადაწყვიტა არჩევნების ბედი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ ვიზიტმა ფაშინიანის საგარეო პოლიტიკური ნარატივი გააძლიერა. მან ამომრჩეველს აჩვენა, რომ სომხეთის დასავლეთისკენ გახსნილობა მხოლოდ დეკლარაცია არ არის და მას რეალური პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. ამავდროულად, დასავლეთის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა სომხეთის მოქალაქეებისთვის იყო გზავნილი, რომ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში არ რჩება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც ბოლო წლებში უსაფრთხოების მძიმე კრიზისი გადაიტანა, თუმცა აქ საჭიროა სიფრთხილეც: დასავლური მხარდაჭერა შიდა დემოკრატიული ხარისხის ავტომატურ გარანტიას არ ნიშნავს. ფაშინიანის ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ პროდასავლური კურსი არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკური ლოზუნგი, არამედ გულისხმობს რეალური დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას, კანონის უზენაესობასა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვას.
ვხედავთ, რომ სომხეთი თანდათან შორდება რუსეთის ორბიტას, ეს რისი მანიშნებელია?
– ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების ნიშანი. სომხეთის რუსეთისგან დისტანცირება არ არის ემოციური ან ერთჯერადი პოლიტიკური ჟესტი. ეს არის უსაფრთხოების სისტემის გადაფასების შედეგი. სომხეთმა, პრაქტიკულად, დაინახა, რომ მხოლოდ ერთ ძალაზე მიბმული უსაფრთხოების მოდელი მოწყვლადია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ძალა, ამ შემთხვევაში რუსეთი, თავად არის ჩართული დიდ ომში უკრაინის წინააღმდეგ, დასუსტებულია საერთაშორისო სანქციებით და ვეღარ ასრულებს იმ ფუნქციას, რომელსაც ადრე საკუთარ თავს მიაწერდა რეგიონში. ეს პროცესი მიუთითებს იმაზეც, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის ტრადიციული მექანიზმი თანდათან კარგავს ეფექტიანობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი რეგიონიდან გაქრა. ის ჯერ კიდევ ფლობს მნიშვნელოვან ბერკეტებს – ეკონომიკურს, ენერგეტიკულს, უსაფრთხოების, საინფორმაციოს და დიასპორულს. ამიტომ სომხეთის დისტანცირება რუსეთისგან უნდა შეფასდეს არა როგორც დასრულებული პროცესი, არამედ როგორც რთული, რისკიანი და გრძელვადიანი ტრანსფორმაცია.
ამასწინათ სომხეთმა დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, თქვენი აზრი ამის შესახებ…
– სომხეთის მიერ აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციისკენ. ეს არ ნიშნავს, რომ სომხეთი ხვალ NATO-ს წევრი ხდება ან სრულად ცვლის უსაფრთხოების არქიტექტურას, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ერევანი ცდილობს, აღარ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ ცენტრზე. აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსტიტუციური რეფორმების, თავდაცვის სექტორის მოდერნიზაციის, ეკონომიკური გამძლეობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების და დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით. დიდ ბრიტანეთთან პარტნიორობა კი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს უსაფრთხოების პოლიტიკის, განათლების, საჯარო მმართველობის, სტრატეგიული კომუნიკაციების და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით. ჩემი აზრით, ეს არის სომხეთის მცდელობა, შექმნას ახალი საგარეო პოლიტიკური ბალანსი, თუმცა ეს პროცესი წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორობა არ დარჩება მხოლოდ დოკუმენტების დონეზე და გადაიქცევა პრაქტიკულ თანამშრომლობად ეკონომიკაში, თავდაცვაში, განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებში.
ამავდროულად სომხეთი ევროკავშირთანაც აღრმავებს ურთიერთობას, რა პლუსები და მინუსები ახლავს ამას?
– ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავება სომხეთისთვის შეიძლება იყოს ისტორიული შანსი პოზიტიური შესაძლებლობებია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კანონის უზენაესობის რეფორმები, ეკონომიკური სტანდარტების გაუმჯობესება, სავაჭრო და საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღება, განათლებისა და ახალგაზრდების მობილობის გაფართოება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავიზო ლიბერალიზაციის პერსპექტივა, რაც სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან პრაქტიკული და ყოველდღიური კავშირის გაძლიერებას ნიშნავს, მაგრამ მინუსები და რისკებიც არსებობს. პირველი – ევროკავშირთან დაახლოება მოითხოვს რთულ რეფორმებს, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით ვერ შესრულდება. მეორე – ეს პროცესი აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის წინააღმდეგობას. მესამე -სომხეთის შიდა საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის სრულად კონსენსუსური ამ საკითხზე, რაც პოლიტიკური პოლარიზაციის რისკს ქმნის. ამიტომ ევროკავშირთან დაახლოება სომხეთისთვის არის შესაძლებლობაც და გამოცდაც. შესაძლებლობა – განვითარების, უსაფრთხოებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, ხოლო გამოცდა – პოლიტიკური სიმწიფის, რეფორმების ხარისხისა და სტრატეგიული მოთმინებისთვის.
– რა ბერკეტები რჩება რუსეთს, ამ პროცესს ხელი რომ შეუშალოს?
– რუსეთს ჯერ კიდევ რჩება საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტები. პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულება. სომხეთის ეკონომიკის გარკვეული სექტორები კვლავ დაკავშირებულია რუსულ ბაზართან, ფულად გზავნილებთან, ენერგომომარაგებასთან და ევრაზიულ ეკონომიკურ სივრცესთან. მეორე ბერკეტია უსაფრთხოების სფერო, რუსეთის სამხედრო ყოფნა, ისტორიული უსაფრთხოების კავშირები და რეგიონული კონფლიქტების მართვის შესაძლებლობა. მესამე არის საინფორმაციო და დეზინფორმაციული გავლენა. რუსეთი, როგორც წესი, ცდილობს საზოგადოებაში გააძლიეროს შიში, რომ დასავლეთთან დაახლოება გამოიწვევს ომს, ეკონომიკურ კრიზისს ან ეროვნული იდენტობისთვის საფრთხეს – თუმცა ეს უფრო მითია, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძალიან იაფფასიანი პროპაგანდის ნაწილია, თუმცა მთავარი დღეს ის არის, რომ რუსეთს ბერკეტები ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ მათი პოლიტიკური ლეგიტიმაცია სომხურ საზოგადოებაში მნიშვნელოვნად შესუსტებულია.

რა გავლენას მოახდენს აშშ-ის და ევროკავშირის გაძლიერება სამხრეთ კავკასიური ქვეყნების კეთილდღეობაზე?
– აშშ-ისა და ევროკავშირის გაძლიერებული ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში, სწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება იყოს ძალიან პოზიტიური ფაქტორი. ეს შეიძლება ნიშნავდეს მეტ ინვესტიციას, უკეთეს ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას, განათლების ახალ შესაძლებლობებს, ინსტიტუციურ რეფორმებს და უსაფრთხოების სფეროში მეტ მხარდაჭერას, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ დასავლეთის ჩართულობა ავტომატურად არ ქმნის კეთილდღეობას. კეთილდღეობა იქმნება მაშინ, როდესაც ქვეყნები თავად ახორციელებენ რეფორმებს, ამცირებენ კორუფციას, აძლიერებენ სასამართლოს დამოუკიდებლობას, იცავენ ადამიანის უფლებებს და ქმნიან პროგნოზირებად ეკონომიკურ გარემოს. სამხრეთ კავკასიისთვის დასავლეთთან ურთიერთობის გაძლიერება შეიძლება იქცეს განვითარების შანსად, თუ რეგიონული ქვეყნები მას გამოიყენებენ არა მხოლოდ გეოპოლიტიკური მანევრისთვის, არამედ რეალური სახელმწიფოებრივი მოდერნიზაციისთვის.
საქართველო ამ დიდ გეოპოლიტიკურ ურთიერთდაპირისპირებაში როგორ გამოიყურება?
– სამწუხაროდ, საქართველო დღეს ამ პროცესში ბევრად უფრო რთულ და წინააღმდეგობრივ მდგომარეობაშია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ისტორიულად საქართველო იყო რეგიონის ყველაზე მკაფიოდ პროდასავლური ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, ვიზალიბერალიზაციით და კონსტიტუციაში გაწერილი ევროპული და ევროატლანტიკური კურსით, თუმცა ბოლო წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური სურათი მნიშვნელოვნად დამძიმდა. ერთი მხრივ, საზოგადოებაში ევროპული არჩევანის მხარდაჭერა კვლავ ძალიან მაღალია. მეორე მხრივ, ხელისუფლების ნაბიჯები, რიტორიკა და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუარესება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველო კარგავს იმ სტრატეგიულ უპირატესობას, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა. ეს არის განსაკუთრებით სარისკო მომენტი, რადგან მაშინ, როდესაც სომხეთი ცდილობს დასავლეთთან დაახლოებას, საქართველო არ უნდა აღმოჩნდეს რეგიონში იზოლაციის, უნდობლობისა და სტრატეგიული გაურკვევლობის მდგომარეობაში. საქართველოსთვის მთავარი ამოცანაა, დაუბრუნდეს არა მხოლოდ პროდასავლურ რიტორიკას, არამედ პროდასავლურ პრაქტიკას, დემოკრატიულ რეფორმებს, ინსტიტუტების გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების დაცვას და შეუდგეს პარტნიორებთან ნდობის აღდგენას.
ამასწინათ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებამ საქართველოსთან მიმართებით აზრთა სხაობა გამოიწვია, რეალურად რა თქვა რუბიომ და ამ მხრივ რა დასკვნები უნდა გამოიტანოს ჩვენმა ხელისუფლებამ?
– მარკო რუბიოს განცხადება, ჩემი შეფასებით, იყო დიპლომატიური, მაგრამ ძალიან მკაფიო გზავნილი. მან თქვა, რომ აშშ-ს აქვს მოლოდინი საქართველოსთან ურთიერთობის ტრაექტორიის შეცვლის და რომ ვაშინგტონმა ქართულ მხარეს განუმარტა, რა ნაბიჯებია საჭირო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ეს არ არის უბრალოდ ტექნიკური განცხადება. ეს არის სიგნალი, რომ აშშ საქართველოსთან ურთიერთობას სრულად არ ხურავს, მაგრამ ურთიერთობის გაუმჯობესებას უკავშირებს კონკრეტულ ქცევას, კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებს და დემოკრატიული მიმართულების კორექტირებას. ჩემი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ აქედან უნდა გამოიტანოს სამი ძირითადი დასკვნა: პირველი – დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა ვერ აღდგება მხოლოდ სიტყვიერი განცხადებებით. საჭიროა კონკრეტული პოლიტიკური და სამართლებრივი ნაბიჯები. მეორე – დემოკრატიული უკუსვლა პირდაპირ აზიანებს საქართველოს უსაფრთხოებას. ჩვენს შემთხვევაში დემოკრატია მხოლოდ შიდა პოლიტიკური საკითხი არ არის, ის არის საგარეო პოლიტიკური უსაფრთხოების საფუძველი და მესამე – საქართველოს არ აქვს ფუფუნება, დაკარგოს აშშ-ის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც რეგიონში ძალთა ბალანსი იცვლება და სამხრეთ კავკასია გლობალური კონკურენციის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სივრცე ხდება. ამიტომ ხელისუფლებისთვის სწორი გზა უნდა იყოს არა დაპირისპირება პარტნიორებთან, არამედ ნდობის აღდგენა, რეფორმების განახლება და საქართველოს დასავლური კურსის რეალური, არა მხოლოდ დეკლარაციული, დადასტურება.
დაბოლოს, უდავოა, რომ მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება, ამ მხრივ, რამდენად მოსალოდნელია, რუსეთ-უკრაინის ომმა განსაზღვროს ახალი მსოფლიო წესრიგი?
– რუსეთ-უკრაინის ომი უკვე იქცა ახალი მსოფლიო წესრიგის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ცენტრალურ მოვლენად. ეს ომი არ არის მხოლოდ ორი ქვეყნის სამხედრო დაპირისპირება. ეს არის ბრძოლა იმ პრინციპების გარშემო, რომლებზეც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო სისტემა აშენდა – სახელმწიფო სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების ძალით შეცვლის დაუშვებლობა და საერთაშორისო სამართლის პრიმატი. თუ რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა, ძალის გამოყენებით მიაღწიოს პოლიტიკურ მიზნებს, ეს შექმნის სახიფათო პრეცედენტს არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ამან შეიძლება წაახალისოს სხვა ავტორიტარული ძალებიც, რომ საერთაშორისო წესრიგი ძალისმიერი მეთოდებით შეცვალონ. ამავდროულად, უკრაინის წინააღმდეგობის შედეგად დასავლეთმა ხელახლა გააცნობიერა უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის, ენერგოდამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ერთობის მნიშვნელობა. სამხრეთ კავკასიისთვის ამ ომის შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ უკრაინა შეძლებს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას და ევროპული გზის გაგრძელებას, ეს გააძლიერებს იმ სახელმწიფოებსაც, რომლებიც თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და ევროპულ მომავალს ირჩევენ. თუ პირიქით -­ რუსეთის აგრესია დაუსჯელი დარჩება, ეს გაზრდის საფრთხეებს საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, სომხეთისათვის და მთლიანად აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონისთვის. ამიტომ ახალი მსოფლიო წესრიგი ნამდვილად ყალიბდება, მაგრამ მისი საბოლოო სახე დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი და რამდენად შეძლებს დემოკრატიული სამყარო პრინციპულ, ერთიან და გრძელვადიან მოქმედებას.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • ივნისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *