ელისო ბოლქვაძე: მერაბიკო დოლიძე – ბიჭი, რომელიც ჰოლივუდსაც მოხიბლავს
By

ელისო ბოლქვაძე: მერაბიკო დოლიძე – ბიჭი, რომელიც ჰოლივუდსაც მოხიბლავს

სიმღერა „ფოიერვერკი“ ორი წლის წინ, 18 ნოემბერს დაიწერა. საოცარია, მაგრამ მისი შექმნისთვის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელ მერაბიკო დოლიძეს, სულ რაღაც 40 წუთი დასჭირდა. ნიჭის ზეიმი, ემოცია და დიდი ოცნებები – ეს დაინახა პირველი საავტორო კლიპის პრემიერაზე მისულმა ყველა მსმენელმა. ახალგაზრდა მომღერალმა მერაბიკო დოლიძემ მართლაც ფოიერვერკი მოახდინა თავისი ემოციით, მელოდიითა და განსაკუთრებული ენერგიით. პრემიერას დამსწრე საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა და კლიპს დადებითი შეფასებაც მოჰყვა, განსაკუთრებით, აჭარის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძისგან. მისი თქმით, მერაბიკოს ნიჭი და გარეგნობა ჰოლივუდსაც კი დაამშვენებდა. ,,მერაბიკო დოლიძე – ბიჭი, რომელიც ჰოლივუდსაც მოხიბლავს. ეს შეფასება შემიძლია გავაკეთო. ჩემი მხრიდან ზრუნვას არ დავაკლებ. დანარჩენი, ბედის ამბავია. დარწმუნებული ვარ, ყველა გვერდით დაუდგება. მერაბიკოს წინსვლაში დედას დიდი წვლილი მიუძღვის. გულს ათბობს ასეთი დედაშვილობა. ეს სიმღერა გახდება მისი სავიზიტო ბარათი. წინ ბევრი წარმატება ელოდება“, – თქვა კლიპის პრემიერაზე ელისო ბოლქვაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მერაბიკოს შემოქმედებით გზაზე განსაკუთრებული ადგილი დედას – გურანდა დოლიძეს უჭირავს. თავადაც მუსიკალური სამყაროს ნაწილია – მღერის და კარგად იცის რას ნიშნავს სცენა და ხელოვნება. თუმცა, მერაბიკოს შემთხვევაში ის მხოლოდ დედა არ არის: მისი კლიპის პროდიუსერიცაა და შვილის თითოეულ შემოქმედებით ნაბიჯში აქტიურად მონაწილეობს.
როგორც მერაბიკოს გარემოცვა ამბობს, დედა ძალიან ბევრს აკეთებს მისთვის. მისი ნიჭის სჯეროდა მაშინაც, როცა მერაბიკო ჯერ კიდევ პატარა იყო და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას მხოლოდ იწყებდა. წლების განმავლობაში მის გვერდით დგას, ეხმარება, ამხნევებს, იდეებს უზიარებს, ცდილობს, შვილის შესაძლებლობას განვითარების საშუალება მისცეს.
დღეს, როცა მერაბიკო უკვე საკუთარი სიმღერების ავტორი და შემსრულებელია, დედის მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ ის დგას მისი ახალი კლიპის შექმნის პროცესის უკანაც – ზრუნავს, რომ შვილის სათქმელი მაყურებლამდე ღირსეულად მივიდეს. შეიძლება ითქვას, რომ მერაბიკოს ყოველი წარმატების უკან დედის დიდი შრომა, სიყვარული და უპირობო მხარდაჭერაა.
მერაბიკოს მუსიკალური გემოვნება ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩამოუყალიბდა. ამაში განსაკუთრებული როლი მის დეიდას – თამილა დოლიძეს მიუძღვის, რომელიც პატარაობიდანვე გემოვნებიან და ხარისხიან მუსიკას ასმენინებდა. სწორედ დეიდამ შეუწყო ხელი მის პირველ მუსიკალურ ნაბიჯებსაც. მნიშვნელოვანია ოჯახის სხვა წევრების თანადგომაც – კლიპის ფინანსური მხარე მერაბიკოს დეიდაშვილმა ნატა შაინიძემ, უზრუნველყო. ერთი დიდი საქმის გარშემო მთელი ოჯახია გაერთიანებული და ახალგაზრდა მომღერლის ოცნებებს საკუთარი შესაძლებლობებით ეხმარება. ბათუმში არ მეგულება ადამიანი, ვინც ამ ოჯახის ერთ წევრს მაინც არ იცნობს. სწორედ ეს აღნიშნა კლიპის პრეზენტაციაზე მისულმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძემ. ,,მერაბიკოს ბავშვობიდან ვიცნობ. აღფრთოვანებული ვარ. ეს სიმღერა ბათუმს აუცილებლად გასცდება და დიდ აუდიტორიასაც მოიკრებს. გურანდა საუკეთესო დედაა, დღევანდელი დღე ამის საუკეთესო დასტურია“, – აღნიშნა ქალბატონმა სოფიომ.

კლიპის გადაღება ბათუმის ქუჩებში ორი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღამის ბათუმმა სიმღერას სინათლე, სითბო და განსაკუთრებული ხასიათი შემატა. კლიპში, თითქოს, თავად ქალაქიც მღერის. სიმღერის მთავარი შინაარსი სიყვარულია. თუმცა შემსრულებელი დეტალებზე არ საუბრობს, არც იმ ამბავზე, რომელმაც ეს სიმღერა 40 წუთში დააწერინა.
,,მთელი ცხოვრება მუსიკას მივუძღვენი, სიმღერა 3 წლიდან, დედაჩემის კონცერტებზე დავიწყე. მისი დამსახურებაა, დღეს რაც ვარ და რასაც ვაკეთებ. ეს ჩემი პირველი საავტორო სიმღერის პრემიერაა. ძალიან ბედნიერი ვარ – ყველა ჩემ გვერდითაა და მხარს მიჭერს. სიმღერა 2 წლის წინ დავწერე. კონფიდენციალურია, ვის ან რას მივუძღვენი. რა თქმა უნდა, იყო რაღაც პატარა მიზეზები, მუზა უცებ მოვიდა, სახლში მივედი და გიტარაზე სამი-ოთხი აკორდი ავიღე – ასე შეიქმნა 40 წუთში ჩემი პირველი საავტორო სიმღერა. ვფიქრობ, იგი არამხოლოდ ქართველი მსმენელის გულამდე მივა, ის სხვა ქვეყნის მელომანებსაც გაათბობს.

სამომავლოდ მინდა ბევრი საავტორო სიმღერა შევქმნა. მივყვები დროს, სადამდეც შევძლებ, საკუთარ თავზე ვიმუშავებ. მალე მეორე სიმღერასაც შემოგთავაზებთ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს გვერდში დგომისთვის და იმ გუნდს, ვინც ჩემს კლიპზე იმუშავა“, – გვითხრა მერაბიკო დოლიძემ.

გაგაცნობთ შემოქმედებით ჯგუფს: პროდიუსერი – გურანდა დოლიძე, წარმოება – Storyline Studio, რეჟისორი / დამდგმელი ოპერატორი – ხვიჩა კონცელიძე, მონტაჟი – ჯემალ გაგუა, ფერების კორექცია – ვასილ ოთიურიძე, მთავარ როლში – ლიზი რაზმაძე, გრაფიკული დიზაინი – გიორგი მიქელაძე, სიმღერის არანჟირება ერეკლი დიდიას ეკუთვნის.

ახალგაზრდა ავტორ-შემსრულებლისთვის „ფოიერვერკი“ მხოლოდ დასაწყისია, იმედია, მისი შემოქმედებიდან კიდევ არაერთი სიმღერა დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს მსმენელის გულში. ვუსურვებთ „ფოიერვერკს“ დიდ წარმატებას, უამრავ მსმენელსა და მილიონობით ნახვას.

ხატია იაშვილი

  • No Comments
  • სექტემბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *