სალომე ჯიჯავაძე: მნიშვნელოვანია, თეატრმა გაბედოს სიახლეები, ექსპერიმენტები და უფრო ახლო ურთიერთობა მაყურებელთან
დღევანდელ რეალობაში, როცა ახალგაზრდების ყურადღების შენარჩუნება სულ უფრო რთულდება, თეატრის წინაშე უფრო მძაფრად დგას ამოცანა – იყოს არა მხოლოდ გასართობი სივრცე, არამედ ადგილი, სადაც მაყურებელი ფიქრობს, განიცდის, საკუთარ თავს კითხვებს უსვამს. სწორედ ასეთი ხედვისაა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორი სალომე ჯიჯავაძე, რომელიც რამდენიმე თვეა, ამ თანამდებობას იკავებს.
რა გეგმები აქვს, როგორ ხედავს მოზარდ მაყურებელთან ურთიერთობას და რატომ მიაჩნია, რომ თეატრს რთული კითხვების დასმის არ უნდა შეეშინდეს? – სალომე ჯიჯავაძე ამის შესახებ გაზეთ „აჭარასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
– ქალბატონო სალომე, როგორ გაიარეთ თეატრში ადაპტაციის პროცესი და რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პერიოდში?
– განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადაპტაციის, ამ თეატრის სტილთან და სპეციფიკასთან შეგუების პროცესია. თეატრს თავისი განსაკუთრებული ესთეტიკა, ფორმა აქვს და შესაბამისი აუდიტორია ჰყავს, რაც განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. ამ პერიოდში ვცდილობდი, მაქსიმალურად გამეცნო თეატრის შიდა სამყარო, მისი ტრადიციები და ის შემოქმედებითი მიმართულებები, რომლებსაც თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი მოიცავს. მთავარი იყო ამ გარემოსთან ორგანულად შერწყმა და იმ ღირებულებების გაზიარება, რომლებიც თეატრს წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა, ამ პროცესების შემდეგ კი სიახლეებზე ვიზრუნებ.
– რას ნიშნავს თქვენთვის ამ თეატრის ხელმძღვანელობა?
– ნებისმიერი ხელმძღვანელი ვალდებულია, იყოს სამართლიანი, პრინციპული და მკაფიო საკუთარ გადაწყვეტილებებში. არასოდეს მიფიქრია, რომ ერთ დღეს სწორედ ამ პოზიციაზე აღმოვჩნდებოდი. წლების განმავლობაში ინტერესით ვაკვირდებოდი ამ თეატრის განვითარებას და კარგად მესმოდა მისი მნიშვნელობა როგორც კულტურული სივრცის, ისე მომავალი თაობების ფორმირების კუთხით. ერთია იყო რეჟისორი და მეორე – მართო თეატრი. თეატრის ხელმძღვანელობა მხოლოდ შემოქმედებით პროცესს არ გულისხმობს. ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანებზე, გუნდზე, დისციპლინასა და იმ გზაზე, რომელსაც თეატრი გადის. ამ პოზიციაზე აუცილებელია სიმტკიცე, გადაწყვეტილებების მიღების უნარი და მკაფიო ხედვა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პირი ამ სივრცეში თანაბრად დაფასებული იყოს, ხოლო თეატრს ჰქონდეს სტაბილური და ღირსეული განვითარების შესაძლებლობა. ეს გზა სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა არც გამოწვევების მეშინია და ზუსტად ვიცი, რა პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე.
– რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ პრიორიტეტად – რეპერტუარის განახლებას, ახალი მაყურებლის მოზიდვას, ახალგაზრდებთან მუშაობას თუ სხვა მიმართულებას?
– თოჯინური ხაზი მუშაობს ძალიან კარგად, ჰყავს ერთგული მაყურებელი, რომელიც ძალიან დასაფასებელია, თუმცა მოზარდების მხრივ ვაწყდებით ძალიან რთულ სიტუაციას. როგორც ჩემთვის ცნობილია, უკვე წლებია, თეატრი დგას ამ პრობლემის წინაშე. ჩემი აზრით – ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რაც არამხოლოდ თეატრის და რეპერტუარის ბრალია. თეატრს ნამდვილად აქვს ძალიან კარგი, მოზარდებზე გათვლილი პროდუქტი, თუმცა მაყურებელი მაინც ვერ მიიზიდა. სახელი – თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრი ახლანდელ მოზარდებს ალბათ, ცოტა არ იყოს, მოსვლის სურვილს უკარგავს. ასევე, დიდი პრობლემაა ისიც, რომ ჩვენი მაყურებელი შეჩვეულია უფრო „გასართობ“ სპექტაკლებს. თეატრში არის ტენდენცია, აგიხსნან, რომ არ მოვა მაყურებელი რთულ და დამაფიქრებელ სპექტაკლებზე. ვფიქრობ, არ გვაქვს უფლება, მაყურებელს მხოლოდ გასართობი რეპერტუარი შევთავაზოთ. თეატრი უნდა ზრდიდეს მაყურებელს, მაყურებელიც უნდა იზრდებოდეს თეატრთან ერთად. აქ ვაწყდებით უკვე სხვა დიდ
პრობლემებს. რატომ არ უნდათ ბავშვებს და მშობლებს რთულ საკითხებზე ფიქრი? რატომ არის განათლების პრობლემა?
რაზე მეტყველებს ეს? ნუთუ მხოლოდ თეატრის ბრალია, რომ ბავშვებს არ სურთ მოსმენა და გაანალიზება ბევრად დიდი და საინტერესო თემების, ვიდრე ცეკვა და სიმღერაა. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მხოლოდ თეატრის რეპერტუარი არ არის პრობლემა! არის ტენდენცია, რომ მაყურებელს სულ ის უნდა მივაწოდოთ, რაც მოსწონს, მაგრამ თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ მაყურებელი გავზარდოთ თეატრთან ერთად, მაშინ უნდა მივაწოდოთ სხვადასხვა ტიპის სპექტაკლი, რაც შეიძლება ხან მოეწონოთ, ხან – არა. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ რეპერტუარში აუცილებლად გვექნება „დამაფიქრებელი“ სპექტაკლები, აუცილებლად დაისმება რთული კითხვები, რათა დროთა განმავლობაში მათ თავად მოზარდებმა უპასუხონ.

– თანამედროვე მოზარდის დაინტერესება თეატრით სულ უფრო რთული ხდება. თქვენი ხედვით, რა შეიძლება გახდეს ის „ენა“ და ფორმა, რომლითაც თეატრი დღევანდელ თაობასთან უფრო ახლოს მივა?
– დღეს მოზარდის დაინტერესება ნამდვილად რთული პროცესია. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც ყველაფერი ხელმისაწვდომია და ხშირად მათ შეკითხვებს პასუხებს უკვე ტექნოლოგია და ხელოვნური ინტელექტიც კი სცემს. სწორედ ამიტომ, თეატრს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. ვფიქრობ, პირველ რიგში, მოზარდს სჭირდება გულწრფელი და აქტუალური ამბები თანამედროვე თემებზე და სივრცე, სადაც საკუთარ კითხვებზე პასუხებს მიიღებს. დღევანდელ ახალგაზრდასთან აუცილებელია თანამედროვე ენით საუბარი, მისი ინტერესებისა და რეალობის გაგება. თუ გვინდა, რომ მოზარდი თეატრში მოვიდეს, თეატრმა უნდა შეძლოს მასთან რეალური დიალოგის დაწყება ისეთი ფორმით, რომელიც მისთვის ახლო, საინტერესო და დამაფიქრებელია.
– რა სიახლეებს გეგმავთ ახალ სეზონზე? იქნება თუ არა ახალი ფორმატის სპექტაკლები, პროექტები ან ექსპერიმენტები?
– ახალ სეზონზე მაყურებელს არაერთ სიახლეს შევთავაზებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს სეზონი თეატრისთვის საიუბილეო იქნება. დაგეგმილია სივრცეების განახლება და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. აუცილებლად გადავალთ ახალ განრიგზე: უცვლელი დარჩება თოჯინური სპექტაკლები 13:00 საათზე, ხოლო კვირის დღეებში 18:00 საათზე წარმოდგენები უკვე მოზარდებზე იქნება გათვლილი. ასევე, იგეგმება საერთაშორისო პროექტები და თანამშრომლობები, რაც თეატრის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სეზონს კი გავხსნით დიდი მუსიკალური წარმოდგენით – მასშტაბური და სანახაობრივი მიუზიკლით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს. დანარჩენს ჯერჯერობით არ გაგიმხელთ, ეტაპობრივად გაგაცნობთ ინფორმაციას.
– როგორ წარმოგიდგენიათ თეატრი, სადაც ბავშვებიც, მოზარდებიც და მშობლებიც თანაბარი ინტერესით მიდიან? რა გარემოს შექმნა გსურთ მაყურებლისთვის?
– ჩემთვის იდეალური თეატრი არის სივრცე, სადაც ასაკს მნიშვნელობა აღარ აქვს, სადაც ბავშვიც, მოზარდიც და მშობელიც ერთნაირი ინტერესით შემოდის და თითოეული საკუთარ სათქმელს პოულობს. მინდა, თეატრი იყოს ცოცხალი, თანამედროვე და გულწრფელობის სივრცე, სადაც მაყურებელი მხოლოდ სანახაობის საყურებლად არ მოდის, არამედ ემოციის, ფიქრისა და დიალოგისთვის. მნიშვნელოვანია, რომ თეატრში მოსვლა ადამიანისთვის ჩვეულებრივ კულტურულ ჩვევად იქცეს და არა ერთჯერად მოვლენად. თეატრმა უნდა შექმნას გარემო, სადაც ბავშვს ექნება თავისუფლად ფიქრის შესაძლებლობა, მოზარდი საკუთარ კითხვებზე პასუხების ძიებას დაიწყებს, ხოლო მშობელი დაინახავს, რომ სცენაზე მიმდინარე ამბავი მხოლოდ გართობა არ არის. მაყურებელმა თეატრიდან რაღაც თან უნდა წაიღოს – ემოცია, კითხვა, აზრი ან განცდა.
– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ახალგაზრდა მსახიობების, რეჟისორებისა და შემოქმედებითი ჯგუფების მხარდაჭერა? გეგმავთ თუ არა ახალ თანამშრომლობებსა და ახალი სახეების აღმოჩენას?
– თეატრს ნამდვილად სჭირდება ახალგაზრდა ენერგია და ახალი ხედვა, რაც მისი სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ და დავამკვიდროთ თეატრში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წელს იხსნება მიზნობრივი ჯგუფი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი უნივერსიტეტს. სტუდენტებს ვპირდებით, რომ ჩვენი თეატრის კარი მათთვის ყოველთვის ღია იქნება როგორც შემოქმედებითი განვითარების, ისე პროფესიული გამოცდილების მისაღებად. ასევე, აუცილებლად მოვიწვევთ ახალგაზრდა რეჟისორებს, მუსიკოსებს, მხატვრებსა და დრამატურგებს. ძალიან მნიშვნელოვანია, თეატრი გახდეს სივრცე, სადაც ნიჭიერ ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შანსი ექნებათ. იმედი მაქვს, რომ სწორედ აქ ბევრ საინტერესო და ახალ შემოქმედს აღმოვაჩენთ. მინდა, თეატრი იყოს ადგილი, სადაც ახალგაზრდა შემოქმედები თავს თავისუფლად იგრძნობენ, ექსპერიმენტის შესაძლებლობა ექნებათ და საკუთარ სათქმელს თამამად იტყვიან.
– როგორ ფიქრობთ, რა აკლია დღეს ქართულ საბავშვო და მოზარდ მაყურებელთა თეატრს ყველაზე მეტად?
– თანამედროვე ხედვა და მოზარდთან პირდაპირი დიალოგი. დღეს ახალგაზრდას სჭირდება თეატრი, რომელიც მის ენაზე ესაუბრება, ეხება მის რეალურ პრობლემებს და არ ერიდება რთული თემების წამოწევას.
– არის თუ არა სპექტაკლი ან თემატიკა, რომლის დადგმაც განსაკუთრებით გსურთ სწორედ ამ თეატრში?
– განსაკუთრებით მაინტერესებს მოზარდების შინაგანი სამყაროს, მარტოობის, იდენტობისა და თანამედროვე რეალობის თემები. მინდა, თეატრში გაჩნდეს სპექტაკლები, სადაც ახალგაზრდა მაყურებელი საკუთარ თავს დაინახავს და დაფიქრდება.

– რა არის თქვენთვის კარგი თეატრის მთავარი საზომი – სავსე დარბაზი, მაყურებლის ემოცია, პროფესიული შეფასება თუ სხვა რამ?
– კარგი თეატრის მთავარი საზომი მხოლოდ სავსე დარბაზი არ არის. რა თქმა უნდა, მაყურებლის ინტერესი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რას ტოვებს სპექტაკლი ადამიანში. თუ მაყურებელი თეატრიდან ემოციით, ფიქრით ან კითხვებით გამოდის, ეს უკვე ნიშნავს, რომ თეატრმა თავისი საქმე გააკეთა. ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორც მაყურებლის რეაქცია, ისე პროფესიული შეფასებაც, თუმცა ყველაზე მეტად ვაფასებ იმას, რომ სპექტაკლი ადამიანთან ნამდვილ დიალოგში შედის.
– პირველ რიგში, რა გსურთ, იგრძნოს მაყურებელმა, როცა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან გამოვა?
– იგრძნოს, რომ დრო უბრალოდ არ გაუტარებია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სპექტაკლმა მასში ემოცია, ფიქრი ან კითხვა დატოვოს. მინდა, ბავშვმა წაიღოს შთაბეჭდილება და ფანტაზია, მოზარდმა საკუთარი თავის ამოცნობის განცდა, ხოლო დიდმა მაყურებელმა რაღაცაზე დაფიქრების სურვილი. ჩემთვის თეატრი მაშინ არის ცოცხალი, როცა სცენაზე ნანახი სპექტაკლის დასრულების შემდეგაც აგრძელებს ადამიანში არსებობას.
– ბათუმს საკმაოდ მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრება აქვს, როგორ უნდა მოახერხოს, თქვენი აზრით, თეატრმა, რომ ამ სივრცეში კიდევ უფრო გამოკვეთილი და მიმზიდველი გახდეს?
– ბათუმს მართლაც მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრება აქვს და სწორედ ამიტომ თეატრს მუდმივი განვითარება და განახლება სჭირდება. დღეს მაყურებლის ყურადღებას მხოლოდ ტრადიციული ფორმებით ვეღარ მიიპყრობ. საჭიროა თანამედროვე ხედვა, აქტუალური თემები და ცოცხალი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. მნიშვნელოვანია, თეატრმა საკუთარი სახე და ხასიათი შეინარჩუნოს, მაგრამ ამავდროულად გაბედოს სიახლეები, ექსპერიმენტები და უფრო ახლო ურთიერთობა მაყურებელთან.
– თუ ერთი სიტყვით ან ერთი იდეით დაახასიათებდით თეატრის მომავალ სეზონს, როგორი იქნება ის?
– ვფიქრობ, მომავალი სეზონის მთავარი სიტყვა იქნება – „განახლება“. ეს იქნება ახალი ენერგიის, ახალი იდეების, თანამედროვე ხედვისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების სეზონი. გვინდა, თეატრი გახდეს უფრო ცოცხალი, გაბედული და ახლოს მდგომი როგორც ბავშვთან, ისე მოზარდ და დიდ მაყურებელთან.
– რა არის ის მინიმუმი, რომლის გაკეთებაც აუცილებლად გსურთ ამ თეატრში თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში და რასთან გსურთ ასოცირდებოდეს რამდენიმე წლის შემდეგ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი?
– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ამ თეატრს შევძინოთ ახალი ენერგია, თანამედროვე ხედვა და ისეთი რეპერტუარი, რომელიც მაყურებელთან რეალურ დიალოგში შევა. მინდა, თეატრი გახდეს სივრცე, სადაც ბავშვიც, მოზარდიც და დიდიც ინტერესით მოვა და იგრძნობს, რომ აქ მისთვის მნიშვნელოვანი ამბები ითქმება. მსურს, რამდენიმე წლის შემდეგ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი ასოცირდებოდეს ხარისხთან, გაბედულ იდეებთან, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერასთან და თეატრთან, რომელიც მაყურებელს არა მხოლოდ ართობს, არამედ დააფიქრებს კიდეც. ასევე, ვისურვებდი, რომ ჩემი სახელი ამ თეატრში კარგ რეპერტუართან, საინტერესო და ხარისხიან პროექტებთან და მნიშვნელოვან შემოქმედებით პროცესებთან იყოს დაკავშირებული.
ნანა აბულაძე