ოპოზიცია – უნგრეთში განვითარებულ პროცესებზე
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უნგრეთში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებენ და პარალელებს ავლებენ საქართველოსთან, საუბრობენ როგორც სტრატეგიულ შეცდომებზე, ისე სამომავლო ხედვებზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, უნგრეთის მაგალითი ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია ამომრჩეველთან და ეროვნული თემების სწორად წარმოჩენა: „პეტერ მადიარმა გააკეთა ის, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე ვერ შევძელით – უნგრელ ხალხს დაანახა, რომ სინამდვილეში ის კი არ იყო ანტიქრისტე და ურწმუნო, ტრადიციულ ღირებულებებთან მებრძოლი, არამედ, პირიქით, ორბანი. ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ საკმარისად არ ვაკეთებთ. ეს ეროვნული თემები თითქოს მიიტაცა „რუსულმა ოცნებამ“, რაც წარმოუდგენელია“.
ბოკუჩავა ასევე, მიუთითებს ოპოზიციის პრობლემაზეც: „შეიძლება ერთობლივი მესიჯის პრობლემაც არის, რომ ჩვენ არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ და ვაჩვენოთ მოქალაქეებს, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები“.
პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ყურადღებას ამახვილებს საარჩევნო სტრატეგიაზე და ამომრჩევლის ინტერესებზე: „უბრალო უმრავლესობით ავტოკრატიაში არჩევნებს ვერ იგებ. საჭიროა არა რამდენიმეპროცენტიანი უპირატესობა, არამედ ბევრად უფრო დიდი მხარდაჭერა, რათა ეს შედეგი დაცული იყოს“.
მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა ისაუბროს იმ თემებზე, რაც ადამიანებს რეალურად აწუხებთ.
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ წარსულში მნიშვნელოვანი შანსები გაუშვა. „ის მომენტი, რომელიც შემოდგომაზე იყო შექმნილი, ხელიდან არ უნდა გაგვეშვა. ადგილობრივი არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება, მაგრამ ძალიან დიდი ბზარი გაუჩნდებოდა რეჟიმს“.
მისივე თქმით, მთავარი პრობლემა იყო არჩევნების მიმართ ნიჰილიზმის გაჩენა. „ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს ძახილი, რომ არჩევნებით არაფერი შეიცვლება – ეს არის ბიძინა ივანიშვილის საყვარელი სლოგანი“, – აღნიშნა გეგელიამ. მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ მადიარი შევიდა ბრძოლაში, რომელიც უთანასწორო იყო და მაინც შეძლო შედეგის მიღწევა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე კი ხაზს უსვამს არჩევნების გადამწყვეტ როლს: „მიუხედავად არათანაბარი პირობებისა და ავტოკრატიული გარემოსი, არჩევნები მაინც არის ერთადერთი და ყველაზე სწორი გზა ხელისუფლების შესაცვლელად. მცირე უპირატესობა არ არის საკმარისი, საჭიროა საგრძნობი უპირატესობა, რათა ვერ მოხდეს შედეგების მანიპულაცია“.
ამასთან, შარაშიძე აღნიშნავს, რომ ცვლილებების მიღწევა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოითხოვს მეტ მუშაობას, მეტ დროს და მეტ რესურსს.
ოპოზიციური ლიდერები თანხმდებიან, რომ უნგრეთის გამოცდილება მნიშვნელოვანი გაკვეთილია, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს რეალობა განსხვავებულია და წარმატებისთვის აუცილებელია როგორც ერთიანი სტრატეგია, ისე, ამომრჩევლის ფართო მხარდაჭერა.