„ნუთუ, ეს ყველაფერი მე გადამხდა?!“
By

„ნუთუ, ეს ყველაფერი მე გადამხდა?!“

ასე ეწოდება მემუარული ჟანრის ახალგამოსულ წიგნს, რომლის ავტორია ბათუმელი იაგო წულაძე – სახელმწიფო უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ის 2005 წლიდან, თადარიგში გასვლის შემდეგ, ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. იაგო წულაძის ავტორობით გამოცემულია სამი სახელმძღვანელო და ორი ისტორიული ნაშრომი, ეს ახალი ნაშრომი კი, როგორც აღვნიშნეთ, მემუარული ჟანრისაა და არა მარტო შინაარსით, არამედ ფორმითაც იპყრობს ყურადღებას. ვეთანხმებით წიგნის რედაქტორ ზურაბ ფირცხალაიშვილს, რომ ამგვარ ლიტერატურას იშვიათად შეხვდებით წიგნის მაღაზიის თაროზე. გულწრფელია წიგნის ავტორი, ბატონი იაგო, როცა აცხადებს, ამ წიგნის დაწერის გადაწყვეტილება უცებ არ მიმიღიაო. მოსაგონარი და გასაანალიზებელი კი მრავლად ჰქონდა, მან ხომ სამ ათეულ წელზე მეტი სუს-ში იმუშავა, რა არ ნახა და განიცადა, კარგიც და ცუდიც, ეს ერთი კაცის ამბავი კი არ არის, ეს ქვეყნის ისტორიის ცალკეული მნიშვნელოვანი მომენტების გახსენებაა, დიახ, როგორც იტყვიან, ვიგონებთ და ვსწავლობთ წარსულს მომავლისათვის. ჰოდა, რა გასაკვირია, კაცს, რომელიც 1971 წლიდან 2005 წლამდე სუს-ში მსახურობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე, მოსაგონარი და სათქმელი ბევრი რომ  ჰქონდეს. წიგნის ფურცლებიდან ჩვენ თვალწინ მრავალი საინტერესო ამბავი ცოცხლდება და განვლილ წლებსა და მოვლენებში უფრო ღრმად გვახედებს.
თხრობის ფორმად კი ირჩევს ინტერვიუებს ჟურნალისტთან… წიგნის წაკითხვის შემდეგ უთუოდ გაიზიარებთ ავტორის ამ შეხედულებას : „წინამდებარე წიგნში, რომელსაც მშობლების ნათელ ხსოვნას ვუძღვნი, უშიშროების ორგანოს არაერთ შუქ-ჩრდილს შეხვდებით; აქ არცერთი ფაქტობრივი მასალა არ არის შელამაზებული, მხოლოდ ზოგიერთი პიროვნების სახელი და გვარია შეცვლილი; სხვაგვარად არც შეიძლებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს წიგნი მხოლოდ თავშესაქცევი ამბების გადმოცემის კრებული არ არის. მეოცე საუკუნის დასასრულის, (და, სამწუხაროდ, არა მხოლოდ) დღევანდელი სახეშეცვლილი ქართული ქრონიკის გაგრძელებაა“. მართლაც!

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • სექტემბერი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *