მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, რვა თვეში სააგენტოში 1 758 განაცხადი შევიდა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით,
მიმდინარე წლის რვა თვეში სააგენტოში 1 758 განაცხადი შევიდა. შემოსული ზარების რაოდენობამ 5 367 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 110%-ით არის გაზრდილი.
როგორც გამოქვენებულ ანგარიშშია ნათქვამი, GCCA-ს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 227 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 516 საქმეზე. GCCA-ს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 114 მოვაჭრეს 268 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში, 289 663 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 151 საქმეზე 134 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
უწყების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 69% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 31% – ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი, 81% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები: აჭარა – 6%, იმერეთი – 3%, ქვემო ქართლი – 2%, კახეთი – 2%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2% და სხვ.
მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 707 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე – 393, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე – 431, ხოლო სხვა დანარჩენზე – 227. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 67%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება – 11%, ხელოვნება, გართობა და დასვენება – 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობები – 19%.