„მგონია, რომ თავად ნამუშევრები ქმნიან კავშირს ადამიანებთან…“
ნენსი ვოლანდი – ფსევდონიმი, რომლის უკანაც თანამედროვე ქართული ილუსტრაციების ერთ-ერთი ოსტატი, გამორჩეული მხატვარი ქრისტინა ბოტკოველია. წლებია საკუთარი ფერებით, ემოციებითა და ისტორიებით ადამიანებთან უხილავ, მაგრამ ძლიერ კავშირს ქმნის. ის ხატავს ყველაფერზე, რაზეც შთაგონება კარნახობს: კედლებზე, ქსოვილზე, ნაძვის ხის სათამაშოებზე, ქვებზე და შემოდგომის ფოთლებზეც კი. მისი შემოქმედება საქართველოს საზღვრებს გასცდა და ნამუშევრებს სხვადასხვა ქვეყნიდანაც იწერენ. ნენსის მხატვრობაში ხშირად სოციალური თემები, ადამიანური ისტორიები და იმედები იკვეთება, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი არ უნდა დაიკარგოს. ჩვენთან ინტერვიუში ნენსი ვოლანდი გვიყვება თავისი ფსევდონიმის ისტორიას, ასევე, შემოქმედებით გზაზე, გამოფენებზე, ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებასა და იმ გეგმებზე, რომლებითაც მომავალში ხელოვნების ახალ ფორმებსა და სივრცეებს დაიპყრობს.
– ფსევდონიმით დავიწყოთ. . . რატომ ნენსი ვოლანდი?
– სიმართლე გითხრათ, არ მქონდა მიზნად სახელისა და გვარის შეცვლა, ისედაც საკმაოდ ლამაზად მჟღერი სახელი და გვარი მაქვს. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ვოლანდი ჩემი საყვარელი პერსონაჟია ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტადან“, ნენსი კი ჩემი საყვარელი ჯგუფის, Placebo-ს ერთ-ერთი სიმღერის სათაურიდან მოდის. ასე შეიკრა ეს ორი ნაწილი და დარჩა კიდეც.
– შემოქმედებამ თქვენი ცხოვრება შეცვალა. . .
– შემოქმედება მუდმივად ცვლის ჩემს ცხოვრებას. თუმცა ყველაზე მეტად ის ნამუშევრები დამამახსოვრდა, რომლებიც სოციალურ თემებს ეხებოდა და მილიონობით ადამიანამდე მივიდა. ასეთ დროს განსაკუთრებით კარგად გრძნობ, რამდენად დიდი ძალა შეიძლება ჰქონდეს ნახატს.

– ნენსი ვოლანდი რომ არ ყოფილიყო, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება?
– ალბათ მაინც შემოქმედებით სფეროში ვიქნებოდი, რადგან ხელოვნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. უბრალოდ, შესაძლოა, სხვა გზით გამომეხატა საკუთარი თავი.
– ფოთლებზე, ქვებზე, ქსოვილზე, კედლებზე და სხვადასხვა ნივთზე ხატავთ. . . რა არის მათში ისეთი, რასაც ტილოზე ვერ შეძლებთ?
– მომწონს როცა ხელოვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის. როდესაც ნამუშევარი რაღაც კონკრეტულ ნივთზეა, ის ადამიანთან უფრო ახლოს ცხოვრობს. განსაკუთრებით ბუნებასთან შეხება მიყვარს, მაგალითად, შემოდგომის ფოთლებზე ხატვა. ფოთლებმა უკვე დაასრულეს თავიანთი სიცოცხლის ციკლი, მაგრამ ხელოვნების საშუალებით მათ ახალ სიცოცხლესა და ახალ ისტორიას ვაძლევ. ეს განცდა კი ტილოსგან სრულიად განსხვავებულია.

– ყველაზე უცნაური ზედაპირი რომელზეც დაგიხატავთ?
– ალბათ, შემოდგომის ჭადრის ფოთოლი. სწორედ ამ ფორმატმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩემს შემოქმედებაში. ისე, ზოგადად, სულ უცნაურ ნივთებზე ვხატავ.
– ფერებს რომ ემოციები ჰქონდეთ, რომელი ფერი ისაუბრებდა თქვენზე?
– ალბათ ლურჯი და იასამნისფერი. ეს ფერები მამშვიდებს. ზოგადად, არ ვარ მშვიდი ადამიანი და სწორედ ხატვისას ვმშვიდდები. ჩემი საყვარელი ფერი წითელია, მაგრამ ნამუშევრებში საერთოდ არ ვიყენებ.
– ყოფილა ნამუშევარი, რომლის დასრულების შემდეგ სხვანაირად დაგინახავთ საკუთარი თავი?
– ვფიქრობ, ყოველი ნამუშევარი რაღაცას ცვლის ჩემში, მაგრამ განსაკუთრებით ის ილუსტრაციები, რომლებიც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მოვლენებს და ადამიანების ისტორიებს ეხება.
– ფეისბუქგვერდზე 100 ათასზე მეტი გამომწერი გყავთ. როგორ ფიქრობთ, სოციალური მედიის გარეშე ნენსი ვოლანდი დღეს იმავე მასშტაბით იქნებოდა ცნობილი?
– სოციალურმა მედიამ, რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა, რადგან ჩემი ნამუშევრები ძალიან ბევრ ადამიანამდე მიიტანა, თუმცა, მგონია, რომ საბოლოოდ მაინც თავად ნამუშევრები ქმნის კავშირს ადამიანებთან.

– საბავშვო სტუდიაში ხატვას ასწავლიდით, თავად ბავშვებისგან თუ გისწავლიათ რამე?
– ცხოვრების განმავლობაში ყველაზე მეტი რამ ბავშვებისგან ვისწავლე – სპონტანურობა, უშიშრობა და გულწრფელობა. ბავშვებისგან ყველაზე მეტად გულწრფელობას ვსწავლობ. მათთან ურთიერთობა ჩემს საყვარელ წიგნ „პატარა პრინცს“ მახსენებს, ასევე, სამყაროს მიმართ იმ სუფთა ინტერესს და უნარს, მნიშვნელოვანი დეტალები დაინახო, რასაც ასაკთან ერთად ხშირად ვკარგავთ.
– როგორ ფიქრობთ, ხატვის სწავლება ხელოვნებაა?
– ნამდვილად… ტექნიკის სწავლება შესაძლებელია, მაგრამ იმის დანახვა, თუ როგორ უნდა დაეხმარო ადამიანს საკუთარი შემოქმედებითი ხმის პოვნაში, უკვე სხვა უნარია.
– როგორ გასცდა თქვენი შემოქმედება საქართველოს საზღვრებს?
– ძირითადად, ინტერნეტის მეშვეობით. სოციალური ქსელები დღეს ხელოვანს საშუალებას აძლევს, მისი ნამუშევრები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაანახონ ადამიანებს.

– როგორ იბადება თქვენი იდეები?
– სხვადასხვა წყაროდან – მუსიკიდან, ყოველდღიური მოვლენებიდან, ადამიანების ისტორიებიდან და იმ ემოციებიდან, რომლებიც კონკრეტულ მომენტში მაწუხებს ან მაბედნიერებს.
– რა ემოცია დევს ყველაზე ხშირად თქვენს ნამუშევრებში?
– ალბათ, იმედი. ძირითადად, როცა ვხატავ, არ ვარ კარგ ხასიათზე და იმ ნახატებში ვპოულობ იმედს. ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი მინდა, რომ ჩემს ნამუშევრებში სინათლე და იმედის განცდა დარჩეს.
– გქონიათ ნამუშევარი, რომლის გაყიდვაც განსაკუთრებით გაგიჭირდათ?
– დიახ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნამუშევართან ძალიან პირადი ისტორია ან ემოცია მაკავშირებს. ეს ალბათ ჩემი პირველი ნახატი იყო, ყველაზე მეტად მასთან განშორება გამიჭირდა. მაგრამ ვხვდებოდი, თუ ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი, სხვა სფეროში მომიწევდა მოღვაწეობა.

– გამოფენებზე გვიამბეთ. . .
– პირველი პერსონალური გამოფენა 2014 წელს მქონდა. მაშინ უამრავი ადამიანი მოვიდა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გამოცდილება იყო. მეორე გამოფენა კი 9 წლის შემდეგ, სრულიად განსხვავებული ფორმით გაიმართა. ამჯერად, ჩემი ნახატები ციფრულად გავაცოცხლე – დამთვალიერებლებს შეეძლოთ ენახათ, როგორ ვხედავ ჩემს ნამუშევრებს გონებაში: მოძრავს, მოციმციმეს, ცოცხალს. ეს იყო შესაძლებლობა, ადამიანებს არა მხოლოდ თავად ნახატი, არამედ მისი სამყარო და ემოცია დაენახათ. დარბაზში ბნელოდა და როცა ხალხში დავდიოდი, ვერ მცნობდნენ, სანამ არ დაველაპარაკებოდი. იმის შესაძლებლობაც მქონდა, მომესმინა, რა ემოციები აქვთ, როცა ჩემს ნახატებს უყურებენ. ეს შეგრძნებები სულ მემახსოვრება.
– რა გეგმები გაქვთ?
– ყველაზე ახლო გეგმაა ახალ პლატფორმაზე, იუთუბზე გადასვლა, სადაც საშუალება მექნება, უფრო დეტალურად გავაცნო ადამიანებს მუშაობის პროცესი, რაზეც ბევრმა მითხრა, რომ სასიამოვნო საყურებელია. მინდა გავაგრძელო ხატვა, ახალი იდეების განხორციელება, ექსპერიმენტები სხვადასხვა ფორმატში და ისეთი ნამუშევრების შექმნა, რომლებიც ადამიანებთან ემოციურ კავშირს დაამყარებს. თუ შევძლებ, სამხატვრო სტუდიის გახსნაც მინდა ისევ, თუ გამიმართლებს.
მარიამ ხითარიშვილი