მარიამ ქვრივიშვილი სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველო-სერბეთის ეკონომიკურ კავშირებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების საკითხს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გაზრდას. მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის დელეგაციას საქართველოს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო გააცნო. ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას აღინიშნა, რომ სერბეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა მზარდია და პირდაპირი ავიამიმოსვლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურისტული ნაკადების სტიმულირებასა და ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების გაძლიერებაში“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა. მისი თქმით, დღეს უკვე აქტიურ ფაზაშია მშენებლობა ანაკლიის პორტში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე ხორციელდება დაღრმავებისა და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ხოლო პირველ გემს პორტი 2029 წელს მიიღებს.
„ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ 2029 წელს მივიღოთ პირველი გემი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად განვაგრძოთ ჩვენი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, იქნება ეს საპორტო, სარკინიგზო თუ საგზაო ინფრასტრუქტურა, რათა საქართველომ მისი პარტნიორი ქვეყნებისთვის უზრუნველყოს იმ ინფრასტრუქტურის და სერვისის მიწოდება, რომელიც გულისხმობს მიწოდების ჯაჭვში მნიშვნელოვან რგოლს, დამაკავშირებელ მთავარ ფუნქციას აზიასა და ევროპას შორის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად. „მინდა გამოვყო ჩვენი ინიციატივის მნიშვნელობა უშუალოდ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის კუთხით. საქართველოს რკინიგზაში მომდევნო წლების განმავლობაში მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოს რკინიგზის ტვირთნაკადის გამტარობა. ეს იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.