იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ კანონპროექტთან ერთად და მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონპროექტის თანახმად, მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს უფლება ექნება, შეთავსებით შეასრულოს შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ან მისი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, აგრეთვე შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება.
ამასთანავე, მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს შესაძლებელია დაეკისროს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია. შესაბამისი ცვლილება შედის ასევე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, შეთავსებით საქმიანობა არაანაზღაურებადი იქნება.