27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა
27 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. თარიღი ქართველი პედაგოგის, პუბლიცისტისა და საბავშვო მწერლის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება.
მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს დადგენილებით დაწესდა. მისი მიზანია მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენა, პედაგოგთა ღვაწლის დაფასება და განათლების სისტემის განვითარებაში მათი განსაკუთრებული როლის ხაზგასმა.
მასწავლებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემაში, არამედ მათი პიროვნული განვითარების, დამოუკიდებელი აზროვნების, პასუხისმგებლობისა და ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესშიც. პედაგოგის ყოველდღიური შრომა მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებას ემსახურება, რაც ქვეყნის განვითარებისა და ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.
მასწავლებლის ეროვნული დღის აღნიშვნის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ პედაგოგების გამოვლენასა და დაჯილდოებას, რომლებმაც განათლების სფეროში გამორჩეული წვლილი შეიტანეს. მასწავლებლის ეროვნული პრემია მათ პროფესიული საქმიანობისა და მიღწევების აღიარებას ემსახურება. პრემია მოიცავს სპეციალურ სამკერდე ნიშანსა და 10 000 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის მისაღებად 10 გამორჩეული პედაგოგი შეირჩა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია დღეს, 27 ოქტომბერს, ქუთაისშია დაგეგმილი.
მასწავლებლის ეროვნული დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პედაგოგის განსაკუთრებულ მისიას – ცოდნის გაზიარებას, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და მომავალი თაობების განვითარებას. მასწავლებლის შრომის დაფასება და პროფესიული მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ დღეს, არამედ ყოველდღიურად, რადგან განათლებაზე ზრუნვა ქვეყნის მომავალზე ზრუნვას ნიშნავს.