ემოციური მიჯაჭვულობა და მისი გავლენა ურთიერთობებზე
ადამიანი სოციალური არსებაა, ამიტომ ჩვენი ჯანმრთელობა და ბედნიერება ხშირად დამოკიდებულია სხვებთან ურთიერთობაზე, რაშიც მნიშვნელოვან როლს ემოციური მიჯაჭვულობა თამაშობს. მიჯაჭვულობის ძირითად ტიპებზე და მათ გავლენაზე ფსიქოლოგი გიორგი კალანდარიშვილი გვესაუბრება.
– რა არის ემოციური მიჯაჭვულობა და რამდენი სახის მიჯაჭვულობა არსებობს?
– ეს არის ძლიერი ემოციური კავშირი სხვა ადამიანთან. იგი რამდენიმე სახისაა: უსაფრთხო, შფოთვითი და ამრიდებლური. ბავშვებზე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ უსაფრთხო მიჯაჭვულობის დროს ბავშვი მშობელთან განშორებაზე მშვიდად რეაგირებს და იცის, რომ არაფერია სანერვიულო, რადგან მშობელი მალე დაბრუნდება. შფოთვითი მიჯაჭვულობის მქონე ბავშვები შფოთვით რეაგირებენ როგორც მშობელთან განშორებაზე, ისე დაბრუნებაზე. ამრიდებლური მიჯაჭვულობის მქონე ბავშვები კი სრულიად გულგრილნი რჩებიან მსგავს სიტუაციაში. უსაფრთხო სახის მიჯაჭვულობა ბავშვისთვის და შემდეგ ზრდასრული ადამიანისთვის განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს, დანარჩენი ორი სახის მიჯაჭვულობა კი პრობლემურია.
– ზრდასრულ ასაკში საგნებსა ან ადამიანებზე მიჯაჭვულობა ბავშვობის ტრავმებიდან ხომ არ მომდინარეობს?
– ადამიანებსა და საგნებზე მიჯაჭვულობისკენ, ძირითადად, შფოთვითი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანები არიან მიდრეკილნი, რასაც ტრავმული გარემოებები უწყობს ხელს. გარდა ამისა, არსებობს ტერმინი „მიჯაჭვულობის ტრავმა“, მაგალითად, ოჯახური ძალადობის დროს, როდესაც ბავშვი იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა და უსაფრთხო გარემო მიიღოს მშობლისგან, ძალადობრივ რეაქციას იღებს. ასეთ დროს ადამიანი ეძებს უსაფრთხო გარემოს და ეჯაჭვება ადამიანს ან რაიმე საგანს.
– შესაძლებელია თუ არა ურთიერთობაზე მიჯაჭვული ადამიანის მანიპულირება?
– რა თქმა უნდა, შფოთვითი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანით მანიპულირება ადვილია, რადგან შესაძლოა, ვერ აცნობიერებდეს იმ ქვეცნობიერ მოტივებს, რომლებიც ამოძრავებს. ხშირად ურთიერთობები ასეთი ადამიანისთვის ერთნაირი სცენარით ვითარდება: ურთიერთობაში ეძებს სითბოს და მხარდაჭერას, საპასუხოდ კი ცივ და გამომყენებლურ დამოკიდებულებას იღებს. შედეგად ვითარდება მტკივნეული და ტოქსიკური ურთიერთობა, რომელსაც ფსიქოლოგიაში „თანადამოკიდებულს“ ვუწოდებთ. საინტერესოა, რომ ამ დროს შფოთვითი მიჯაჭვულობის მქონე პირის პარტნიორი, როგორც წესი, ამრიდებლური მიჯაჭვულობის მქონე ადამიანია, რომელიც ემოციური სიცივით და გამომყენებლური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ორივე პარტნიორი თითქოს ერთმანეთზეა დამოკიდებული. ამგვარი ურთიერთობის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.
– პარტნიორულ ურთიერთობაში მიჯაჭვულობა არის თუ არა სიყვარულის შემადგენელი ნაწილი?
– უსაფრთხო მიჯაჭვულობა სასიყვარულო და პარტნიორული ურთიერთობის აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს, სხვა სახის მიჯაჭვულობები კი, როგორც უკვე აღვნიშნე, პრობლემურია. არსებობს სპეციალური ფსიქოთერაპიული მეთოდი (ემოციებზე ფოკუსირებული წყვილების თერაპია), რომელიც პარტნიორებს შორის უსაფრთხო მიჯაჭვულობის განვითრებისა და გაძლიერებისკენაა მიმართული.
– არასრულფასოვნების კომპლექსი ხომ არ არის დაკავშირებული აღნიშნულ პრობლემასთან?
– მიჯაჭვულობასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად დაბალი თვითშეფასებისა და არასრულფასოვნების კომპლექსის გამო ჩნდება, რადგან ადამიანს ადეკვატური თვითშეფასების ჩამოსაყალიბებლად სჭირდება მიმღები, თბილი და მხარდამჭერი გარემო, რომელსაც მხოლოდ უსაფრთხო მიჯაჭვულობა უზრუნველყოფს.
– ადამიანი, როგორც სოციალური არსება, უნდა იყოს თუ არა საზოგადოებაში გულღია და ჩვენი ჯანმრთელობა და ბედნიერება დამოკიდებულია თუ არა სხვებთან ურთიერთობაზე?
– ადამიანი სოციალური არსებაა და შესაბამისად, ჩვენი კეთილდღეობა დამოკიდებულია სოციალურ ურთიერთობებზე. ძალიან კარგია, როდესაც სოციალური გარემო გულღიაობის და გულწრფელობის საშუალებას იძლევა, რადგან ადამიანს არ უწევს რაიმეს დამალვა, საკუთარი თავის შებოჭვა ან სხვებით მანიპულირება, უბრალოდ, ისეთია, როგორიც არის, თუმცა საწინააღმდეგო შემთხვევაშიც, როდესაც გარემო ამაში ხელს არ გვიწყობს, გულწრფელობა მხოლოდ მისასალმებელია, რადგან არა მხოლოდ გარემო მოქმედებს ადამიანზე, არამედ ადამიანიც – გარემოზე და დადებითი და ჯანსაღი გავლენის მოხდენა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია.
– რას ნიშნავს, თქვენეული ფორმულირებით, ჯანსაღი ურთიერთობები?
– უპირველესად, უნდა ვიყოთ ნამდვილები, აუთენტურები, ისეთები, როგორებიც ვართ, შევძლოთ ერთმანეთის მიღება. გვქონდეს ერთმანეთის ნდობა და სიყვარული, ემოციურად ხელმისაწვდომები და, რა თქმა უნდა, გულწრფელები ვიყოთ.
– როგორ უნდა განვთავისუფლდეთ ემოციური მიჯაჭვულობისგან და რა როლი აკისრია ფსიქოლოგს ასეთ შემთხვევაში?
– უპირველეს ყოვლისა, ემოციურად მიჯაჭვულ ადამიანებს ვურჩევდი, რომ თვითემპათია განივითარონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. საერთოდ, როდესაც ემპათიაზე ვსაუბრობთ, იგულისხმება სხვების განცდების წვდომისა და თანაგრძნობის უნარი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი განცდების, საჭიროებებისა და პიროვნული თვისებების ამოცნობა და მათზე წვდომა ვისწავლოთ. ასევე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი პიროვნული საზღვრები და შეგვეძლოს მათი დაცვა ურთიერთობებში, ისე რომ არც მთლად შევერწყათ პარტნიორს და არც მთლად დავშორდეთ მას. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება გაცილებით ადვილი და ეფექტურია ფსიქოლოგის დახმარებით, რომელიც ასეთ დროს გამოდის ერთგვარი ნდობით აღჭურვილი პირის როლში. მას შეგიძლიათ დაეყრდნოთ და მოიშუშოთ ტრავმები, რომლებმაც მიჯაჭვულობის დარღვევები გამოიწვია.
– ხომ არ გახსენდებათ რაიმე ექსპერიმენტი, რომელმაც ადამიანს მიჯაჭვულობის პრობლემა მოუხსნა?
– ვფიქრობ, ყველაზე კარგი ექსპერიმენტი ფსიქოთერაპიაა, რომელიც უსაფრთხო მიჯაჭვულობის აღდგენას, საზღვრების დაცვასა და საბოლოოდ, ადამიანის საკუთარ თავთან დაბრუნებას ემსახურება. ამასთან დაკავშირებით ერთი ნეიროფიზიოლოგიური ექსპერიმენტი მახსენდება, რომელიც მიჯაჭვულობის სახესა და სტრესისადმი მედეგობას იკვლევდა: ადამიანს ათავსებდნენ აპარატში, რომელიც ტვინში სტრესის ცენტრების აქტივობას ზომავდა, შემდეგ მონაცვლეობით მას ხელს ჰკიდებდნენ უცხო პირი და პარტნიორი, პარალელურად კი ფეხზე მცირე ელექტროდარტყმას აყენებდნენ. უსაფრთხო მიჯაჭვულობის აღდგენაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის კურსის გავლამდე სტრესის მაჩვენებელი უცხო პირის და პარტნიორის შეხებისას, პრაქტიკულად, ერთნაირად მაღალი იყო, მოცემული კურსის გავლის შემდეგ კი სტრესის მაჩვენებელი პარტნიორის შეხებისას თითქმის ნულს გაუტოლდა, მაშინ როდესაც უცხოს შეხებისას კვლავ მაღალი იყო. ამგვარია უსაფრთხო, ჯანსაღი მიჯაჭვულობის ძალა მის არაჯანსაღ ფორმებთან შედარებით.
ნინი ჩხარტიშვილი