ალექსანდრე ბასიალაიას შემოქმედება დაუვიწყარია
ბათუმის ხელოვნების ცენტრში კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელშიც ანსამბლ „ივერიის“ ცნობილი სახეები – მანანა თოდაძე, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, ასევე, მოწვეული და ადგილობრივი ახალგაზრდა მომღერლები – სალომე ბაკურაძე, აჩიკო ბერიძე, ანი კეკუა, თათია კობალაძე, ნიკო ბერიძე მონაწილეობდნენ. საღამოს მუსიკალურად ბენდი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით აფორმებდა. იგი
პროექტის „ბათუმი – საქართველოს კულტურის დედაქალაქი“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მხარდამჭერები საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ააიპ „შემოქმედებითი საქართველო” და ქალაქ ბათუმის მერია არიან.
საღამოზე, რომელიც ჟურნალისტ ანა შამილაძეს მიჰყავდა, კომპოზიტორის არაერთი ცნობილი სიმღერა შესრულდა, ასევე, ახლის პრემიერაც შედგა – ალექსანდრე ბასილაიას ცნობილ კომპოზიციაზე დაწერილი სიმღერა მომღერალმა აჩიკო ბერიძემ შეასრულა.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და კომპოზიტორის შემოქმედების მოყვარულები დაესწრნენ.
მონაწილეებმა კომპოზიტორის დაუვიწყარი შემოქმედება გაიხსენეს, რომელმაც არაერთი თაობის სიყვარული დაიმსახურა და ქართული მუსიკალური კულტურის „ოქროს ფონდში“ ღირსეული ადგილი დაიკავა.
ამგვარი შემოქმედებითი საღამოების ჩატარების ინიციატივა საქართველოს პარლამენტის წევრ აჩიკო ბერიძეს ეკუთვნის. მისი მხარდამჭერია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. როგორც აღინიშნა, მომდევნო საღამო კომპოზიტორ მარიკო კვალიაშვილის შემოქმედებას მიეძღვნება, ბოლოს კი რევაზ ლაღიძის საღამო გაიმართა. ამ საღამოებს, ტრადიციულად, ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებიან. დარბაზში ამჯერად 22-ე და 23-ე სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
რამდენიმე მომღერალმა ალექსანდრე ბასილაია გაიხსენა.
ვახტანგ ტატიშვილი:
– გაუთავებლად შემიძლია მასზე საუბარი, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, ეს იყო ყოველმხრივ საუკეთესო ადამიანი. მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ ძალიან დაგვწყვიტა გული. უკვე 17 წელი გავიდა… კარგია, რომ დღეს ასე ლამაზად გავიხსენეთ ერთ-ერთი ჩინებული კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია.
მანანა თოდაძე:
– ძალიან მიყვარს ბათუმი, სადაც არაერთხელ გამოვსულვარ ალექსანდრე ბასილაიასთან ერთად, რომელიც ჩვენთვის დღემდე მოუშუშებელი ტკივილია. ვერაფრით ვეგუებით ამ ქვეყნიდან მის გასვლას. ახალგაზრდა წავიდა. მას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. თაობებს არაჩვეულებრივი, ძალიან მელოდიური სიმღერები დაუტოვა და ეს ცოტათი გვამშვიდებს. მისი სიმღერები დღემდე ცოცხლობს და პოპულარულია და ეს ასე იქნება კიდევ დიდხანს. მადლობა ბათუმს სიყვარულისთვის, მოფერებისთვის.
ნუგზარ კვაშალი:
– ბათუმში ყოველთვის უყვარდათ ალექსანდრე ბასილაიას სიმღერები. აქ მუდამ შესანიშნავ კონცერტებს ვატარებდით, მსმენელისგან დიდი სიყვარული და სითბო მოდიოდა. ამჯერადაც ასე იყო. უღრმესი მადლობა ბათუმს. მადლობა აჩიკო ბერიძეს ამ შესანიშნავი პროექტისთვის. დავით მაზანაშვილს – მუსიკალური მხარის გალამაზებისთვის. ჩვენი ალექსანდრეს თითქმის ყველა სიმღერა მელოდიური და გამორჩეული იყო. იმიტომაც შეიქმნა ოთხი შესანიშნავი მიუზიკლი, უამრავი საკონცერტო პროგრამა და ყველა ძალიან პოპულარულია. ის დიდი ხანია აღარ არის, თუმცა მისი შემოქმედება ცოცხლობს და ყოველთვის ასე იქნება. სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდა პოპულარული მომღერლები მისი სიმღერების შესრულებას ცდილობენ, იმიტომ, რომ მისი მელოდიურობა ყველანაირ რემიქსს – თანამედროვე მელოდიებსაც უძლებს და იმედია, კიდევ დიდხანს იცოცხლებს. საქართველო ნიჭიერთა ქვეყანაა და მჯერა, რომ ახალი, კარგი კომპოზიტორები კიდევ გვეყოლება, რაც ძალიან გაგვახარებს.
სალომე ბაკურაძე:
– ალექსანდრე ბასილაიას პირადად ვიცნობდი, მქონდა ამის ბედნიერება. ერთ-ერთი სიმღერა ჩემთვის დაწერა. ჯერჯერობით, ბოლომდე ვერ მივიყვანეთ მისი არანჟირება და არ გაგვიჟღერებია. მისი შემოქმედება, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან ვიცი. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედება არ უყვარს. როცა 2004 წელს მომისმინა, დამირეკა და მითხრა, უნდა მოხვიდე და ჩემი კვინტეტის წევრი გახდეო. ეს კვინტეტი იყო მისი ერთ-ერთი ბოლო პროექტი. ძალიან ბედნიერი წლები იყო, ფაქტობრივად, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო და საოცნებო, ცოცხალი ლეგენდა, მსოფლიო დონის კომპოზიტორი ჩემთვის სიმღერას წერდა, ერთად დავდიოდით გასტროლებზე… ალექსანდრე ბასილაიას მუდამ სიყვარულით გავიხსენებ.
ანი კეკუა:
– ალექსანდრე ბასილაიას სიმღერა სცენაზე არასოდეს შემისრულებია, თუმცა დღეს დუეტში ვიმღერე ნუგზარ კვაშალთან ერთად. მელოდიური, განსხვავებული სიმღერაა, ამბავს ჰყვება და ამიტომაც არის ჩემთვის ძალიან საინტერესო. ზოგადად, მისი რეპერტუარიდან ძალიან ბევრი სიმღერა მიყვარს, რადგან ცხოვრებისეულია, აზრიანია.
თემურ თათარაშვილი:
– ის დიდი ადამიანი იყო და მუდამ ასეთად დარჩება. ათი წელი, რაც „ივერიაში“ ვიყავი, ჩემთვის „ოქროს ხანა“ იყო და, რა თქმა უნდა, მისი ძალიან მადლიერი ვარ…
საღამოს ბოლო აკორდი იყო კომპოზიტორის ცნობილი სიმღერა „არგო“, რომელმაც სცენა და დარბაზი კიდევ ერთხელ გააერთიანა.
მანანა ძიძიშვილი