ელისო ბოლქვაძე ილჰამ ასგაროვს შეხვდა
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, ბაქოში ვიზიტისას, აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის დირექტორს ილჰამ ასგაროვს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმის როლი და მნიშვნელობა ქვეყნებს შორის კულტურული დიპლომატიისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პროცესში.
ელისო ბოლქვაძე გაეცნო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის ინფრასტრუქტურასა და მენეჯმენტს.
შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ვიდეორგოლი, რომელიც ასახავდა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრსა და აზერბაიჯანის ეროვნულ დრამატულ თეატრს შორის თანამშრომლობას.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიურ ეროვნულ დრამატულ თეატრს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
ელისო ბოლქვაძემ ილჰამ ასგაროვს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ კულტურის მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება, ხელს შეუწყობს თეატრალური ხელოვნების განვითარებას და ხალხთაშორის კავშირების განმტკიცებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს დესპანი მაია თაბაგარი და აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრის წარმომადგენლები.