კლასიკური მუსიკის საღამო – ბენეფიციარებისთვის
By

კლასიკური მუსიკის საღამო – ბენეფიციარებისთვის

აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დიდ საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელიც  კამპანია „ვარდისფერ ოქტომბერს“ მიეძღვნა.

წელს, ოქტომბერში,  ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დაავადებასთან მებრძოლი ქალების მხარდაჭერის საერთაშორისო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა, რომლის დროსაც არაერთი ღონისძიება გაიმართა. ბათუმელი საოპერო მომღერლებიც სწორედ ამ კამპანიას შეუერთდნენ.

საღამოზე  თემურ გოგიტიძის  საქველმოქმედო ფონდის „Life Foundations“ ბენეფიციარი ქალბატონები იყვნენ მიწვეულნი.

შესრულდა ცნობილი კომპოზიტორების, მათ შორის, ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, პიეტრო მასკანის, ფრანჩესკო ჩილეასის, კამილ სენ-სანსის, უმბერტო ჯორდანოს, ჯოაკინო როსინის, ჟორჟ ბიზეს ოპერებიდან  არიები, დუეტები, საოპერო საგუნდო ფრაგმენტები.

კონცერტში მონაწილეობდნენ საოპერო დასის სოლისტები: ოთარ ნაკაშიძე, ირმა ჟღენტი, სულხან ჯაიანი, ირაკლი კორიფაძე, ნონა კორიფაძე, ზაზა ხამათაშვილი, ინგა ჯახუტაშვილი, ეთერ ხალვაში, ლია ჯაში, სალომე სალაძე, ტანია ჯიქია  (საოპერო დასის ხელმძღვანელი – მარიამ ჯახუტაშვილი, კონცერტმაისტერები – ნინო ჩაიძე, ნანა კვირიკაძე, მარინა ქიქავა, ევგენია ღოღელიანი),  ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა (ქორმაისტერი – რუსუდან ბერიძე).

კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, მომღერლებმა არაერთხელ შეასრულეს ნომრები „ბისზე“.

  • დღეს დარბაზი სავსე იყო. თითოეულ მონაწილეს მინდა მადლობა გადავუხადო, ასევე, კონცერტმაისტერებს, იმდენად კარგად წარმოაჩინეს თავი. ჩვენი მომღერლები, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. ამ საღამოთი ბედნიერი ვარ,- აღნიშნა  მარიამ ჯახუტაშვილმა.

კონცერტში ასევე, მონაწილეობდა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის  ვოკალური ფაკულტეტის სტუდენტი ანა ბოლქვაძე, რომელიც გულთბილად მიიღო მსმენელმა (პედაგოგი მარიამ ჯახუტაშვილი).

სასწავლებლის ფოიეში წარმოდგენილი იყო ბენეფიციარ ნატო ფოცხიშვილის  ნამუშევრები.

– მძიმე სენით ვიყავი დაავადებული და  ეს მდგომარეობა რომ რაიმეთი შემემსუბუქებინა, ხატვა დავიწყე –  შევძელი ის, რაზეც არასოდეს მიფიქრია. ხატვით გადავირჩინე თავი. რაც შეეხება კონცერტს, არაჩვეულებრივი საღამო იყო, ძალიან ვისიამოვნე. მადლობა მოწვევისთვის, – გვითხრა პროფესიით პედაგოგმა ნატო ფოცხიშვილმა.

– ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ჩემი კოლეგისთვის, საქართველოში გამოსვლა, მით უმეტეს, ჩემს საყვარელ ქალაქში, ყოველთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელი დღეც ერთ-ერთი ასეთი იყო – თბილი, ემოციებით გამორჩეული. განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ სხვებთან ერთად დარბაზში ბენეფიციარებიც ისხდნენ. მოხარული ვარ, რომ ჩვენ სიმღერით ჩავერთეთ მათ მდგომარეობაში, მუსიკით თერაპია ჩავუტარეთ, ცოტათი მაინც შევუმსუბუქეთ მდგომარეობა, –  აღნიშნა საოპერო მომღერალმა სულხან ჯაიანმა.

– მე ვარ საფრანგეთიდან, მომღერალი, ბარიტონი.  უკვე წელიწადნახევარია ბათუმში ვცხოვრობ და როგორც პედაგოგი ვმოღვაწეობ. დღევანდელი კონცერტი ძალიან კარგი იყო, საუკეთესო ხმებით, შესრულდა ფანტასტიკური ნომრები, კმაყოფილი ვარ, – გვითხრა ბატონმა მეთიუმ საფრანგეთიდან.

ასეთი საღამოები კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და საოპერო ხელოვნების განვითარებას უწყობს ხელს და კარგი იქნება, თუ ხშირად გაიმართება.

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *