დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება, იცვლება ,,სილქნეტის“ ტარიფებიც
1 მაისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაცია ამოქმედდება. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილება შედის ძალაში, რომლის მიხედვითაც, საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება, ხოლო პასუხისმგებლობა მკაცრდება.
კერძოდ:
100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის გამო მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;
50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის;
50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის გამო მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;
50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;
დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებზე, ასევე, M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის;
„დრიფტი“, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით.
განმეორებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას;
500-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.
ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში – 10 ლარით.
ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგინდა ჯარიმა 200 ლარი, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე შეუმცირდება 30 ქულა;
ცვლილებები ითვალისწინებს ახალ ამკრძალავ ნიშანს − „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.

ახლებურად განისაზღვრება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები, კერძოდ:
„BUS LANE“-ზე მოძრაობა, არსებულ 100-ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება;
საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ „BUS LANE“-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.
საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდა წინა წლის სტატისტიკურმა მაჩვენებელმა განაპირობა. კერძოდ 2025 წლის განმავლობაში საქართველოში 469 ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, დაშავდა – 8191. ავტოსაგზაო შემთხვევები უმეტესად გამოწვეული იყო საპირისპირო ზოლში ავტომობილის გადასვლით, მანევრირების წესის დარღვევით. მილიონ 700 ათასზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა დაიწერა სიჩქარის გადაჭარბებისთვის.
ავარიების გამომწვევი მიზეზებიდან სწორედ სიჩქარის გადაჭარბება იყო სიხშირით მე-3 ადგილზე. როგორ შსს-ში აცხადებენ, ეს სტატისტიკა ის მოტივაციაა, რამაც აღნიშნული ცვლილებების განხორციელების საჭიროება დააყენა.
თვითდასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების აღსრულება იწყება. „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებებით, 1-ლი მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება შეიზღუდა. მათ კანონიერად დასაქმებისთვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება სჭირდებათ. ახალი წესებით, ადგილობრივი დამსაქმებლები ვალდებულნი არიან, გამოცხადებულ ვაკანსიაზე უცხოელის დასაქმების საჭიროება დაასაბუთონ და შესაბამისი უწყებებისგან ნებართვა მიიღონ. სრულად აიკრძალა უცხოელების დასაქმება, მაგალითად, ისეთ საქმიანობებზე, როგორიცაა: გიდები, კურიერები, ტაქსის მძღოლები…
აღსანიშნავია ისიც, რომ დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულია ფინანსური სანქციები.
მართალია, უცხოელთა დასაქმების ახალი წესი მარტიდან ამოქმედდა, თუმცა, თვითდასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ახალი რეგულაციები 2026 წლის 1-ლი მაისიდან აღსრულდება. ანუ მათ ამ თარიღისთვის უნდა მოესწროთ ყველა დოკუმენტის მოწესრიგება.
ახალი წესების თანახმად, იმ თვითდასაქმებული უცხოელების მიმართ, რომლებიც 2026 წლის 1-ლი მარტისთვის უკვე ახორციელებდნენ საქართველოში შრომით/სამეწარმეო საქმიანობას – არიან მოქმედი საწარმოების პარტნიორები ან სხვაგვარად არიან ჩართულნი სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში და აქედან იღებენ ფინანსურ სარგებელს – კანონმდებლობით განსაზღვრული აღსრულების მექანიზმი 2026 წლის 1-ლი მაისიდან ამუშავდა.
ცვლილებებია ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებასთან დაკავშირებულ წესებშიც.
„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები შეიცვალა. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 1-ლი მაისის შემდგომ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელია მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას.
აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ვენახის გაშენებას სამეწარმეო საქმიანობისთვის გეგმავენ და არ ეხება მათ, ვინც ვენახს პირადი მოხმარებისთვის აშენებს.
ცნობისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.
ძვირდება „სილქნეტის“ მომსახურება. დღეიდან „სილქნეტის“ მობილური ინტერნეტპაკეტების, ოპტიკური ინტერნეტისა და ტელევიზიით სარგებლობის ტარიფები იცვლება.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ზოგიერთი პაკეტის ფასი 1-ლი მაისიდან გაიზრდება, ნაწილის კი უცვლელი დარჩება.
უფრო კონკრეტულად, სტანდარტულ ინტერნეტპაკეტებზე მოცულობა იზრდება, ფასი უცვლელი რჩება, თუმცა ულიმიტო ყველა პაკეტი ძვირდება.
„სილქნეტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი მაისიდან:
ულიმიტო 5-დღიანი ინტერნეტპაკეტის ფასი 7-დან 8 ლარამდე გაიზრდება;
ულიმიტო 7-დღიანი ინტერნეტპაკეტი – 9-ლარიდან 10 ლარამდე ძვირდება;
ულიმიტო 15-დღიანი ინტერნეტპაკეტი – 18-დან 20 ლარამდე გაიზრდება;
ულიმიტო 30-დღიანი ინტერნეტპაკეტი – 32 ლარიდან 35 ლარამდე ძვირდება.
რაც შეეხება სტანდარტულ ინტერნეტპაკეტებს,
5 ლარში, 800 მეგაბაიტის ნაცვლად, 1000 მეგაბაიტი იქნება ხელმისაწვდომი; 8 ლარში, 2000 მეგაბაიტის ნაცვლად, 3000 მეგაბაიტი იქნება ხელმისაწვდომი; 11 ლარად – 4000 მეგაბაიტის ნაცვლად, 5000 მეგაბაიტი იქნება ხელმისაწვდომი; 15 ლარად 6000 მეგაბაიტის ნაცვლად, 7000 მეგაბიტი იქნება ხელმისაწვდომი. ,,სილქნეტი“, ულიმიტო მობილურ ინტერნეტპაკეტებთან ერთად, ოპტიკური ინტერნეტის და ტელევიზიის ტარიფებსაც ცვლის. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ზოგიერთი პაკეტის ფასი 1-ლი მაისიდან გაიზრდება, ნაწილის კი უცვლელი დარჩება.
რაც შეეხება ოპტიკურ ინტერნეტპაკეტებს, რეგიონებში:
„სტარტ + “- 45 მბ/წმ-ის ნაცვლად, 65 მბ/წმ იქნება ხელმისაწვდომი, ფასი იგივე რჩება; პ„დრაივი“ – 60 მბ/წმ-ის ნაცვლად, 75 მბ/წმ იქნება ხელმისაწვდომი, ფასი 27 ლარიდან 29 ლარამდე იზრდება; „სუპერდრაივი“ 80 მბ/წმ 85მბ/წმ-მდე იზრდება- ფასი კვლავ 40 ლარი რჩება.