დავით ქართველიშვილი: „ევროპა ემსგავსება დირექტივების, ჯარიმებისა და ნორმატიული დიქტატის ადმინისტრაციულ იმპერიას“
By

დავით ქართველიშვილი: „ევროპა ემსგავსება დირექტივების, ჯარიმებისა და ნორმატიული დიქტატის ადმინისტრაციულ იმპერიას“

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „სანამ რუსთაველის გამზირი „იტალიური გაზაფხულის“ მოლოდინის რეჟიმში შევიდა – პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი დღეს აკეთებს იმას, რისთვისაც ევროპელი ლიდერების უმრავლესობას უკვე დიდი ხანია არც პოლიტიკური ნება ჰყოფნის და არც სტრატეგიული გულწრფელობა: ის ხმამაღლა ამბობს, რომ ბრიუსელის მიერ შექმნილი ევროპის მართვის მოდელი ჩიხში შევიდა. ევრობიუროკრატია უკვე დიდი ხანია განვითარების ინსტრუმენტებს აღარ ქმნის და ეროვნული ეკონომიკებისთვის მარწუხებად იქცა, სადაც რეალური მწარმოებლები, ინდუსტრია და გადასახადის გადამხდელები იხდიან ბრიუსელის იდეოლოგიური ექსპერიმენტების ფასს“.

„როდესაც რომი ამ მექანიზმების გაყინვას ითხოვს, ეს არა იტალიის კაპრიზი, არამედ სისტემისთვის გამოტანილი განაჩენია – სისტემისთვის, სადაც ბრიუსელის კორუმპირებული ჩინოვნიკები ქვეყნებს კარნახობენ, როგორ იცხოვრონ, როგორ დახარჯონ და როგორ გადარჩნენ. ფაქტობრივად, მელონი გამოწვევას უგზავნის თავად დღევანდელი ევროკავშირის პრინციპს – როგორც ცენტრალიზებულ ტექნოკრატიულ კონსტრუქციას. „საერთოევროპული სოლიდარობის“ ფასადის მიღმა დიდი ხანია იმალება სუვერენიტეტის გადანაწილება ეროვნული პარლამენტებიდან იმ ჩინოვნიკურ აპარატზე, რომელიც მოქალაქეების წინაშე პირდაპირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ატარებს.

ევროპა, რომელიც თანასწორი სახელმწიფოების კავშირად იყო ჩაფიქრებული, სულ უფრო ემსგავსება დირექტივების, ჯარიმებისა და ნორმატიული დიქტატის ადმინისტრაციულ იმპერიას. და თუ ევროზონის ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკა ამას ღიად აყენებს ეჭვქვეშ, ეს ნიშნავს, რომ ბრიუსელის ცენტრის მიმართ ნდობის კრიზისი უკვე არა პერიფერიას, არამედ თავად ევროკავშირის ბირთვს მისწვდა.

არანაკლებ საგულისხმოა, რომ მელონი ერთდროულად დისტანცირდება გარე მოკავშირეთა ზეწოლისგანაც – იქნება ეს ვაშინგტონი, ენერგეტიკული ლობისტები თუ ახლო აღმოსავლეთის პარტნიორები. მისი სიფრთხილე რუსულ გაზთან დაკავშირებით და ისრაელთან თავდაცვითი შეთანხმების ავტომატური გაგრძელების შეჩერება – იშვიათი პოლიტიკური სუბიექტობის დემონსტრირებაა თანამედროვე ევროპაში: იტალიას აღარ სურს იყოს სხვისი გეოპოლიტიკური სცენარების ავტომატური შემსრულებელი.

ეს არის პირდაპირი დაბრუნება ეროვნული სახელმწიფოს პრინციპთან, როგორც საკუთარი საგარეო პოლიტიკის მთავარი არბიტრისა – იმ პრინციპთან, რომელსაც ბრიუსელის ელიტა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სისტემურად ანგრევდა. მთავარი კი ის არის, რომ მელონი უკვე აღარ თამაშობს დეკორატიული ევროლოიალიზმის წესებით, სადაც ლიდერებს კამათი მხოლოდ წინასწარ დამტკიცებული დღის წესრიგის ფარგლებში შეუძლიათ. მელონის „ბუნტი“ იმაშია, რომ – ან ევროპა დაუბრუნდება სუვერენული ერების კავშირის მოდელს, ან თავად ევროკავშირი შიგნიდან დაიშლება იმ ქვეყნების წინააღმდეგობის ფონზე, რომლებიც დაიღალნენ სხვისი ბიუროკრატიული უტოპიის დაფინანსებით“, – წელს ანალიტიკოსი.

 

  • No Comments
  • აპრილი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *