განაცხადების მიღება 18 მაისიდან დაიწყება
By

განაცხადების მიღება 18 მაისიდან დაიწყება

მიმდინარე წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 18 მაისიდან დაიწყებს, რაც 6 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

სამინისტროს განმარტებით, კანდიდატთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კომისია ანონიმურობის პრინციპით განიხილავს.

შეფასება განხორციელდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც უკვე გადაეგზავნა საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შეფასების ძირითად კრიტერიუმებს ასაჯაროებს:

საჯაროდ აღიარებული ნდობა და ავტორიტეტი; მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და პიროვნული განვითარების მხარდაჭერა; სწავლის მოტივაციისა და შემეცნების სურვილის გაღვივება; პროფესიული ცოდნის გაზიარება და სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილი; ეროვნული და საერთაშორისო პროექტების განხორციელება; საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და გავრცელება; სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტიურობა; ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვა; სკოლისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილი; ადამიანთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული აქტივობები.

სამინისტროს ინფორმაციით, კანდიდატთა მხრიდან განაცხადების წარდგენა შესაძლებელია: დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) მეშვეობით, ელექტრონულ ფოსტაზე – info@tpdc.ge, მატერიალური ფორმით: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N6, კიბერნეტიკის შენობა, VI სართული.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები 27 ოქტომბერს საზეიმო ცერემონიაზე გამოვლინდებიან.

„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული, დღე ყოველ წელს, ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარი.

2025 წლიდან მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად, საქართველოს მასშტაბით, ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრი მუნიციპალიტეტის დონეზე გამოავლენს და აჯილდოებს ღვაწლმოსილ პედაგოგებს.

მასწავლებლის ეროვნული პრემია წარმოადგენს განათლების სფეროში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაფასების მნიშვნელოვან მექანიზმს და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ზრდას ემსახურება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • მაისი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *