„ა-ს დღიურები“ – მონოსპექტაკლის პრემიერა ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე
ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე მონოსპექტაკლ „ა“-ს დღიურების“ პრემიერა გაიმართა. ნ. გოგოლისა და ლ. ტოლსტოის პიესის „შეშლილის წერილებით“ შთაგონებული, თუმცა, საბოლოოდ, სრულიად დამოუკიდებელ ნაწარმოებად ქცეული სპექტაკლი ერთ მსახიობსა და რეჟისორს აერთიანებს, რომელთათვისაც ეს დადგმა ერთგვარი შემოქმედებითი დაბრუნებისა და ახალი ეტაპის დასაწყისად იქცა. „ა-ს დღიურები“ მაყურებელს ადამიანის შინაგან სამყაროში ამოგზაურებს, იქ, სადაც რეალობა, სიგიჟე, ხელოვნება და სასოწარკვეთა ერთმანეთში იკვეთება. ვარლამ ნიკოლაძის რეჟისურითა და ზურაბ შილაკაძის შესრულებით შექმნილ მონოსპექტაკლში ტექსტს მუსიკა, პლასტიკა, პანტომიმა და ვიზუალური ხელოვნება ერწყმის. დადგმაში გამოყენებულია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაც, ხოლო კომპოზიტორ გოგი ჩლაიძის მუსიკა სპექტაკლის მხატვრულ მთლიანობას ქმნის.

– 25 წელი საქართველოში არ ვიმყოფებოდი. თურქეთში ვმუშაობდი ჩემი პროფესიით, სახელმწიფო თეატრების გენერალური კონსულტანტი, თეატრალური ფაკულტეტის კათედრის გამგე და დამდგმელი რეჟისორი ვიყავი. ჯამში 100-ზე მეტი სპექტაკლი მაქვს დადგმული და აქედან უფრო მეტი – თურქეთში. ამ პერიოდში ზურა შილიკაძეც საზღვარგარეთ იყო, მოსკოვში. თეატრალური ინსტიტუტი ახალი დამთავრებული ჰქონდა, როცა მათი ჯგუფი მოვიდა ბათუმის დრამატულ თეატრში, სადაც ადრე მთავარი რეჟისორი ვიყავი. იმ პერიოდში მიმიწვია თეატრმა სპექტაკლის დასადგმელად და იქიდან მახსოვს ზურაც, ჩემს სპექტაკლში თამაშობდა. შემდეგ დავიკარგეთ, წლების მერე შევხვდით ერთმანეთს ერთ-ერთ ღონისძიებაზე, ჩვენი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის 100 წლისთავზე. იქ მითხრა, რომ წლების განმავლობაში, როგორც მსახიობს, სცენაზე ფეხი არ დაუდგამს, საზღვარგარეთ ადმინისტრაციაში მუშაობდა და აღარც იცოდა მსახიობობა კიდევ შეეძლო თუ არა. . . შემდეგ შემომთავაზა: მოდი, რამე დავდგათ, სადაც სახასიათო როლი მექნებაო და… დავიწყეთ ფიქრი. სანამ ამ პიესაზე შევჯერდებოდით, იქამდე სხვა სპექტაკლების დადგმა ვცადეთ, თუმცა, შესაბამისი რესურსი ჭირდებოდა, რაც იმ დროისთვის არ ხერხდებოდა. ბოლოს გამახსენდა გოგოლის „შეშლილის წერილები“, ზურაც აღფრთოვანდა, თუმცა ის ბათუმში იყო, მე კი – თბილისში. ერთმანეთს ვიდეოჩართვებით ვუკავშირდებოდით და სამაგიდო სამუშაოები ასე დისტანციურად გავიარეთ. ჩემთვის საინტერესო აღმოჩენაც გავაკეთე, თურმე, ლევ ტოლსტოისაც ჰქონია დაწერილი ეს პიესა და ორივედან გამოვიყენეთ ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთები. გავაერთიანეთ, მუშაობის პროცესში გალაკტიონ ტაბიძის ლექსებიც ჩავსვი, ჩემი ტექსტებიც დავამატე და სრულიად ახალი პიესა გამოვიდა, რომელსაც „ა“-ს დღიურები“ დავარქვი. ალბათ, მკითხავთ, რატომ „ა“? კაფკას აქვს ნაწარმოები „გარდაქმნა“, სადაც მთავარ მოქმედ გმირს ჰქვია „ნ“. ვიფიქრე, რატომაც არა, თუ კაფკამ „ნ“ დაარქვა, მეც მსგავს რამეს მოვიფიქრებ-მეთქი და დავარქვი „ა“. თვეზე მეტი ონლაინ ვიმუშავეთ, პიესაში საკმოად ბევრი სიმღერა მქონდა ჩასმული, ზურა მეჩხუბებოდა, მომღერალი ხომ არ ვარო. ბევრი ამოვიღე, თუმცა მაინც დარჩა რამდენიმე და ზურამაც შესანიშნავად გაართვა თავი. მუსიკა კომპოზიტორ გოგი ჩლაიძეს ეკუთვნის, რომელთან ერთადაც არაერთ სპექტაკლსა თუ ოპერაზე მიმუშავია. შემდეგ, როგორც გავარკვიეთ, აჭარის კულტურის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული კონკურსი ინდივიდუალურ პროექტებზე, შევიტანეთ ჩვენი პროექტიც და სრულიად მოულოდნელად, საკმაოდ კარგი თანხით დაგვაფინანსეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით აჭარის კულტურის სამინისტროს. ეს ჩვენთვის ერთგვარი ჯილდო იყო გაწეული შრომისთვის. შემდეგ ზურა ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორ კოტე მჟავიას ესაუბრა. იგი თეატრში მიიწვიეს, როგორც მსახიობი და სპექტაკლ „დარისპანის გასაჭირში“ ითამაშა. ცხადია, ჩვენს პროექტზეც უამბო და მაშინ დაპირდა ბატონი კოტე, რომ რეპეტიციებისთვის მცირე სცენას დაგვითმობდა სრულიად უსასყიდლოდ, რისთვისაც ასევე დიდი მადლობა მას. თითქმის ორი თვე აქ ვმუშაობდით, პრემიერა შედგა, რომელსაც ბატონი კოტეც ესწრებოდა და როგორც გვითხრა, ამ სპექტაკლს ბათუმის დრამატული თეატრი თავის რეპერტუარში ჩასვამს, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ეს ნიშნავს, რომ სპექტაკლს სხვადასხვა გასტროლზე თუ ფესტივალზე გზა გაეხსნება. 84 წლის ასაკში, რახან ამ სპექტაკლის დადგმა შევძელი, ვფიქრობ, კიდევ შემიძლია რაღაცის კეთება, რადგან ვერ ვისვენებ, უმოქმედოდ ვერ ვჩერდები. იმ რეაქციებით, რომელიც სპექტაკლმა გამოიწვია, კმაყოფილი ვარ. უზომოდ ბედნიერი ვარ ზურას ასეთი მიღწევით. თავისი მრავალფეროვანი მსახიობური პალიტრა უცებ, ვულკანივით ამოაფრქვია, აღფრთოვანებული დავრჩი. რაც შეეხება ჩვენს მხატვარს – ლუკა ბესელიას, ის ძალიან დიდი შენაძენია ქართული თეატრალური მხატვრობისთვის. ეს ახალგაზრდა ბიჭი, დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს, – გვითხრა პროექტის ავტორმა და დამდგმელმა რეჟისორმა ვარლამ ნიკოლაძემ.

– საკმაოდ რთულია, მონოსპექტაკლით, რომელიც 1 საათს და 15 წუთს გრძელდება, ადამიანი ხელში აიყვანო, დააინტერესო. ცხადია, გვინდოდა, სპექტაკლი არ ყოფილიყო მოსაწყენი და შეგვექმნა კარგი დინამიკა. გამოყენებული იყო მუსიკალური ნომრები, პანტომიმა. . . მხატვრობამ და ბატონი გოგის გენიალურმა მუსიკამ ძალიან დიდი როლი ითამაშა. ამ ყველაფერმა სინთეზურად შეუწყო ხელი ერთობლივი ნაწარმოების შექმნას. ძალიან დიდი საშიშროების წინაშეც ვიყავით, არ უნდა ავცდენოდით მთავარს – გოგოლისა და ტოლსტოის ნაწარმოებების იმ სიღრმეებს, რომელიც მათში იყო ჩადებული. ადამიანი, რომელსაც მე ვასახიერებდი, უაღრესად ნიჭიერია, მას შეუძლია მუნკის მსგავსი ტილო შექმნას, როდენისნაირი მოაზროვნე იყოს, ბევრი კითხვა დასვას, თუმცა, აღარ შეუძლია საუბარი და ყვირის. იგი უყურებს, როგორ სანაგვეში ვზივართ. სწორედ ამდაგვარი მეტამორფოზებითაა აკინძული ჩვენი სპექტაკლი, ასევე, გამოყენებულია გალაკტიონის „ლურჯა ცხენები“, ესეც სიგიჟის ერთ-ერთი გამომხატველი სცენა იყო, რომელსაც ცოტა მისტიკაშიც გადაჰყავხარ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ცხადია, როგორ გამოგვივიდა, ამას მაყურებელი შეაფასებს. 43 წელია არ ვმდგარვარ სცენაზე, თუმცა, როგორც ჩემმა მეგობარმა კახა კობალაძემ მითხრა, თუ კაცმა ცურვა იცის, ის 43 წლის შემდეგაც რომ ჩასვა წყალში – გაცურავსო. მეც გავცურე, ალბათ, – გვითხრა მსახიობმა ზურაბ შილაკაძემ.
მარიამ ხითარიშვილი
გალერეა
