ანა შაინიძე და სივრცე, სადაც იდეები ფერს იძენს, ხოლო ოცნებები – ფორმას
By

 ანა შაინიძე და სივრცე, სადაც იდეები ფერს იძენს, ხოლო ოცნებები – ფორმას

ზოგჯერ ოცნებას დიდი სივრცე არ სჭირდება, საკმარისია ერთი ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ იდეებს შეიძლება მისცე ფორმა, ემოციებს – ფერი, ხოლო პატარა ხელებს – დიდი სამყაროს შექმნის შესაძლებლობა. ბათუმში სწორედ ასეთი იდეით შეიქმნა შემოქმედებითი სივრცე „შაიანა“, რომლის დამფუძნებელი ანა შაინიძე ხელოვნებას მხოლოდ შექმნილ ნივთებში არ ხედავს. მისთვის ფერი, ქსოვილი, თიხა, სამკაული თუ ბავშვის პატარა ნახატი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო მასალა – ეს არის გზა საკუთარ თავთან, ემოციებსა და სამყაროსთან დიალოგისთვის.

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ ბავშვობის სიყვარულს პროფესიული მიმართულება მისცა. ანას აზრით, ნიჭთან ერთად, მთავარი შრომა, მუდმივი ძიება, ექსპერიმენტები და საკუთარი შესაძლებლობების რწმენაა. სწორედ ამ ფილოსოფიით შექმნა მან ერთი წლის წინ „შაიანა“ – სივრცე, სადაც ბავშვები და მოზარდები არა მხოლოდ ხატვას, ძერწვასა თუ ხელსაქმეს სწავლობენ, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანს – საკუთარი თავის რწმენას.

„შაიანას“ ერთწლიანი ცხოვრება უკვე არაერთი ნამუშევრითა და გამოფენითაა მდიდარი, თუმცა ანასთვის მთავარი შედეგი საგამოფენო კედელზე განთავსებული ექსპონატი არ არის. მისი ყველაზე დიდი გამარჯვება ის წამია, როცა მორიდებული ბავშვი თამამად ქმნის, საკუთარ იდეას იცავს და ამბობს: „ეს მე შევქმენი!“.

სწორედ ამიტომ არის ანასთვის ხელოვნება არა მხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრებისეული ფილოსოფია – შექმნა არა უბრალოდ ნივთი, არამედ ემოცია, არა მხოლოდ ნახატი, არამედ ისტორია და, რაც მთავარია, ადამიანში გააღვიძო ის პატარა რწმენა, რომელიც ერთ დღეს დიდ ოცნებად იქცევა.

ანა შაინიძე გვიყვება იმ გზაზე, რომლითაც ბავშვობის ინსპირაციიდან „შაიანამდე“ მივიდა, ადამიანებზე, რომლებიც ამ სივრცეში საკუთარ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ და მომავალზე, სადაც მისი პატარა სტუდია კიდევ უფრო მეტ ბავშვს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი სიტყვა სამყაროს შემოქმედებითად უთხრას.

ვინ არის ანა შაინიძე?

– ანა შაინიძე არის ადამიანი, რომლისთვისაც ხელოვნება მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის სამყაროს აღქმისა და საკუთარი თავის გამოხატვის გზა. ხელოვნებისადმი ჩემი სიყვარული ბავშვობიდან იწყება. ყოველთვის მიზიდავდა ფერი, ფორმა, მასალა და ხელით შექმნის პროცესი.

პირველი შთაბეჭდილებ თუ მოგონებ, რომელმაც თქვენი შემოქმედებითი ხედვა საბოლოოდ ჩამოაყალიბა?

– ძირითადი ბიძგი ის იყო, რომ ყველა საგანში, ამინდსა თუ ადამიანში ვხედავდი ინსპირაციას. დროთა განმავლობაში ეს ინტერესი უფრო მიზანმიმართულად ჩამოყალიბდა და პროფესიულ მიმართულებად იქცა. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლამ კი მომცა შესაძლებლობა, ჩემი შემოქმედებითი ხედვა ცოდნასთან და პროფესიულ უნარებთან დამეკავშირებინა. ჩემი აზრით, ნიჭი მხოლოდ დასაწყისია. ყველაზე მნიშვნელოვანია შრომა, მუდმივი განვითარება და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. შემოქმედებით სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ გაჩერდე, მუდმივად ეძებო ახალი იდეები და არ შეგეშინდეს ექსპერიმენტების. სწორედ შრომა აქცევს იდეას რეალობად.

ერთი წლის წინ ბათუმში შექმენით შემოქმედებითი სივრცე – „სტუდია შაიანა“. რა ცოდნა და გამოცდილება ჩადეთ ამ პროექტში?

– „სტუდია შაიანა“ ჩემთვის მხოლოდ სამუშაო სივრცე არ ყოფილა – ეს იყო პატარა ოცნება, რომელსაც რეალური ფორმა მივეცი. ცოდნა, გამოცდილება, შეცდომები და მიღწევები მინდოდა მომექცია ერთ სივრცეში და გამეზიარებინა სხვებისთვის. ამ ერთმა წელმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა. ყველაზე დიდი მიღწევა ჩემთვის ის არის, რომ შევძელი შემექმნა სივრცე, სადაც ბავშვებსა და მოზარდებს შეუძლიათ საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების აღმოჩენა, თავისუფლად ექსპერიმენტირება და საკუთარი იდეების განხორციელება. განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი მოსწავლეების ნამუშევრებით, მათი განვითარებითა და იმ ემოციით, რომელიც სტუდიიდან თან მიაქვთ. სწორედ ეს მქონდა მიზნად და ვცდილობდი, მაქსიმალური შრომა ჩამედო სტუდიის შექმნაში.

რა გარემო ხვდებათ ბავშვებს თქვენთან და რით არისშაიანაგამორჩეული სივრცე ჩვენი ქალაქისთვის?

– თავიდან ბავშვები, უბრალოდ, ინტერესით მოდიან, შემდეგ კი ვხედავ, როგორ უვითარდებათ საკუთარი ხედვა, თავდაჯერება და შემოქმედებითი აზროვნება. ხშირია, როცა სტუდია მათი ინსპირაციის წყარო ხდება. მიხარია, რომ შევძელი მსგავსი სივრცის შექმნა. ჩემთვის განსაკუთრებული ემოციაა, როდესაც მოსწავლე რაღაცას საკუთარი ხელით ქმნის და ამაყად მიჩვენებს. მინდა „შაიანა“ იყოს სივრცე, სადაც ბავშვებს არ ეშინიათ საკუთარი იდეების, სადაც ხელოვნება მათთვის თავისუფლებისა და აღმოჩენის საშუალებაა. მიხარია, რომ ქალაქს აქვს ასეთი შემოქმედებითი სივრცე, რაც ადამიანებს ეხმარება, ყოველდღიურ დამღლელ გრაფიკს განერიდონ და განტვირთვის საათები გაატარონ შემოქმედებით გარემოში, ხოლო პატარებს ჩაუნაცვლოს გაჯეტები და დაუახლოვოს რეალურ სამყაროსა და ემოციებს. როდესაც ბავშვი თავიდან მორიდებული მოდის და გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკვე თამამად ქმნის, საკუთარ იდეას იცავს და სხვებს უზიარებს, ჩემთვის ეს ყველაზე დიდი შედეგია. მინდა, სტუდიიდან მხოლოდ ტექნიკური ცოდნა არ წაიღონ, მათში უნდა დარჩეს რწმენა, რომ შეუძლიათ შექმნან, იფიქრონ განსხვავებულად და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ.

თქვენი ურთიერთობა მოსწავლეებთან?

– დღეს, როცა ბავშვებთან ვმუშაობ, ხშირად ვფიქრობ, როგორი მხარდაჭერა მჭირდებოდა მე მათ ასაკში და ვცდილობ, მეგობრული თანადგომა და ზრუნვა მაქსიმალურად მივაწოდო მათ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „შაიანა“ ეტაპობრივად განვითარდეს და უფრო მეტ ადამიანს მისცეს შემოქმედებით სივრცეში ჩართვის შესაძლებლობა. მომავალში მინდა მეტი პროექტი, გამოფენა და შემოქმედებითი ინიციატივა განვახორციელო, სადაც ბავშვები თავადაც იქნებიან პროცესის მონაწილეები. ჩემი მთავარი მიზანია, ბავშვებსა და უფროსებს მივცე მოტივაცია და ბიძგი, ამაყად თქვან თავიანთი სიტყვა სამყაროში, გახდნენ შემოქმედი ადამიანები და სხვების ინსპირაციის წყარო.

თქვენ არ იფარგლებით მხოლოდ ერთი სფეროთიფერწერა, ქანდაკება, ქსოვილი, სამკაული, ხელსაქმერას გაძლევთ ამ ახალი ფორმების მუდმივი ძიება?

– ჩემთვის შემოქმედებას საზღვრები არ აქვს. შეიძლება ერთი იდეა ნახატით გამოიხატოს, მეორე – ქსოვილით, ქანდაკებით ან სამკაულით. სხვადასხვა მასალასთან მუშაობა საშუალებას მაძლევს, ერთი და იგივე ემოცია განსხვავებული ფორმით გადმოვცე. სწორედ ამიტომ მიყვარს ექსპერიმენტები – არასდროს ვიცი, იდეა საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს.

თქვენი ფილოსოფიაა, რომ არ ქმნით მხოლოდ ნივთებს, არამედ ქმნით ემოციებსა და ისტორიებს. როგორ ახერხებთ, უბრალო ქსოვილში, თიხის ნაჭერში ან ბავშვის პატარა ნახატში დაინახოთ დიდი ოცნების დასაწყისი?

– ალბათ, იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელობა მხოლოდ საბოლოო შედეგს არ აქვს. მაინტერესებს ის ემოცია და ისტორია, რომელიც ნამუშევრის უკან დგას. ზოგჯერ ბავშვის პატარა ნახატში შეიძლება ისეთი გულწრფელობა და იდეა დაინახო, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექნიკური სრულყოფილება. ხელოვნება სწორედ ამ პატარა დეტალებიდან იწყება.

რა არის თქვენი მთავარი მიზანი სტუდიაშაიანასთანდაკავშირებით?

– ჩემი მთავარი მიზანია, „შაიანა“ კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვან შემოქმედებით სივრცედ განვითარდეს. მინდა, მეტი ბავშვი და მოზარდი ჩავრთო ხელოვნებაში, შევქმნა ახალი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროექტები, გამოფენები და სხვადასხვა მიმართულების აქტივობები. ასევე, მინდა, ჩემი საკუთარი შემოქმედებაც განვავითარო და მომავალში ჩემი მოსწავლეები ამ პროცესის მონაწილეები გავხადო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, „შაიანა“ დარჩეს ადგილად, სადაც ადამიანს შეუძლია საკუთარი იდეის აღმოჩენა და შემდეგ მისი რეალობად ქცევა.

დადუ გაბაიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *