შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდაა
By

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ ქვეყნის მთავარ ეროვნულ ამოცანებზე, ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ბრიუსელის პოლიტიკაზე, 2024-2025 წლების მოვლენებსა და საკონსტიტუციო სარჩელზე ისაუბრა.
პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ორი მთავარი პრიორიტეტია – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. მისი თქმით, „ყველა სხვა ამოცანა და მიზანი ექვემდებარება ამას და არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა თუ სხვა პოლიტიკური მიზანი არ უნდა გახდეს ამ ორი პრიორიტეტის რისკის ქვეშ დაყენების მიზეზი“.
ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრობლემა არა ევროპასთან ან ევროკავშირთან, არამედ „ბრიუსელთან“ აქვს. მისი შეფასებით, ბრიუსელი ევროკავშირის დამფუძნებლურ ღირებულებებს შორდება და კანდიდატი ქვეყნებისთვის სრულფასოვანი წევრობის ნაცვლად განსხვავებული სტატუსის შექმნაზე მსჯელობს. ამ კონტექსტში, მან ყურადღება გაამახვილა კანდიდატი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე დაწესებულ შეზღუდვებზე, მათ შორის, აშშ-სა და ჩინეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით.
პაპუაშვილმა, ასევე, ისაუბრა ევროკავშირის ინსტიტუტებში არსებულ პრობლემებსა და კორუფციის საკითხებზე. მისი თქმით, „ბრიუსელში პოლიტიკური და ფინანსური ინტერესების გავლენის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა და ეს საქართველოს ხელისუფლებას ევროპული ინსტიტუტების მიმართ კითხვებს უჩენს“.

გადაცემაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო 2024 წლის არჩევნების შემდგომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც. პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლების შეფასებით, საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციის მხრიდან ჩარევა იყო. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უცხოურ დაფინანსებაზე, უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების განცხადებებსა და 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზე. მისი თქმით, „საქართველოს ხელისუფლება ამას არასოდეს დაივიწყებს“ და დღემდე ელოდება შესაბამისი ნაბიჯების შეფასებას.
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში განახლებულ სარჩელს შეიტანს, რომლითაც პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. მისი განმარტებით, საუბარია იმ პარტიებზე, რომლებიც, ხელისუფლების შეფასებით, „ანტიკონსტიტუციურად მოქმედებენ და საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრიან“. ამასთან, მისივე თქმით, პარტიის აკრძალვის შემთხვევაში, მოქმედი მანდატების გაუქმება არ მოითხოვება და დეპუტატები და საკრებულოს წევრები უპარტიო წევრებად დარჩებიან.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში არ ერევა და, შესაბამისად, არც სხვა უნდა ჩაერიოს ჩვენს შიდა დემოკრატიაში. მისი თქმით, ქართული პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაა.
შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში ისლანდიაში ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე გამართულ რეფერენდუმზეც ისაუბრა და მისი შედეგები ბრიუსელის მიმართ ნდობის პრობლემას დაუკავშირა. პარლამენტის თავჯდომარის შეფასებით, მთავარი საკითხი სუვერენიტეტი იყო და აღნიშნული პროცესები აჩვენებს, რომ ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ ევროპის ქვეყნებში კითხვები არსებობს.

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *