„ომრი“ – კინოესე ფრიდონ ხალვაშის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე
29 ნოემბერს 19:00 საათზე აჭარის მწერალთა სახლში პოეტისა და საზოგადო მოღვაწე ფრიდონ ხალვაშის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბიოგრაფიული კინოესეს – „ომრის“ პრემიერა გაიმართება. ფილმის რეჟისორი გია დიასამიძეა. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ფილმი, რომელიც პოეტის ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიულ წიგნს დაეფუძნა, მაყურებელს ფრიდონ ხალვაშის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს გააცნობს. ესენია: მაღალმთიან აჭარაში გატარებული ბავშვობა, ბათუმსა და თბილისში ცხოვრების პერიოდები, თურქეთთან, ისტორიულ მემლექეთთან კულტურული კავშირები. ფილმში პოეტის პირადი ისტორია საარქივო მასალების, მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში გადაღებული კადრებისა და პოეტური რეკონსტრუქციების საშუალებით გაცოცხლდება. თხრობას ლაიტმოტივად გაჰყვება ამონარიდები წიგნიდან „ომრი“, რომელსაც მსახიობი ლევან თედორაძე კითხულობს.
როგორ გადაიქცა ფრიდონ ხალვაშის ავტობიოგრაფიული წიგნი კინემატოგრაფიულ ისტორიად, რა აღმოჩენებს გვთავაზობს რეჟისორი საარქივო მასალებზე მუშაობის შედეგად და რა სათქმელს შეიცავს ფილმი?.. ახალგაზრდა თაობის მისამართით ამ საკითხებზე რეჟისორი გია დიასამიძე გვესაუბრება.

– ბატონო გია, რამდენად რთული იყო ერთი ადამიანის ცხოვრების გზის კინემატოგრაფიულ ენაზე გადატანა და რა იყო ის მთავარი, რისი თქმაც ფილმის შექმნისას თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა?
– ისეთი მასშტაბური პოეტისა და მოღვაწის ცხოვრების კინოენაზე გადატანა, როგორიც ფრიდონ ხალვაშია, დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად რთული, შრომატევადი საქმეა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მშრალი ქრონოლოგიის ნაცვლად, ეკრანზე ის ცოცხალი ემოცია და პოეტური რიტმი შეგვენარჩუნებინა, რაც ფრიდონ ხალვაშის „ომრს“ გამორჩეულს ხდის. ამაში წიგნიდან ამოკითხული ფრაგმენტები, საარქივო მასალები, ვიზუალური გადაწყვეტები და, რა თქმა უნდა, მუსიკა დაგვეხმარა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, გამოგვეკვეთა ფრიდონ ხალვაშის ცხოვრებისა და შემოქმედების ის მთავარი ეპიზოდები, რომლებმაც განსაზღვრა მისი, როგორც შემოქმედის, იდენტობა, თან ისე, რომ არ დაგვეკარგა ის გულწრფელობა და სიმართლე, რითაც ეს ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია გამორჩეული.

– ფილმის გადასაღებად პოეტის მშობლიურ სოფელ გეგელიძეებს მიაშურეთ. ფიქრობთ, რომ მშობლიური გარემოს ჩვენებით მაყურებელს იმ შინაგან სამყაროს დაანახებთ, საიდანაც პოეტის შემოქმედება იბადებოდა?
– ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მაყურებელს არა მხოლოდ მოესმინა ფრიდონ ხალვაშის სიტყვები, არამედ ეგრძნო ის ადგილი, სადაც მისი შემოქმედება დაიბადა. ეს ჩვენთვისაც, შემოქმედებითი გუნდისთვის, შეუდარებელი განცდები იყო. გეგელიძეები სწორედ ის რეალური სივრცეა, რომელიც გვეხმარება, დავინახოთ პოეტის შინაგანი სამყარო, მისი ფესვები, გარემო, რომელმაც მისი, როგორც შემოქმედის, ხედვა და არსი განსაზღვრა.

– აღმოაჩინეთ თუ არა არქივში ისეთი უნიკალური მასალა, რომელმაც თავადაც ახლებურად დაგანახათ ფრიდონ ხალვაში?
– საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის არქივში აღმოვაჩინეთ მოსკოვში, 1957 წელს, ქართული ლიტერატურის დღეების ვიდეომასალა, რომელიც ფილმში გამოვიყენეთ. ასევე, იქ ვნახეთ 50-იანი წლების ჩანაწერი – „რა გრიგალები გააპეს“, რომელიც აქამდე გამოყენებული არ ყოფილა. ჩვენთვისაც დიდი აღმოჩენა იყო, განსაკუთრებით ის ჩანაწერები, რომლებიც ფართო ეკრანზე აქამდე არ გამოჩენილა. ამ ყველაფერმა უფრო თვალსაჩინოდ დაგვანახა ფრიდონ ხალვაშის პიროვნების მასშტაბი და ის ცოცხალი ენერგია, რომელიც მის პოეზიასა და საზოგადოებრივ საქმიანობას ახლდა თან.

– ფრიდონ ხალვაშის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია თურქეთში დარჩენილ მის ისტორიულ მემლექეთთან არსებული კულტურული კავშირები. რამდენად მნიშვნელოვანია ამ ხაზის წარმოჩენა ფილმში და რას გვეუბნება ის პოეტის პიროვნებაზე, მის იდენტობასა და კულტურულ მეხსიერებაზე?
– ჩვენთვის მემლექეთის თემის წარმოჩენა პრინციპული იყო, რადგან სწორედ აქ იკვეთება ფრიდონ ხალვაშის კულტურული მეხსიერება და ეროვნული იდენტობა. ფილმში ამ ხაზის არსებობა გვაძლევს საშუალებას, უკეთ დავინახოთ მისი პიროვნების სიღრმე და ის სულიერი კავშირი, რომელიც საზღვრებსა და დროის მიღმა აერთიანებს ადამიანებს. ეს არის საუბარი იდენტობაზე და იმ შინაგან მდგომარეობაზე, რომელსაც პოეტი მთელი ცხოვრება ატარებდა, რამაც დიდწილად განსაზღვრა მისი შემოქმედება.
– ფილმი ფრიდონ ხალვაშის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. რა არის მისი მთავარი გზავნილი მომავალი თაობებისთვის?
– ფრიდონ ხალვაშის სახე და სიტყვა დღესაც აქტუალურია, როგორც შემოქმედის, ასევე როგორც პიროვნული სიმტკიცის, გულწრფელობისა და მშობლიური ქვეყნის სიყვარულის მაგალითი. ეს არის შეხსენება, რომ ისტორია და მეხსიერება მაშინ ცოცხლობს, როცა მას შინაგანი პასუხისმგებლობით ატარებ და ახალ თაობას გადასცემ.
მარიამ ხითარიშვილი