ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის გაფართოებულ სხდომაზე 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. სხდომა გახსნა კომისიის თავმჯდომარე ედნარ კეჟერაძემ.
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი სხდომის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ წარუდგინა. პროექტის მიხედვით, შუახევის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის საწყისი თანხა 36 240 000 ლარს შეადგენს, რაც წინა წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 5 პროცენტით მეტია.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობის საჭიროებებზეა ორიენტირებული და მუნიციპალიტეტის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს. პრიორიტეტი მიენიჭება 27 სოციალური პროგრამის დაფინანსების ზრდას, საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. გათვალისწინებულია ასევე, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვისა და მუნიციპალური სერვისების განვითარება. დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ტურიზმის განვითარებას.
პროექტის ირგვლივ მოსაზრებები გამოთქვეს საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გია დავითაძემ, ნიგაზეულის საჯარო სკოლის დირექტორმა შაქრო ხიმშიაშვილმა და სხვებმა.
ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, მერიას დაუბრუნდება. შესწორებული ვარიანტი საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე წარედგინება.
საჯარო განხილვას შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გიორგი კეკელიძე, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცოტნე ცაბაძე