ლატვიის კამერული გუნდი – ბათუმში
ბათუმის კათოლიკურ ტაძარში ლატვიის ქალაქ ბალდონეს კამერული გუნდის „ტამპუს“ (დირიჟორი – იანის ლაპსა) და ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის ქალთა აკადემიური კამერული გუნდის (სამხატვრო ხელმძღვანელი, სამუსიკო ხელოვნების დოქტორი, აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ზაირა ვადაჭკორია, მთავარი დირიჟორი, აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გელა ვადაჭკორია) ერთობლივი კონცერტი ჩატარდა. საღამო ლატვიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 108-ე წლისთავს მიეძღვნა. ეს თარიღი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ლატვიელი ხალხისთვის და გამოხატავს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ეროვნულ იდენტობასა და სახელმწიფოებრივ ერთიანობას.

ამ მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღის აღსანიშნავად, ლატვიის გუნდმა საკონცერტო ტურნე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართა, მათ შორის, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. კონცერტზე შესრულდა ქართველ, ევროპელ და ლატვიელ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები.
– საქართველო და ლატვია დიდი საგუნდო ტრადიციების ქვეყანაა და ეს საღამოზეც კარგად გამოჩნდა – ორივე გუნდმა ცნობილი ნაწარმოებები მაღალ დონეზე შეასრულა. საღამო მეგობრულ ატმოსფეროში ჩატარდა. ასეთი შემოქმედებითი ღონისძიებები ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების, კულტურული თანამშრომლობისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს, – გვითხრა ზაირა ვადაჭკორიამ.
მანანა ძიძიშვილი