„პირველი ავტოგრაფი“ – მეხუთედ
By

„პირველი ავტოგრაფი“ – მეხუთედ

საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალმა „პირველი ავტოგრაფი“ უკვე მეხუთედ დაიწყო შესანიშნავი სპექტაკლების ჩვენება. ფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი შემოქმედებითი ორგანიზაცია ა(ა)იპ „არტ პორტალია“, დირექტორი -მიხეილ გაბაიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი კი პეტრე ჩარგეიშვილია. ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ ბათუმის მერია. იგი 22 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების თეატრალური დასები მიიღებენ.

მაყურებელი სპექტაკლებს სხვადასხვა ლოკაციაზე ნახავს, ესენია:

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულის თეატრის „მცირე სცენა“, ბათუმის ხელოვნების სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, სკოლა „ევრო 2000“, სკოლა „ნიკე“, ფესტივალის გახსნა-დახურვა – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი.

პირველ ავტოგრაფს“, როგორც ყოველთვის, კვალიფიციური ჟიური ჰყავს: მსახიობი დავით დვალიშვილი (ჟიურის თავმჯდომარე), რეჟისორი და მსახიობი კახა ბაკურაძე, მწერალი ბადრი თევზაძე, რომლებიც გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლენენ. ფესტივალს ჰყავს „თანატოლი ჟიურიც“. ამ სტატუსით  სკოლის მოსწავლე შეარჩევს გამარჯვებულს ნომინაციაში  „საინტერესო პერსონაჟი“. თანატოლი ჟიური დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის გადასცემს აღნიშნულ პრიზს და ასევე, თავადვე შეარჩევს პრიზსაც. გასული საფესტივალო წლების მსგავსად, თანატოლი ჟიური, ირჩევს მომავალ საფესტივალო წელს ვინ იქნება „თანატოლი ჟიურის“ სტატუსის პრეტენდენტი.

23 ნოემბერს მაყურებელმა უკვე იხილა ბათუმის №2 საჯარო სკოლის სპექტაკლი „მარო მაყაშვილის დღიურიდან“ (სცენარის ავტორი და რეჟისორი – მედეა ცინცაძე) და ბათუმის „კავკასიის ბიზნესის სკოლის“ სპექტაკლი „ტრაგედია უგმიროდ” (რეჟისორი და სცენოგრაფი – ლია ძველაია). წარმოდგენები ბათუმის დრამატული თეატრის „მცირე სცენაზე“ გაიმართა.

დღეს, 24 ნოემბერს, ფესტივალის ფარგლებში სამი სპექტაკლია ჩანიშნული: „ნუ გეშინია დედა“ (ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლა), „მარო“ (ბათუმის №15 საჯარო სკოლა) და „ქეთო და კოტე“ (ბათუმის №18 საჯარო სკოლა).

– წელს „პირველი ავტოგრაფი“ მეხუთედ ტარდება და ეს საიუბილეო თარიღია. შარშან, გარკვეული მიზეზების გამო, თეატრის საზოგადოება ქუჩაში იდგა და უარი ვთქვით ფესტივალის ჩატარებაზე. წელს ჩვენი დამფინანსებელი მხოლოდ ბათუმის მერიაა,  ამდენად სხვა მუნიციპალილტეტებს ვერ შევეხმიანეთ და მეტწილად, წარმოდგენილი იქნება ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების თეატრალური დასები. ხელვაჩაურიდან და ქობულეთიდანაც გვყავს რამდენიმე დასი, ვინც თავად შეგვეხმიანა და უარი არ გვითქვამს. ფესტივალი, ტრადიციულად,  ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება. 22 ნოემბერს საზეიმო გახსნა გვქონდა დაგეგმილი, თუმცა ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღონისძიება, რა თქმა უნდა, გავაუქმეთ. გახსნის ცერემონია 25 ნოემბერს გადავიტანეთ, რომელიც ბათუმის თოჯინების თეატრში გაიმართება და ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება თოჯინების თეატრის მიუზიკლი „Love is…“ ფესტივალის მონაწილეები დელფინარიუმის შოუსაც დაესწრებიან. ტრადიციულად, წელსაც გამოვარჩევთ ერთ-ერთ ხელოვანს, ვისაც ღვაწლი მიუძღვის ბავშვების ხელოვნებასთან ზიარების მიმართულებით. მოგეხსენებათ, პირველ საფესტივალო წელს, საბავშვო ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნომინაციაში „დიდი ბავშვი“, მთავარი პრიზი მწერალ გურამ პეტრიაშვილს გადავეცით, მეორე წელს – კომპოზიტორ – დავით მალაზონიას, მესამე წელს – მსახიობ გოგა პიპინაშვილს, მეოთხე წელს – ფილმ „ფეოლას“ (რეჟისორი – ბაადურ წულაძე) მთავარი როლის შემსრულებელ გიგლა ცინცაძეს (ფილმის პერსონაჟი – ხვედელიძე), წელს კი გადავცემთ ილია ჭავჭავაძის სახელობის კახის ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ კოტე ბარიხაშვილს, რომელიც საინგილოდან გახლავთ (ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია). ასევე, ფესტივალი გადასცემს ბათუმის დრამატული თეატრის გარდაცვლილი მსახიობების სახელობის პრიზებს. უკვე გავეცით ბერდია ინწკირველის, ბიძინა მიქაუტაძის, გაიოზ (კუკური) გოგიბერიძის სახელობის პრიზები, წელს კი ლევან ღლონტის სახელობის პრიზს გავცემთ. ამით გვინდა, ახალ თაობას შევახსენოთ და ვასწავლოთ ამ  დიდი ადამიანების სახელ-გვარები, – გვითხრა ფესტივალის დირექტორმა მიხეილ გაბაიძემ.

ფესტივალის მედიამხარდამჭერებია: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზია და რადიო, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი, გაზეთი „აჭარა“ და რადიო „ფორტუნა“; პარტნიორები: ქართული თეატრის ეროვნული არქივი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი, ბათუმის ავტოტრანსპორტი, სახელოსნო „ამქარი“, საკონდიტრო მაღაზია „დონა“, საფურშეტო მომსახურება „ერკეთელი“, „თანდილას მარანი“, წყაროს წყალი „აჭარა“, „ბეტა პრინტი“, სასტუმრო „ლამპარი“ ბორჯომში, სპონსორები: მულტიფუნქციური სამედიცინო ცენტრი „ხოზრევანიძის კლინიკა“, რესტორანი „შეფპოინტი“, კონცეპტ შოურუმი „კორიდორი“, პრემიუმ კარების შოურუმი „გაბილდი“, „არჯი“ გრუპი, შპს გაზსტანდარტი და მაღაზია „კერიონი“.

  • No Comments
  • ნოემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *