აქციები წლის ბოლომდე გაგრძელდება
„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით, აჭარის მთიანეთის მუნიციპალიტეტებში სკრინინგ-აქციები მიმდინარეობს.

აქციების ფარგლებში აჭარის მთიანეთის მუნიციპალიტეტებში 200-მდე ქალმა ჩაიტარა ძუძუს კიბოს სკრინინგი, რაც დაავადების ადრეული გამოვლენისა და ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
შუახევის მუნიციპალიტეტში გამართულ სკრინინგ- აქციას შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სკრინინგ-აქციების მიზანია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, პრევენციული გამოკვლევების მნიშვნელობის ხაზგასმა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქალებს შესაძლებლობა აქვთ, უფასო გამოკვლევები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს ჩაიტარონ“,- გვითხრა იაგო დავითაძემ.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ცოტნე ცაბაძე