გაზსა და წყალზე დიფერენცირებული ტარიფების დაწესება იგეგმება
„ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის ლოგიკაა, დავნერგოთ ენერგორესურსების დაზოგვის პოლიტიკა – ძალიან ჯანსაღია, თუკი გვექნება პოლიტიკა, რომ ის, ვინც ზოგავს და ეკონომიურად მოიხმარს, ნაკლები გადაიხადოს, ეს საზოგადოებაში ენერგიის დაზოგვის მიმართულებით ახალ კულტურას დანერგავს“, – ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.
ბერეკაშვილმა დაჩქარებული წესით – მეორე მოსმენით განხილვისთვის წარადგინა პროექტი, რომლის გათვალისწინებით, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება როგორც წყლის, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.
ბერეკაშვილის განმარტებით, ბუნებრივ აირზე სატარიფო პოლიტიკა იმის მსგავსი იქნება, რაც არის ელექტროენერგიაზე. მისი თქმით, პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა სწორედ იმაზეა აწყობილი, რომ ვინც ნაკლებს მოიხმარს – ნაკლები გადაიხადოს, ხოლო ვინც მეტს მოიხმარს – გადაიხადოს მეტი. ,,სემეკის მიმართ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ წყალსა და გაზზე ტარიფის განსაზღვრის დროს, დიფერენცირებული მიდგომა ჰქონდეს. დიფერენცირებული მიდგომა იმას ნიშნავს, რომ ჰქონდეს სატარიფო პოლიტიკა და ტარიფი იმ მოცულობის მიხედვით დაადგინოს, ვინ რამდენ ბუნებრივ გაზს ან წყალს მოიხმარს.
რაც შეეხება სოციალურად დაუცველი, მოწყვლადი ჯგუფების ნაწილს, მათთან დაკავშირებით სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამები აქვს და ეს პროგრამები ძალაში რჩება. ჩვენ დღემდე სამომხმარებლო ტარიფის მიმართ ერთიანი მიდგომა გვქონდა. ფიზიკური პირები მოიხმარდნენ ბევრს თუ მოიხმარდნენ ცოტას, ტარიფი ყველასთვის ერთიანი იყო. ახლა სატარიფო პოლიტიკა იმის მსგავსი იქნება, როგორიც არის ელექტროენერგიაზე. ყველაფერი სემეკის გადასაწყვეტია – ტარიფს სემეკი განსაზღვრავს. ჩვენ საკანონმდებლო ჩარჩოს ვქმნით და ამ საკანონმდებლო ჩარჩოში სემეკს ვაძლევთ უფლებამოსილებას, რომ თუ საჭიროდ ჩათვლის, დიფერენცირებული მიდგომა ჰქონდეს. ლოგიკა არის ის, რომ დავნერგოთ დაზოგვის პოლიტიკა. ყველა განვითარებულ ქვეყანაში აქცენტი ენერგორესურსების დაზოგვაზე კეთდება. აშშ-სა და ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში მოქალაქეებს ბავშვობიდან უნერგავენ, რომ ენერგორესურსები ლიმიტირებულია და მაქსიმალურად უნდა დაიზოგოს. ძალიან ჯანსაღია, თუკი გვექნება პოლიტიკა, რომ ის, ვინც ზოგავს და ეკონომიურად მოიხმარს, ნაკლებს გადაიხდის. ეს საზოგადოებაში ენერგიის დაზოგვის მიმართულებით ახალ კულტურას დანერგავს.
დიფერენცირებული ტარიფი ნიშნავს იმას, რომ ვინც ნაკლებს მოიხმარს, მისთვის ტარიფი ნაკლები იქნება, ხოლო ვინც მეტს მოიხმარს – მისთვის უფრო მაღალი იქნება“, – განაცხადა ბერეკაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე – წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით, განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.