მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები – აჭარიდან
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და მომავალი თაობების აღზრდაში პედაგოგთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი ათ ღვაწლმოსილ პედაგოგს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა.
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა შორის აჭარიდან არიან: ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი მზიური შავაძე და თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №3 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მირანდა ხაჯიშვილი.
მასწავლებლის ეროვნული პრემია: სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარია.
ოთარ ცინარიძე