პროექტი – ქობულეთის შემოვლითი მონაკვეთის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციისთვის
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის E70 საავტომობილო გზის ქობულეთის შემოვლითი მონაკვეთის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაინტერესებული მხარეები, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრა პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მომზადების ფარგლებში გაიმართა. მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების, მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედებისა და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის მიზანი, ასევე, შეფასებისა და დაგეგმვის პროცესში დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება იყო.
პროექტი ქობულეთის შემოვლითი გზის დაახლოებით 31- კილომეტრიან მონაკვეთზე არსებული ორი ზოლის პარალელურად, დამატებითი ორი ზოლის მშენებლობას ითვალისწინებს.
შეხვედრა ღია იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები, წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები.