მთავარია დროული მკურნალობა
კამპანიის „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი ძუძუს კიბოს პრევენცია და სახელმწიფო პროგრამების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა. ისაუბრეს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებისა და სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
მოწვეული სტუმრის სტატუსით შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, პროფესიით ექიმი სოფიო ბაკურიძე, რომელმაც „ვარდისფერი ოქტომბრის“ მნიშვნელობაზე, რეგიონის მაღალმთიანეთში მცხოვრები ქალბატონების მხარდაჭერასა და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლელა სურმანიძემ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით, უფასო გამოკვლევებს ითვალისწინებს. მან ასევე, აღნიშნა ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის სახელმწიფო დაფინანსებასა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის პროგრამებზე.
– საქართველოში, ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. დაავადების წარმატებული მკურნალობის მნიშვნელოვანი წინაპირობა მისი ადრეული გამოვლენაა. რეგულარული სკრინინგი და ექიმთან დროული მიმართვა ზრდის დაავადების საწყის ეტაპზე აღმოჩენის შესაძლებლობას და ხელს უწყობს მკურნალობის ეფექტიანობას,- თქვა ლელა სურმანიძემ.
შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცოტნე ცაბაძე