იოსებ ჯორბენაძის პერსონალური გამოფენა
თანამედროვე ხელოვნების სივრცე იოსებ ჯორბენაძის მეორე პერსონალურ გამოფენას სახელწოდებით
, მასპინძლობს. ექსპოზიცია მხატვრის შემოქმედებითი გზის სხვადასხვა ეტაპს, მის წარსულ გამოცდილებას, დღევანდელ ხედვასა და ახალ ვიზუალურ ძიებებს აერთიანებს. ღონისძიების მიზანია თანამედროვე ხელოვანების მხარდაჭერა და მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. გამოფენა აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ექსპოზიციაზე სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებია წარმოდგენილი, მათ შორის, პარიზის გამოფენაზე ნაჩვენები სამი ნამუშევარი, რელიგიური თემატიკის ორი ხის კონსტრუქციული ტილო და ახალი ნამუშევრები, რომლებიც რკინისა და ხის განსხვავებულ ფაქტურებს აერთიანებს.
გამოფენის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ცოცხალი პერფორმანსი გახლდათ. მხატვარმა ახალი ნამუშევარი უშუალოდ მაყურებლის წინაშე შექმნა, დამთვალიერებელი არა მხოლოდ საბოლოო შედეგის, არამედ თავად შემოქმედებითი პროცესის მონაწილე და დამკვირვებელი გახდა.


როგორც ავტორი ამბობს, გამოფენის მთავარი კონცეფცია აფეთქებაა, რომელიც ძალის, ენერგიის, ემოციის, სიყვარულისა და შემოქმედებითი იმპულსის სიმბოლოდ არის წარმოდგენილი.
– პერსონალური გამოფენა ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჩატარდა. მაქსიმალური თავისუფლების ხარჯზე მივიღეთ ამბიციური და ხმამაღალი სიტყვა, რომელიც ავთენტურობას ინარჩუნებს და პასუხობს შემოქმედებით თანამედროვეობას. გამოფენა სახელწოდებით
აერთიანებს პირველ პერსონალურ, ახალ და პარიზის გამოფენაზე წარდგენილ ნამუშევრებს. კონცეფცია ერთგვარ „აფეთქებას“ ემსახურება, რომელიც არავის აზიანებს, იგი ანადგურებს წარსულის შეცდომებს, აწმყოსა და მომავლის სინთეზით აშენებს სიახლეს.

სიყვარულით გაჯერებული ხელოვნება განსაკუთრებული ხასიათისაა და აბრევიატურა
ჩემი საყვარელი ადამიანის, თინათინის სახელსაც აღნიშნავს, რაც, ასევე, თავის არსში გულისხმობს წარსული ქმედების გადახარისხებას და მომავლის შენებას. გახსნისას შედგა პერფორმანსი, რომელიც აერთიანებდა თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ექსპერიმენტალურ და ქუჩის მხატვრობის ელემენტებს. მუსიკალურ ნაწილზე პასუხისმგებელი იყო აჩი დავითაძე, იგივე ჩიკი, ბათუმელებისთვის კარგად ნაცნობი დიჯეი არტისტი. რაც შეეხება ექსპოზიციის სპეციფიკას, იგი განსხვავდებოდა როგორც სტრუქტურითა და შესრულების ტექნიკით, ისე საგალერეო სივრცის მოწყობით. ხის, რკინის, ტილოს და სხვა მრავალი მასალის ერთობლიობა ქმნის ერთიანობას, რაც სრულყოფილად წარმოაჩენს შემოქმედის ხედვასა და სათქმელს, – გვითხრა მხატვარმა იოსებ ჯორბენაძემ.
მარიამ ხითარიშვილი