,,ჩემი კვლევის არსი ისაა, რომ ამ ამბებს საფუძვლად უდევს ცაზე დანახული ვარსკვლავები“
ეკატერინე ჩხარტიშვილის წიგნი ,,ამირანიანის კოსმოგონია“ ამირანის უძველეს ქართულ ეპოსს სრულიად განსხვავებულ ასტრომითოლოგიურ ჭრილში განიხილავს და მკითხველს მისი სიმბოლოების, სიუჟეტისა და პერსონაჟების ახლებურ გააზრებას სთავაზობს. წიგნის შექმნის მოტივებზე, კვლევის მეთოდოლოგიაზე, აღმოჩენილ მსგავსებებსა და განსხვავებებზე, ასევე, ნაშრომის მნიშვნელობაზე გვესაუბრება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ასისტენტ პროფესორი ეკატერინე ჩხარტიშვილი.
– ,,ამირანიანის კოსმოგონია“ საკმაოდ კომპლექსური და ორიგინალური კვლევაა, რა გახდა ამ წიგნის შექმნის მთავარი მოტივი და როდის გაჩნდა იდეა, ამირანის ეპოსისთვის ასტრომითოლოგიური კუთხით შეგეხედათ?
– მითოლოგია და ასტრონომია ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის სფერო. ბავშვობიდან მიყვარდა ზღაპრები და მითები და მათ რეალურად შესაძლო ამბებად აღვიქვამდი. მერე რა, რომ ჩემი თვალით არ მინახავს ბევრი ჯადოსნური თუ მითიური არსება, ისინი ხომ გონების თვალით დაგვინახავს. ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე არსებობენ და რაღაცას გვასწავლიან თავიანთი „მოღვაწეობით“ – ეს უკვე სიცოცხლეა. ასტრონომიის სიყვარული კი პროფესიადაც გადამექცა, მათემატიკოსი ვარ და, ამას გარდა, საზღვაო აკადემიაში ასტრონავიგაციის საგანსაც ვასწავლი.
ამ ორი სფეროს სინთეზის ამბავი კი ასე დაიწყო. დედაჩემი, თინა შიოშვილი, არის ფილოლოგი, ფოლკლორისტი, ბსუ-ის პროფესორი. წელს, იანვრის არდადეგებზე, მისი ბიბლიოთეკიდან რამდენიმე წიგნი წამოვიღე. ზღაპრებს და მითებს გადავიკითხავ-მეთქი. „ამირანიანი“ ბავშვობის შემდეგ არ გადამიკითხავს და მაშინ რას დავაკავშირებდი. ახლა, ამ ასტრონომიული ცნობიერებით კითხვა რომ დავიწყე, მივხვდი, რომ ეს ციური ამბები იყო და დავიწყე კვლევა.
– რას გულისხმობთ თავად ტერმინში ,,ამირანიანის კოსმოგონია“ და რით განსხვავდება თქვენი მიდგომა ამირანის ეპოსის ტრადიციული ფოლკლორული კვლევისგან?
– ტრადიციული ფოლკლორული მიდგომა არის ტექსტის კვლევა ნარატივებისა თუ ენობრივი კუთხით, ასევე, მორალის, ქართული ხასიათისა და ყოფის, ტრადიციების, ისტორიის თვალსაზრისით, ხოლო ჩემი კვლევის არსი ისაა, რომ ამ ამბებს საფუძვლად უდევს ცაზე დანახული ვარსკვლავები, თანავარსკვლავედები თუ ცალკეული ასტერიზმები, რომლებშიც პერსონაჟებსა თუ ცალკეულ ნივთებს ხედავდნენ და უკვე ამის შემდეგ თხზავდნენ ამბებს. თანაც, მხოლოდ ფილოლოგიური მიდგომით „ამირანიანის“ ზოგიერთი ეპიზოდი ნონსენსად, ლოგიკურად გაუმართავად გამოიყურება. ეს ამბები დროთა განმავლობაში მოწყდა ასტრონომიულ სარჩულს, ასე ვთქვათ, მითის დეკოსმოგონიზაცია მოხდა. „ამირანიანის კოსმოგონიის“ მიზანია, მკითხველს დაანახოს, რომ ამირანის ეპოსი ასტრონომიასთან ერთად უნდა განიხილებოდეს, უნდა მოხდეს მითის ერთგვარი რეკოსმოგონიზაცია და მაშინ ყველაფერი, რაც მითშია, თავის ადგილზე დაჯდება. უფრო მეტიც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შემონახული ორვერსიანი (კოლხური და იბერიულ-კავკასიური) მითის სხვადასხვა ვარიანტი ერთსა და იმავე ციურ სურათზე განსხვავებული დაკვირვებისა და ინტერპრეტაციის შედეგად არის ჩამოყალიბებული.

– წიგნში ამირანის ეპოსის სიუჟეტებისა და ასტრონომიული კანონზომიერებების შესაბამისობაზე საუბრობთ. რამდენად მყარად შეიძლება ამ კავშირების დადგენა და რა მეთოდოლოგიით მიხვედით თქვენს დასკვნამდე?
– მეთოდს, რომლითაც „ამირანიანის“ სიუჟეტებისა და ასტრონომიული ფენომენების შესაბამისობებზე მაქვს საუბარი, შეიძლება, ინდუქციურიც ვუწოდოთ. თუმცა, ამ სიუჟეტების შექმნა, თავიდან, რა თქმა უნდა, დედუქციური ხასიათისა იყო.
– თქვენი კვლევა მხოლოდ ქართულ ფოლკლორულ მასალას არ ეყრდნობა და მსოფლიო ხალხთა მითოლოგიებსაც ადარებთ. რა საერთო მოტივები აღმოაჩინეთ ქართულ ამირანსა და სხვა ხალხების მითებში?
– დიახ, აუცილებლად უნდა შემედარებინა ჩვენებურად დანახული ცა და ცის პერსონაჟები სხვა ხალხთა მიერ ინტერპრეტირებულთან. საინტერესო პარალელები აღმოჩნდა. როდესაც ამბრის პერსონაჟი თავისი გადმოვარდნილი ბარკლითა და მარადი სვლით ცაზე, დიდი დათვის თანავარსკვლავედს დავუკავშირე და დავძებნე სხვადასხვა ხალხის მითოსი, არაბულ წყაროებში აღმოვაჩინე ანალოგიური სიუჟეტი მასზე – თურმე არაბებიც აღნიშნულ ასტერიზმს მიცვალებულის საკაცედ, კუბოდ წარმოიდგენდნენ და მის ტრიალს ცაზე სამგლოვიარო პროცესიად მიიჩნევდნენ.
ბერძნულ მითოლოგიასთან შედარებამ საინტერესო აღმოჩენამდე მიმიყვანა. ორიონი იყო მონადირე და მისი მტერი იყო მორიელი, შემდეგ ღმერთებმა ორივე ცაზე განათავსეს, მაგრამ დააშორეს ერთმანეთს, რათა არასდროს შეხვედროდნენ. ცამცუმის ანდერძიდან კი ირკვევა, რომ ის უძლეველი მოკვდა, მაგრამ ბაყბაყდევის ჯავრი ჩაჰყვა, ანუ ვერ შეხვდა მას. მორიელის თანავარსკვლავედს ქართველები ღრიანკალის თანავარსკვლავედს ვუწოდებთ. აი, თურმე რატომაც ღრიანკალის თანავარსკვლავედია ბაყბაყდევი, რომელსაც ღრიალი დააწყებინა ამირანმა და ამ ამბის გამო უნდა შემორჩენოდა მას ეს სახელი. ასეთი შესაბამისობებით აიხსნება „ამირანიანის“ სხვა ამბებიც და ახლა მოკლედ მოყოლას სჯობს, თავად გაეცნოს დაინტერესებული მკითხველი.
– განსაკუთრებით საინტერესოა ვარსკვლავებად გარდაქმნის მითების საკითხი. როგორ აისახება ციური სამყაროს წარმოდგენები ამირანის ეპოსის პერსონაჟებსა და სიუჟეტებში?
– ვარსკვლავებად და თანავარსკვლავედებად გარდაქმნის ფენომენს კატასტერიზმს უწოდებენ. ეს არის ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეფცია, სადაც მითოლოგიური გმირები, ცხოველები თუ საგნები ცაზე „ინაცვლებენ“. როდესაც სრულდება მიწიერი მისია, შემდეგ ღმერთები მას ცაზე აღაზევებენ, რათა მათი ისტორია სამუდამოდ დარჩეს კაცობრიობას. ბერძნული მითოლოგიისთვის კატასტერიზმის შემდეგ, ისინი ასრულებდნენ თავიანთ „მოღვაწეობას“, ანუ ცა ძველი ბერძნებისთვის ერთგვარი გალერეაა. ხოლო ძველი ქართველებისთვის ცაზე ცქერისას ცოცხლდებოდა სიუჟეტები, ისინი რომლებიც სეზონურად შეესაბამებოდნენ ღამეული ცის სურათს. ეს სიუჟეტები კალენდარულ ფუნქციასაც შეასრულებდნენ. კალენდარული მნემონიკური ამბები ვითარდებოდა ცის სცენაზე. ეს ნიშნავს, რომ ცა სტატიკური არ იყო ძველი ქართველისთვის. ამირანის ეპოსი არის არა კატასტერიზმის ისტორია იმ გაგებით, რომ ღმერთებმა ცაზე „გააშეშეს“ პერსონაჟი თუ ნივთი, არამედ ესაა ციური პერსონაჟების ცხოვრება, მათი ისტორიები, მათი მოქმედებები, მათი დრამა, რომელიც უშუალოდ ცის თაღზე, ცის სცენაზე ვითარდება.
როდესაც ამირანმა ძმებთან ერთად დამარხა ცამცუმი, კოშკის ანუ ცის თაღის ის ადგილი გათავისუფლდა. ამის შემდეგ, ერთ-ერთ ვარიანტში ამირანი ამბობს კიდეც, რომ ერთი მინდორია და ის მომეცით მეო. ანუ ის გამოთავისუფლებული ადგილი ისურვა თავად, სადაც დააბამენ კიდეც ჯაჭვით.
„ამირანიანის“ ერთ ვარიანტში ნათქვამია, რომ ზეციდან ჩამოვიდნენ ანგელოზები, შებოჭეს ამირანი, წაიყვანეს ზეცაში და იქ დააბეს ჯაჭვით. წაიყვანეს ზეცაში და იქ დააბეს ჯაჭვით – ესაა ქართული კატასტერიზმის ანუ თანავარსკვლავედად გადაქცევის დადასტურება.
– ამირანის ეპოსი საუკუნეების განმავლობაში ზეპირი ტრადიციით გადმოიცემოდა. თქვენი აზრით, მის უძველეს შემქმნელებს ციური მოვლენებისა და სამყაროს აგებულების შესახებ განსაკუთრებული წარმოდგენები ჰქონდათ?
– ის ეპოქა უნდა წარმოვიდგინოთ. არ იყო ელექტროენერგია, არ იყო ქალაქისა თუ სოფლის განათება, არ იყო ლამპიონები, ჰაერი არ იყო ისე დაბინძურებული, როგორც ახლა, ცა იყო სუფთა. მზის ჩასვლის შემდეგ, ბევრი გასართობიც არ ექნებოდათ, დღევანდელობას თუ შევადარებთ. მათი ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, თეატრი და კინო იყო ცა. უყურებდნენ ცას, ვარსკვლავებს, ვარსკვლავებს წარმოდგენით აერთიანებდნენ, ავლებდნენ წარმოსახვით ხაზებს, უსადაგებდნენ ფიგურებს. რა გასაკვირია, თუ ჩვენზე მეტად იყურებოდნენ ცაში და აკვირდებოდნენ, სწავლობდნენ. ჩემი აზრით, ამ დაკვირვებებს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა მითების სიუჟეტების ჩამოყალიბებაში. გენიალური ნიკოლოზ ბარათაშვილი როცა ბრძანებს:
„ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი
ჯერ კიდევ გულზე მაქვს დაჩნეული
აწცა , რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ,
ფიქრნი მყის შენდა მოისწრაფვიან,
მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ
და ლაჟვარდშივე განიბნევიან.“
„ჯერ კიდევ გულზე მაქვს დაჩნეული“, – ეს სტრიქონები, ჩემი აზრით, გარდასულ, ჩვენამდე ვერმოღწეულ ქურუმულ სიბრძნე-გამოცდილებათა გამო ამოხეთქილი უღონობის ტკივილია, რადგანაც რომანტიკოს პოეტს აწმყოში აღარ ძალუძს, ღამეულ ცაზე ვარსკვლავთა განლაგებით სამშობლოს ბედ-იღბალი განსჭვრიტოს, რადგანაც დაკარგულია ის ცოდნა, რაც „ამირანიანის“ შემქმნელებს ჰქონდათ.
– რამდენად გვეხმარება ასტრომითოლოგიური მიდგომა ამირანის ეპოსის ისეთი სიმბოლოებისა და ეპიზოდების ახსნაში, რომელთა ჩვეულებრივი ფოლკლორული ან ლიტერატურული ანალიზი შესაძლოა, ბოლომდე გაუგებარი დარჩეს?
– დედუქციურად შექმნილი „ამირანიანის“ ვარიანტების ინდუქციურად ამოხსნა-ახსნაზე ვსაუბრობდით. პირველი, რაც „დავინახე“, ის გახლავთ, რომ ცის სცენასთან იყო კავშირში, იყო ცის კოშკში მწოლიარე გმირის, რომელსაც ცამცუმად მოიხსენიებენ, აღწერა. ზოგ ვერსიაში მას ფარი და ხმალი უჭირავს, ზოგში – ლახტი, გვერდით ცხენი და შუბი აქვს; ამ ნიშნების ერთობლიობამ მიმიყვანა ჰიპოთეზამდე, რომ აქ ორიონის თანავარსკვლავედია ასახული. ამის შემდეგ უკვე იმ კუთხით დავიწყე მითის სხვადასხვა ვარიანტის წაკითხვა, რომ ვუსადაგებდი ერთმანეთს ციურ ობიექტებსა და პერსონაჟებს. როგორც იტყვიან, ყველაფერი თავის ადგილზე ჯდებოდა. საინტერესო იყო ე.წ. შეუსაბამობებზე, ანაქრონიზმებზე მუშაობა. მაგალითად, ის, რომ გმირს „თითებსა და თითებს შუა წიგნი ჰქონდა ქაღალდისი“. წიგნი, კი, ბატონო, ინფორმაციის შემცველი ნივთი ან ტექსტია, ზოგადად, მაგრამ ქაღალდს რა უნდოდა „ამირანიანის“ შექმნისას? თანაც, ეს სალექსო ფორმაშია ნახსენები, რაც უფრო მყარად მიიჩნევა, ანუ ნაკლებად შეცვლადად დროთა განმავლობაში. იმაზე დაყრდნობით, რომ ყველა ნიშნით ორიონის თანავარსკვლავედის შესაბამისადაა სიუჟეტი, გამოთქმული მაქვს ვარაუდი, რომ თავდაპირველი ფორმა შეიძლებოდა ყოფილიყო „წიგნი ჰქონდა მაღლად ისი“, რადგან ის ხელი, რომელშიც წიგნია, მაღლა აქვს აწეული ორიონის ფიგურას. შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში, ქაღალდის შემოსვლასა და მითის კოსმოსურ სარჩულზე მოწყვეტასთან ერთად, „მაღლად ისი“ შეცვლილიყო ფონეტიკურად მსგავსი ფორმით – „ქაღალდისი“. ასევე, გაირკვა კიდევ ერთი დიდი შეუსაბამობის საკითხი: როდესაც კოშკის გმირი თავის თავზე ამბობს, რომ „არც ისე დაკარგული ვარ, ძმისწული ვარ უსუფისი“-ო. უსუფიც, ბადრიც და ამირანიც იქვე არიან და ვერავინ სცნობს. გაუგებარია, ხომ? ეს არც ისე დაკარგულობით, ანუ ლოკაციით, „გასწორებადი“ ნონსენსი იყო. ასევე, გაირკვა ყორნის ნაშობი გოშიას ამბავიც, თუ როგორ მოხდენილად აკავშირებდნენ ცის ფიგურებსა და ადამიანურ ციკლებს. ყორნისა და დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედები ერთ ციურ პარალელზეა, თანაც, მათ შორის კუთხურ მანძილს თუ დროში გადავიყვანთ, 9 თვეა. ახლა კი მარტივად დაკავშირდება ის, რომ თუ ყორნის თანავარსკვლავედის შუაღამის კულმინაციის დროს გახდებოდა ფეხმძიმედ ქალი, ბავშვი დაიბადებოდა დიდი ქოფაკის დროს, ანუ როდესაც შუაღამისას ის, თავისი კაშკაშა ვარსკვლავ სირიუსით, ცაზე არის ზედა კულმინაციაში. ცოტა მაწვალა „ცხრათა ფრინველთა მხარგრძელთა“ ამბავმა, თუმცა, როდესაც ამოვხსენი, ულამაზესი სიუჟეტიც გამოჩნდა ცაზე, რისი ცქერისასაც ათქმევინა ძველ ქართველს: „ცხრათა ფრინველთა მხარგრძელთა ალგეთის ჭალა გაექნა, უძმოსა, უმამისძმოსა, ამირანს თავი მოეკლა“.
– წიგნში ერთმანეთთან იყრის თავს ფოლკლორი, მითოლოგია, ასტრონომია და სხვა ცოდნის სფეროები. რამდენად რთული აღმოჩნდა სხვადასხვა დარგის მონაცემების ერთიან კვლევით სისტემაში მოქცევა?
– წიგნის წინასიტყვაობაში მოხმობილი მაქვს მიხეილ ჩიქოვანის სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ ამირანოლოგიის საკითხების კვლევისას სხვადასხვა სფერო უნდა გამოვიყენოთ, რაც აქამდე არ მოხდა. ეს ექიმების კონსილიუმის მოწვევის ანალოგიურია – როდესაც საკითხი გაუგებარია, კომპლექსური მიდგომაა საჭირო. მიხეილ ჩიქოვანის ვარაუდი გამართლდა – „ამირანიანის“ ასტრონომიის ცოდნით წაკითხვამ საინტერესო შედეგებამდე მიგვიყვანა.
– დაბოლოს, ,,ამირანიანის კოსმოგონია“ არა მხოლოდ შინაარსით, არამედ მაღალი პოლიგრაფიული დონითაც გამოირჩევა რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, რომ წიგნის ფორმა და ვიზუალური მხარე თავად კვლევის შინაარსს და მის სამყაროს ორგანულად შერწყმოდა?
– დიახ, ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო; რადგან წიგნი ფართო მკითხველისთვის იყო განკუთვნილი, ის უნდა ყოფილიყო ფერადი, კარგად ილუსტრირებული, რათა მკითხველს სათანადოდ დაენახა და ადვილად აღექვა ცისა და მითის შესაბამისობები. A4 ფორმატიც ამიტომ შეირჩა, რომ ილუსტრაციების ზომაზე შეზღუდვა არ ყოფილიყო და მისი შესაბამისი ტექსტიც იქვე ყოფილიყო. გარეკანის მხატვარი ჩემი ძმისშვილია – ქეთევანი. მთელი ოჯახი გვერდში მედგა, წიგნი ოჯახის ხარჯით გამოვეცით, რაოდენობა შეზღუდულია. PDF ვერსია უფრო მეტ ადამიანს დავურიგე.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მთავარ მოტივატორს, ჩემს ძმისშვილს – ნატალიას, მისი მხარდაჭერა და ხშირად, კონტროლიც, მმატებდა მუშაობის ძალასა და სტიმულს.
ლაშა ხომერიკი