„ბიაფი“ 20 წლისაა – კინოს სიყვარულით დაწერილი ისტორია გრძელდება
By

„ბიაფი“ 20 წლისაა – კინოს სიყვარულით დაწერილი ისტორია გრძელდება

ოცი წლის წინ ბათუმელი რეჟისორის,  გიორგი გოგიბერიძის იდეით დაწყებული ამბავი, ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი – (BIAFF) ორი ათეული წელია, მაყურებელს კინოს სამყაროში მამოგზაურებს, გამორჩეულ ფილმებსა და დაუვიწყარ შეხვედრებს სთავაზობს.

წლების განმავლობაში ფესტივალს არაერთი გამოწვევის გადალახვა მოუწია, თუმცა, ყოველ ჯერზე შეძლო სირთულეებთან გამკლავება და მაყურებელთან დაბრუნება. დღეს „ბიაფი“ უფრო ამაყად აგრძელებს არსებობას და ახალ ეტაპს განსაკუთრებული პროგრამით, სიახლეებითა და კინოსადმი უცვლელი სიყვარულით ხვდება.

ბათუმი კიდევ ერთხელ იქცა კინოს ქალაქად. 19 სექტემბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა რიგით მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი, რომლის საიუბილეო ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი მამუკა ბლიაძე დაესწრნენ.

ფესტივალის გახსნის საღამოს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა – ქართველმა მაყურებელმა პირველად ნახა რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმი „გურია“, რომლის მსოფლიო პრემიერა ვენეციის 83-ე  კინოფესტივალზე გაიმართა და საერთაშორისო მედიისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლების დიდი ინტერესი გამოიწვია.

კინოჩვენებამდე ფესტივალის ორგანიზატორებს საიუბილეო თარიღი მიულოცა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ. მისასალმებელ სიტყვაში მან ყურადღება გაამახვილა ფესტივალის როლზე ქართული კინოხელოვნების განვითარებაში, საერთაშორისო კულტურული დიალოგის გაძლიერებასა და რეგიონის პოპულარიზაციაში. მინისტრმა, ასევე, აღნიშნა სახელმწიფო ინსტიტუციების მხარდაჭერის მნიშვნელობა ფესტივალის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში.

– ვულოცავ  ფესტივალს 20 წლის იუბილეს. ძალიან სასიამოვნოა, რომ უმაღლესი დონის ფესტივალი, რომელიც ტარდება ბათუმში და რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი კინოს ინდუსტრიის განვითარებაში, ტარდება ისევ და ისევ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფესტივალისთვის იქნება  დასაწყისი მეორე ეტაპის, ახალი სუნთქვის და ახალი შემართების. ძალიან მალე ჩვენ გვეწვევიან მსოფლიო ვარსკვლავები და ბათუმი გახდება ფილმების ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი. ეს არის მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის და ბათუმისთვის, რასაკვირველია, – განაცხადა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ.

ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილე მიხეილ კიკნაძემაც. მან საიუბილეო თარიღი ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიულოცა და აღნიშნა, რომ „ბიაფი“ ქართული კინოინდუსტრიის განვითარებისა და საერთაშორისო კინემატოგრაფიულ სივრცესთან ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის.

– ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი მნიშვნელოვანი პლატფორმაა როგორც ქართული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის, ისე ეროვნული კინემატოგრაფიის საერთაშორისო კინოინდუსტრიასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის. შესაბამისად, სამინისტრო ამ და სხვა მსგავსი ტიპის პლატფორმების და ღონისძიებების მუდმივი მხარდამჭერია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამა და საერთაშორისო კინემატოგრაფიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. წელს ფესტივალი მეოცედ იმართება. საიუბილეო თარიღს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, – აღნიშნა მიხეილ კიკნაძემ.

საიუბილეო საღამოს საპატიო სტუმრებს შორის იყო ცნობილი პოლონელი რეჟისორი აგნეშკა ჰოლანდი – „ოსკარის“ სამგზის ნომინანტი და ევროპის კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტი. კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას BIAFF-ის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

 

რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა ბათუმთან და „ბიაფთან“ დაკავშირებულ მოგონებებზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ მისთვის ამ ქალაქში დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული, ხოლო საკუთარი ფილმის ბათუმელი მაყურებლისთვის პირველად წარდგენა ორმაგად სასიხარულოა.

– წლებია ჩამოვდივარ, ყოველთვის მხვდება ძალიან დიდი სითბო, სტუმართმასპინძლობა და კინოს ძალიან დიდი სიყვარული. კარგია, როცა ქართული კინო ხსნის კინოფესტივალს, კარგი ტრადიციაა. აღნიშნულ კინოფესტივალთან მიმართებით წლებია, ძალიან კარგი შთაბეჭდილება მაქვს. პირველ რიგში, გიორგი გოგიბერიძე მახსენდება, ვინც დააფუძნა ეს ფესტივალი და მისი მეგობრები. მიხარია, რომ ეს გზა ღირსეულად გრძელდება. რაც შეეხება ფილმ „გურიას“, ვღელავდი, რადგან პირველად ვაჩვენეთ ქართულ მაყურებელს და მიხარია, რომ ეს ბათუმში მოხდა, რადგან მე ნახევრად აჭარელი ვარ და როგორც სახლში, ისე ვგრძნობ თავს, – აღნიშნა ლევან კოღუაშვილმა.

„ბიაფის“ საიუბილეო გახსნა განსაკუთრებული იყო არა მხოლოდ კინემატოგრაფისტებისა და მოწვეული სტუმრებისთვის, არამედ მაყურებლისთვისაც. ფესტივალი, რომელიც წლების განმავლობაში ბათუმის კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, კინოს მოყვარულებს ყოველწლიურად ახალი შთაბეჭდილებებისა და აღმოჩენების მოლოდინს უჩენს.

– ჩემთვის „ბიაფი“ ბათუმის სავიზიტო ბარათია. ეს ის ფესტივალია, რომელსაც ყოველ წელს განსაკუთრებულად ველოდები. მიხარია, რომ ბათუმში გვაქვს ფესტივალი, რომელზეც შეგიძლია ნახო საინტერესო ფილმები, გაეცნო სხვადასხვა ქვეყნის კინემატოგრაფიას და თავადაც იგრძნო, რამდენად დიდი ძალა აქვს კინოს. ოცი წელი ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს არის ერთგულება, სიყვარული და ტრადიცია, რომელიც თაობებს აერთიანებს. მინდა, ეს ისტორია კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, – გვითხრა „ბიაფის“ გულშემატკივარმა ელენე ვადაჭკორიამ.

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი წელს მაყურებელს დაახლოებით 100 ფილმს წარუდგენს. მრავალფეროვანი პროგრამა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, აღდგენილი ქართული კინომემკვიდრეობის ნიმუშებისა და ქართული ანიმაციების ჩვენებებს, ასევე, არაერთ სხვა აქტივობას მოიცავს.

ფესტივალის მიზანია ქართული კინოინდუსტრიის წარმოჩენა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, კულტურული დიალოგის გაძლიერება და რეგიონის პოპულარიზაცია.

პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან, ასევე, საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ბათუმის მერია, საქართველოში იტალიის საელჩო, „ქართული ფილმი“ და საქართველოს ეროვნული არქივი.

BIAFF 2026-ის კინოსეანსები ოთხ სივრცეში გაიმართება: „კავეა გრანდ მოლში“, ბათუმის დრამატულ თეატრში, ევროპის მოედანსა და „ივერია ბიჩზე“.

ევროპის მოედანზე დაგეგმილი ჩვენებები თავისუფალია, დანარჩენ სივრცეებში კი მაყურებელს ბილეთებით შეეძლება დასწრება. ბილეთები ხელმისაწვდომია TKT.GE-ზე. ფესტივალი 26 სექტემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრში გამართული დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.

ოცი წლის წინ დაწყებული ამბავი გრძელდება – ახალი ფილმებით, ახალი შეხვედრებითა და ახალი ემოციებით. „ბიაფი“ კვლავ აერთიანებს კინოს მოყვარულებს და ბათუმს იმ განსაკუთრებულ სივრცედ აქცევს, სადაც ხელოვნება, კულტურა და ადამიანების სიყვარული ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.
  ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • სექტემბერი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *