„LOVE is…“ – ბათუმის თოჯინების თეატრი სეზონს მიუზიკლით გახსნის
By

„LOVE is…“ – ბათუმის თოჯინების თეატრი სეზონს მიუზიკლით გახსნის

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, 90-ე თეატრალური სეზონი 25 სექტემბერს პრემიერით – (ვესტსაიდის ისტორიის მიხედვით) გაიხსნება.
თეატრის საიუბილეო სეზონთან დაკავშირებით, ეზოში არქივის გამოფენა მოეწყობა. 17:00 საათიდან 18:00 საათამდე თეატრის წინ მაყურებელს კოსტიუმირებული პერფორმანსი ელოდება. 18:00 საათზე კი მაყურებელი ცნობილ მიუზიკლს იხილავს, რომლის რეჟისორი სალომე ჯიჯავაძეა.
ამბავი, რომელსაც სცენაზე ვიხილავთ, ორ მეტოქე ჯგუფს ეხება, რომელთა შორის არსებული საზღვრის გადაკვეთა აკრძალულია. ეს არის ამბავი ქუჩებზე, სადაც სიყვარული სისუსტედ ითვლება, ხოლო ძალადობა – გადარჩენის საშუალებად. ამ გარემოში ტონი და მარია ხვდებიან ერთმანეთს. მათი გრძნობა იმ სივრცეში იბადება, სადაც სიყვარულისთვის თითქოს ადგილი აღარ არის. ისინი ცდილობენ, ერთმანეთი აირჩიონ, მაგრამ ირგვლივ გამეფებული სიძულვილი ახალგაზრდებს არჩევანის თავისუფლებას არ უტოვებს. როდესაც სიყვარული შურისძიებას უპირისპირდება, მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: შეუძლია სიყვარულს გადაარჩინოს ისინი სამყაროსგან, რომელმაც თავად ეს გრძნობა დაივიწყა? – ეს არის ამბავი სიყვარულზე, რომელიც სიძულვილზე ძლიერი აღმოჩნდა, მაგრამ სიძულვილითა და ძალადობით აღსავსე სამყაროში გადარჩენა ვერ შეძლო.
თეატრალური სეზონის გახსნამდე ბათუმის თოჯინების თეატრს ვესტუმრეთ და შემოქმედებით ჯგუფს გავესაუბრეთ.
– ამ სეზონის გახსნა ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან საიუბილეო, 90-ე სეზონია და ვფიქრობ, სიახლეებით იქნება დატვირთული. მთავარი შემოქმედებითი მიმართულება მოზარდის ხაზის წინა პლანზე წამოწევაა. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ შევძლებთ დავაინტერესოთ და მოვიზიდოთ ახალგაზრდები, გავუჩინოთ მათ სურვილი, მოვიდნენ თეატრში და ის სივრცე საკუთარ ადგილადაც აღიქვან. ამისთვის თეატრი ყველაფერს აკეთებს. ამასთან, განვაახლეთ დარბაზი და სამუშაო სივრცეები, გავაუმჯობესეთ სამუშაო გარემო სამხატვრო სახელოსნოსთვის, რომელზეც, ფაქტობრივად, დგას თეატრი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თეატრის განვითარება მხოლოდ სცენაზე არ აისახოს, ეს უნდა იგრძნობოდეს იმ ადამიანების ყოველდღიურ სამუშაო გარემოშიც, რომლებიც ამ ყველაფერს ქმნიან. ამ მიუზიკლით ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმ მწვავე პრობლემებზე საუბარი, რომლებიც დღეს განსაკუთრებით დგას ახალგაზრდების წინაშე. ეს არის უსიყვარულობა, ერთმანეთისგან გაუცხოება, საზოგადოების მხრიდან მიუღებლობა და ძალადობა. სწორედ ამ პრობლემებზე გვინდა დავაფიქროთ მაყურებელი. სიყვარულზე მეტია, ეს არის ამბავი ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ იპოვონ საკუთარი ადგილი სამყაროში, სადაც ერთმანეთის მიღება ხშირად გვიჭირს. მთავარი სათქმელიც ძალიან მარტივი და, ამავდროულად, ყველაზე რთულია – ვისწავლოთ პატიება, სიყვარული და, რაც ყველაზე მთავარია, ვისწავლოთ შემწყნარებლობა. არ უნდა მივცეთ გარემოს უფლება, მოკლას ჩვენში ადამიანი. დადგმის პროცესი ურთულესი იყო. ამ პროექტის განხორციელებას ბევრი წინაღობა და სირთულე ახლდა, თუმცა ყველაფერს გავუმკლავდით, რადგან სპექტაკლზე მუშაობს გუნდი, რომელიც საქმეში მთელი გულით, დიდი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით არის ჩართული. ვისაუბრებ იმ ადამიანებზე, რომელთა წვლილიც ამ სპექტაკლის შექმნაში უმნიშვნელოვანესია. მინდა აღვნიშნო ჩვენი მხატვარი – დავით ტაკიძე, რომელმაც ამ სპექტაკლის ვიზუალურ მხარეზე საოცრად იმუშავა. მან შექმნა არა მხოლოდ სცენური გარემო, არამედ ამ ისტორიისთვის სრულიად განსაკუთრებული სივრცე და ულამაზესი კოსტიუმები, რომლებიც პერსონაჟების სამყაროს კიდევ უფრო მეტად აცოცხლებს. ქორეოგრაფ გიორგი გიგიშვილს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის სპექტაკლის შექმნაში. მისი რთული ქორეოგრაფიული მასალა ჩვენს არტისტებს სრულიად განსხვავებულ ფიზიკურ და შემოქმედებით სამყაროში ამყოფებს. დიდი მადლობა ქალბატონ მაკა აროშიძეს, ჩვენი მიუზიკლის ლიბრეტოს ავტორს, რომელმაც ეს ისტორია ქართულად აამღერა. ძალიან დიდი სიამოვნება იყო მასთან მუშაობა და ამ შემოქმედებითი პროცესის ერთად გავლა. მუსიკის პედაგოგმა ირმა გოგელიამ, შეიძლება ითქვას, შეუძლებელი შეძლო – ძალიან დიდი შრომა დასჭირდა, რომ ჩვენი მსახიობები რთულ მუსიკალურ მასალას დაუფლებოდნენ და ამ ჟანრში თავი თავისუფლად ეგრძნოთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს არტისტებს, რომლებიც სრულიად უჩვეულო ჟანრში აღმოჩნდნენ. მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს, ისწავლეს, შეიცვალნენ, საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინეს. და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს მოწვეულ მოცეკვავეებს, რომლებიც დღეს უკვე ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრები არიან. მათ პროფესიონალიზმსა და ენერგიას სპექტაკლი სხვა საფეხურზე აჰყავს. ამიტომ ეს სპექტაკლი ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, მხოლოდ დადგმა არ არის. ეს არის ძალიან დიდი გუნდის ერთობლივი შრომის შედეგი, ადამიანების, რომლებმაც სირთულეების მიუხედავად, ბოლომდე ირწმუნეს ამ პროექტის და მთელი გულით შექმნეს ის, რასაც მაყურებელი სცენაზე იხილავს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თეატრის თითოეულ თანამშრომელს: ტექნიკურ რეჟისორს, მხატვარ-შემსრულებლებს, ტექნიკურ ჯგუფს, ადმინისტრაციას, სცენის ბიჭებს და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ სპექტაკლის შექმნაში თავისი შრომა ჩადო. ვთვლი, რომ ყველაზე დიდი მადლობა სწორედ იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც სცენაზე არ ჩანან. მაყურებელი მათ ვერ ხედავს, მაგრამ მათი შრომის გარეშე სპექტაკლი უბრალოდ, ვერ შედგება,- გვითხრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა, რეჟისორმა სალომე ჯიჯავაძემ.

– მე და სალომემ რამდენიმე სპექტაკლზე ერთად ვიმუშავეთ. აქედან გამომდინარე, ბევრი განხილვა არ დაგვჭირდა, ნაწილობრივ, ინტუიციურად გავყევით ყველაფერს – რა და როგორ გაგვეკეთებინა. ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო ის, რომ სცენაზე არ გამომეყენებინა შავი ფერი. როდესაც მოზარდებისთვის იდგმება სპექტაკლი, უმეტეს წილად, სიფერადე გვაკლია. ეს ხომ ბავშვების და მოზარდების თეატრია? მე ვარ მხატვარი, რომელსაც ფერები ძალიან უყვარს და ვფიქრობ, ეს მაყურებლისთვისაც მოულოდნელი ეფექტი იქნება. ასევე, გავურბივარ ბევრ წვრილ დეტალს, ყოველთვის მირჩევნია, ყველაფერი იყოს დიდი და ასკეტური, მთელი აქცენტი ვიზუალურ მოქმედებაზე რომ გადავიდეს. საკმაოდ დიდი ჯგუფი ვართ, 20 მსახიობთან ერთად ჯერ არ მიმუშავია, თუმცა, ყველაფერი კარგად დალაგდა. რადგანაც მიუზიკლია, არ არის საჭირო თითოეული პერსონაჟის ხასიათი მთლიანად გადმოვიდეს ყოფაში და მის კოსტიუმზე აისახოს, ამიტომ, გოგონების კოსტიუმების ქვედა ნაწილი თითქმის იდენტურია, ზედა ნაწილი ოდნავ განსხვავდება, ფერები კი სხვადასხვაა, რაც გარკვეულ საინტერესო ეფექტს შექმნის ქორეოგრაფიაში. ჯამში, 2 თვე ვმუშაობდით ამ მიუზიკლზე, ბევრი გადაწყვეტილება სპონტანურადაც მივიღეთ, მაგრამ ვფიქრობ, ხელოვან ადამიანს ინტუიციით შეუძლია ენდოს გემოვნებას და ეს აუცილებლად კარგ შედეგამდე მიიყვანს. საბოლოო ჯამში, ჩვენი მუშაობით კმაყოფილი ვარ, – გვითხრა მხატვარმა დავით ტაკიძემ.

– ეს მიუზიკლი ვესტსაიდის ისტორიის მიხედვით იდგმება, რომლის ქორეოგრაფიც ჯერომ რობინსია. შევეცადე იმ წლების სტილიზაცია და რობინსის ერთგვარი ხელწერა შემენარჩუნებინა. რა თქმა უნდა, რაღაცები ოდნავ შეცვლილია, მაგრამ სტილი, რომელიც მაყურებელს იმ ეპოქაში ამოგზაურებს, შევინარჩუნეთ. ჩვენი ქალაქი არ არის განებივრებული მრავალმხრივი მოცეკვავეებით, ამიტომ, მიუზიკლისთვის, ქასთინგების მეშვეობით, ძირითადად ქართულ ანსამბლებში მოღვაწე მოცეკვავეები ავიყვანეთ. რამდენიმე მსახიობიც გვყავს დაკავებული, ვისაც მეტნაკლებად შეუძლია ცეკვა. ამ სპექტაკლში, ძირითადად, უფრო ჯაზის სტილის ცეკვებია. მოგეხსენებათ, მსახიობები სასწავლო პროცესში არ გადიან ისე ქორეოგრაფიას, როგორც საჭიროა. ამ მხრივ უფრო მიუზიკლის მსახიობები არიან მაღალ დონეზე, მაგრამ კმაყოფილი ვარ არა მარტო მოცეკვავეების, მსახიობებისაც, რადგან სრულად არიან ჩართულები მუშაობის პროცესში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარგი დასი შეიკრა, პრემიერამდე ალბათ, კიდევ შევასწორებთ რაღაცებს, მაგრამ ვიცი, მსახიობები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რომ მიუზიკლი კარგი გამოვიდეს – გვითხრა ქორეოგრაფმა გიორგი გიგიშვილმა.

ერთგვარი რომეო და ჯულიეტას ისტორიაა, როცა მტრობის და დაპირისპირების წიაღში დიდი სიყვარული იბადება და მიუხედავად მსხვერპლისა, სიყვარული იმარჯვებს. ეს მარადიული თემატიკაა და ყველა თაობისთვის აქტუალურია. სწორედ ამან განაპირობა ამ მიუზიკლზე ყურადღების შეჩერება. გადაწყდა, გაკეთებულიყო მისი ქართული თარგმანი. ლეონარდ ბერნსტაინის მუსიკაზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შედევრია და ლიბრეტოც ზუსტად ამბობს მიუზიკლის მთავარ სათქმელს. რაც შეეხება ქართულ თარგმანს, მოგეხსენებათ, ინგლისური ენა უფრო მოკლე, ერთმარცვლიანი სიტყვებით არის გაჯერებული, რაც ქართულ ენაში არ გვხვდება. ამიტომ ცოტა სირთულეს წარმოადგენდა მისი თარგმნა ისე, რომ ინგლისური ენის სტრუქტურა არ დაგვერღვია და სიტყვები ქართულად ისე აგვეჟღერებინა, რომ გასაგები ყოფილიყო ქართველი მსმენელისთვის. სწორად ყოფილიყო დასმული ქართული სიტყვის მახვილები და არ დაზიანებულიყო არც მუსიკა და არც ქართული ენის მუსიკალურობა. მიუზიკლის ლიბრეტო, დადგმიდან გამომდინარე, თითქმის არ შეცვლილა, ზედმიწევნით დავიცავი. ორიგინალი ზუსტად გამოხატავს გრძნობას, იმ აღტაცებას და აღმაფრენას, რაც სიყვარულს ახლავს და იმ ღვარძლს, რაც ორ დაპირისპირებულ ჯგუფს მიჰყვება ლაიტმოტივად თავისი სლენგებით და ქუჩური ლექსიკით. თარგმანის ყოველი ტექსტი მსახიობებზე იტესტებოდა და ზოგი სიტყვა, რომელიც თანხმოვნების სიჭარბით გამოირჩეოდა და კარგად არ ისმოდა, იცვლებოდა უფრო კეთილხმოვანი სიტყვებით, რომელიც ტექსტს არ ცვლიდა. ვფიქრობ, ეს მიუზიკლი საინტერესო იქნება თანამედროვე მოზარდებისთვის, იმისთვის, რომ გააცნობიერონ – რა შეიძლება მოჰყვეს ქუჩურ გარჩევებს და უაზრო დაპირისპირებას, – გვითხრა ლიბრეტოს ავტორმა მაკა აროშიძემ.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *