„ფილმი „ფესვები“ ხომ გინახავთ… სხვას არაფერს ვიტყვი“
By

„ფილმი „ფესვები“ ხომ გინახავთ… სხვას არაფერს ვიტყვი“

გაზეთ „აჭარის“ სტუმარია პროფესორი, აშშ-ის უნივერსიტეტების ეკონომიკის პროფესორ-მასწავლებელთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ზაქარიაძე, რომელიც ბათუმელ ამერიკელად გაგვეცნო და გვიამბო მართლაც საოცარი წარმატების, თავბრუდამხვევი კარიერული აღმასვლის საინტერესო ისტორია. მან 90-იან წლებში დატოვა საქართველო და მიაღწია უმაღლეს საფეხურს საკუთარ პროფესიაში.

ირაკლი ზაქარიაძე გახლავთ ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი სოფლის მეურნეობის ეკონომიკასა და მენეჯმენტში, ასევე მაგისტრის ხარისხი – ეკონომიკაში, არკანზასის უნივერსიტეტში (1995, ფეიეტვილი, აშშ). 2007 წლიდან ოზარქსის კოლეჯის ბიზნესის სკოლის დეპარტამენტში (მისურის შტატი, აშშ) კითხულობს ლექციების კურსს მაკროეკონომიკაში, საერთაშორისო ბიზნესში, საერთაშორისო მენეჯმენტსა და საერთაშორისო მარკეტინგში და არის ამავე კოლეჯის ეკონომიკის პროექტების მენეჯერი. 2004-2007 წლებში ჯონ ბრაუნის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია, 2001-2003 წლებში კი – არკანზასის უნივერსიტეტის მკვლევარი, სადაც კითხულობდა სამაგისტრო პროგრამის სალექციო კურსს მენეჯმენტსა და სტატისტიკის ანალიზში.

– გვიამბეთ თქვენ შესახებ, როგორ აღმოჩნდით აშშ-ში?

– დავიბადე ბათუმში, ექიმების ოჯახში. ბებია-ბაბუა კი წარმოშობით სოფელ კიბედან იყვნენ. დავამთავრე მაშინდელი პირველი სკოლა, შემდეგ – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. საკმაოდ ახალგაზრდა გავხდი დოცენტი. 90-იან წლებში დაიწყო სირთულეები. მე და ჩემმა მეგობრებმა დავაარსეთ „კავკასიის საფონდო ბირჟა“, რომელიც იყო პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესცენტრი მაშინდელ საქართველოში. საბროკერო ფირმები, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, აქტიურად ყიდდნენ და ყიდულობდნენ სხავადასხვა საქონელს. მოკლედ რომ ვთქვა, საკმაოდ კმაყოფილი ვიყავით ამ საქმიანობით, თუმცა უფრო დიდი მიზნები მქონდა, რის გამოც გავაგზავნე ჩემი საბუთები სხვადასხვა ინსტანციაში. ძალიან მალე, მსოფლიო ბანკმა, პერსონალურად ჩემთვის, დაუშვა ვაკანსია აშშ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სადოქტოროს დასაცავად. ეს იყო, ზუსტად, 1993 წელი. სწორედ მაშინ გავრისკე და გავემგზავრე შტატებში. სიმართლე გითხრათ, თავიდან გამიჭირდა ოჯახისგან მოწყვეტა – ორი ბავშვი მყავდა, მაგრამ გადავლახე ფსიქოლოგიური ბარიერი და მივყევი არჩეულ გეზს.

დავამთავრე არკანზასის უნივერსიტეტი საერთაშორისო ვაჭრობის და მენეჯმენტის მიმართულებით და დავიკავე პროფესორის თანამდებობა. იმ პერიოდში მოხდა საკმაოდ საინტერესო რამ, მოგეხსენებათ, საბჭოეთი დაიშალა. ხალხს სჭირდებოდა გამოკვება და გაყინული ქათმის ბარკლების და სხვა მსგავსი პროდუქტის ბიზნესი გახდა ამ მოსახლეობის ერთ-ერთი მაშველი რგოლი. იქვე, არკანზასში, მდებარეობდა ამ საქონლით მოვაჭრე ყველაზე დიდი და ცნობილი ფირმა „ტაისონ ფუდი“. ამ კომპანიაში მოეწონათ ჩემი მონაცემები და შემომთავაზეს მთავარი მენეჯერის თანამდებობა.

– არ გაგიჭირდათ პროფესორობის დათმობა?

– კარგა ხანს ვფიქრობდი, ცხადია, რთული იყო სამეცნიერო საქმიანობის დათმობა, მაგრამ კარგი ხელფასი, ცხოვრების უკეთესი პირობები და… გადავდგი ეს ნაბიჯი. 8 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამ კომპანიაში და ვცხოვრობდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის, ინგლისში, ბალტიისპირეთში, რუსეთში… თუმცა მოსკოვში ძალიან გამიჭირდა და ვთხოვდი ჩემს ხელმძღვანელებს სწრაფად გადაყვანას იქიდან.

– რატომ, რა ხდებოდა მოსკოვში?

– მოგეხსენებათ, 2000-იან წლები, პოლიტიკურად არასტაბილური პერიოდი, მაფიოზური სტრუქტურებით გაჯერებული მოსკოვი საკმაოდ სახიფათო გახლდათ. სხვათა შორის, ტალინშიც იგივე ხდებოდა. . .

არკანზასში, „ტაისონ ფუდში“ რომ დავიწყე მუშაობა, მაშინ შტატის გუბერნატორი იყო ბილ კლინტონი, რომელიც შემდეგ პრეზიდენტი გახდა. ტაისონს მასთან მჭიდრო, ლამის ნათესაური ურთიერთობა ჰქონდა. შეხვედრებზე ხშირად მიწევდა კლინტონთან გასაუბრება. მან მართლაც კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ ტაისონის რეკომენდაციით, სწრაფად და უმტკივნეულოდ მივიღე მოქალაქეობა.

ბოლოს, გადავწყვიტე თავი დამენებებინა ბიზნესისთვის, რადგან გული ისევ მეცნიერებისკენ მიწევდა და დავბრუნდი არკანზასის უნივერსიტეტში, დავიწყე ლექციების კითხვა, ვეწეოდი სხვადასხვა სახის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. შემდეგ, მისურის უნივერსიტეტმა შემომთავაზა სამუშაო და 2007 წელს ამიყვანეს კიდეც შტატში, როგორც მთლიანი განაკვეთის პროფესორი.

– იქ განსხვავებული სწავლებაა?

– დავიწყოთ იმით, რომ იქ სწავლება მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე, თან სტუდენტებს ასწავლიან მუშაობას. მათ გამოსამუშავებელი აქვთ შრომადღეები და ვალდებული არიან იმუშაონ, იქვე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც უზარმაზარ კომპლექსს წარმოადგენს თავისი ინფრასტრუქტურით, აგროსამრწეველო მნიშვნელობის ფირმებით, სასტუმროებით, მაღაზიებით და სხვ. ანუ რა განხრითაც სწავლობს სტუდენტი, იმავე სფეროში მუშაობს.

წელიწადში ორჯერ, უნივერსიტეტში ჩამოდიან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, ეწყობა ე.წ. კარიერული ივენთი, სადაც ირჩევენ კადრებს დასასაქმებლად. სტუდენტებს უკვე გამჯდარი აქვთ შრომის უნარ-ჩვევები, ეთიკა და ისინი, არა მხოლოდ თეორიულად,

პრაქტიკულადაც არიან მზად ნებისმიერ კომპანიაში სპეციალისტად სამუშაოდ. მინდა აღვნიშნო, რომ იქ ძალიან საინტერესო სამუშაო და საცხოვრებელი გარემო იყო.

– ამჟამად თბილისში, New Vision University-ში ასწავლით ეკონომიკასა და მენეჯმენტს. მოდით, გავაკეთოთ შედარებითი ანალიზი მისურის უნივერსიტეტთან.

დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. . . სამი წელია, რაც ჩამოვედი საქართველოში და ვარ ამ უნივერსიტეტის პროფესორი. უმეტესად უცხოელებს ვასწავლი. ასევე, ვმონაწილეობ სხვადასხვა საზოგადოებრივ შეხვედრებში. ვაწყობ საღამოებს.

პირველი განსხვავება, რაც თვალში მეცა, არის პროფესორის ღრმა კონტაქტი საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან. კერძოდ, მჭიდრო ურთიერთობა სტუდენტებთან. ჩვენ კვირაში სამ-ოთხჯერ გვქონდა ე.წ. სტუდენტთა დრო, როდესაც ისინი მოდიოდნენ ოფისში და იღებდნენ კონსულტაციებს სხვადასხვა თემაზე. კერძოდ, ირჩევდნენ საგნებს, ხელმძღვანელებს და ა.შ. მე მყავდა 12 სტუდენტი, რომელთა შესახებ ყველაფერი ვიცოდი, თუ რა მიმართულებით უნდა გაეგრძელებინათ სწავლა, რა ინტერესები და მიდრეკილებები ჰქონდათ და ა.შ. ყალიბდებოდა მენტორული ურთიერთობები პროფესორებსა და სტუდენტებს შორის. მსგავსი კონტაქტები საქართველოში არ შეინიშნება, რაც ნეგატიურად აისახება სწავლების საერთო დონეზე. აქ პროფესორი რჩება უმაღლესი სასწავლებლის გარე ორბიტაზე, არავინ ეკითხება ადმინისტრაციულ თუ სხვა საკითხებს, იქ კი, ნებისმიერ ადმინისტრაციულ საკითხზე მოგვიწვევდნენ პროფესორებს და ერთად განვიხილავდით ყველა თემას.

საქართველოს უნივერსიტეტებში ცალკეა ადმინისტრაცია და ცალკე – პროფესორ-მასწავლებლები. სიმართლე გითხრათ, ამერიკაში პროფესორის სტატუსი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ჩვენთან. ისინი უშუალოდ მონაწილეობენ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. მათ იციან, რა მიმართულებები ჯობია, როგორ უნდა წარიმართოს სწავლება, რა უნდა გაკეთდეს. იქმნება სპეციალური კომიტეტები, რომლებიც წარმართავენ ყველა ძირეულ მიმართულებას.

– საქართველოში უმაღლესდამთავრებულთა უმეტესობა პროფესიით ვერ საქმდება, ბევრი დიპლომირებული სპეციალისტი რჩება დაბალ საფეხურზე. უმეტესობას არ გააჩნია პრაქტიკული უნარ-ჩვევები… რა ხდება ამ კუთხით ამერიკაში?

-„ინტერშიპი“ ქვია ამ პროცესს ამერიკაში. მაგალითად, როგორც კი სემესტრებს შორის რჩება თავისუფალი დრო, იმ კომპანიებს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ამა თუ იმ უნივერსიტეტთან, ერთი ან ორთვიანი პერიოდით აჰყავთ სამუშაოზე მესამე-მეოთხე კურსელები. იქ არავინ რჩება პროფესიით დასაქმების გარეშე. ეს მართლაც მნიშვნელოვანი მომენტია, რაშიც პროფესორებს უდიდესი წვლილი შეაქვთ.

– ამერიკაში სახელმწიფო პროგრამები თუ განსაზღვრავს სპეციალობების რაოდენობას, ანუ რომელ პროფესიებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება უნივერსიტეტებმა სწავლების დაგეგმვის პროცესში?

– იქ სახელმწიფო ანუ განათლების სამინისტრო არანაირად არ ერევა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, რადგან უნივერსიტეტი აბსოლუტურად დამოუკიდებელია. ახლახან, ტრამპმა, მგონი, გააუქმა ნახევარი სამინისტრო, რადგან მიაჩნია, რომ მას აღარ გააჩნია დატვირთვა. მთავარია, სტუდენტმა მიიღოს განათლება და შეისწავლოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. უნივერსიტეტები თავად ატარებენ ბაზრის კვლევას და ზუსტად იციან, რომელ პროფესიებზეა მეტი მოთხოვნა და რომელზე – ნაკლები.

– რატომ წამოდით ამერიკიდან?

– ბევრი მეკითხება ამას. ფილმი „ფესვები“ ხომ გინახავთ. . . სხვას არაფერს ვიტყვი. შვილები აშშ-ში ცხოვრობენ, მე და ჩემი მეუღლე კი აქ ჩამოვედით… სიმართლე გითხრათ, ვფრთხილობდი, ჯერ ერთი წლით ავიღე მისურის უნივერსიტეტში შვებულება, შემდეგ ორი წლით და ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი სამშობლო ჩემთვის არ გაუცხოებულა და სწორედ აქ მინდა ცხოვრება.

– ცივილიზაციური შოკი ხომ არ მიიღეთ აქ ჩამოსულებმა, რა იყო ნეგატიური და რა – პოზიტიური?

– ნეგატიურს ვერაფერს ვიხსენებ, ისე მიყვარს საქართველო, რომ ყველაფერი დადებითად მეჩვენება. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის დაბალი ანაზღაურება, რის გამოც დაბალია ცხოვრების დონე.

მოგეხსენებათ, ეკონომიკა დამოკიდებულია განათლების, ჯანდაცვის და სამართალდამცავ სისტემებზე, რომლებიც თანდათან იხვეწება და უკეთ იმართება საქართველოში.

– როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ეკონომიკის განვითარება?

– უნდა განვითარდეს სამი მთავარი ბერკეტი: აგროსექტორი, მცირე ბიზნესი და ტურიზმი.

– აგროსექტორში მართლაც არ გვაქვს სახარბიელო ვითარება. . .

– აი, ამაში მდგომარეობს სახელმწიფოს როლი, უნდა განავითაროს მცირე ბიზნესი და ხელი შეუწყოს აგროსექტორის მთელი ძალით ამოქმედებას.

ნეგატივზე რომ შემეკითხეთ, ახლა გამახსენდა, ქედაში გახლდით, ულამაზესი ბუნებაა, უგემრიელესი პროდუქტები. . . არადა, სოფლები დაცლილია, მოსახლეობა ქალაქს მოაწყდა.

– იქ მეწყრული პროცესების გამო დაიცალა სოფლები. თუმცა მაღალი ანაზღაურების მისაღებადაც დატოვეს ახალგაზრდებმა ოჯახები…

სხვათა შორის, რეფორმები ტარდება სოფლის მეურნეობაში, ფინანსდება ბევრი პროგრამა ფერმერთა ხელშესაწყობად, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი. იქნებ, აქ მთავარ როლს თამაშობს მოსახლეობის მენტალიტეტი, რომელიც საუკუნის განმავლობაში საბჭოთა პროპაგანდის მეშვეობით ჩამოყალიბდა?

– მენტალიტეტს დაძლევენ, დასაქმდებიან ფერმერები და ამუშავდება აგროსექტორი, დარწმუნებული ვარ ამაში. მთავარია, რომ ჩანს სახელმწიფოს კეთილი ნება, მშვიდობისკენ და პროგრესისკენ მიმართოს ქვეყანა.

– ევროკავშირში გაწევრიანებაზე რას იტყვით?

– მართალი გითხრათ, არ ვარ ევროკავშირში გაერთიანების მომხრე. ავიღოთ ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ქვეყანა ევროპაში – შვეიცარია, რომელიც არ არის ამ კავშირის წევრი. ის არის დამოუკიდებელი, სუვერენული, ნეიტრალური სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ მას არ გააჩნია ბუნებრივი რესურსები, ზღვა, მაინც ყველაზე მოწინავეა. რითი მიაღწია ამ პროგრესს? გააჩნია გამართული სამართლებრივი, განათლების და ჯანდაცვის სისტემები და ის ჯანსაღი საუნივერსიტეტო ცხოვრება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან უკვე მიმდინარეობს განათლების რეფორმა და თუკი ამ კუთხითაც შეიცვლება ვითარება, მართლაც მისასალმებელი იქნება.

საერთოდ, ეკონომიური გაერთიანებები ნაციონალურ იდენტობას ჩაგრავს. როცა ხარ ისეთი დიდი გაერთიანების წევრი, როგორიც არის ევროპული საზოგადოება, უნდა მოქმედებდეს ევროპული სტანდარტები და არა ქართული. ამ სტანდარტების შემუშავება და ცხოვრებაში განხორციელება არის ძალიან რთული პრობლემა ჩვენი მოსახლეობისთვის. ამაზე სამი ნაშრომი მაქვს დაწერილი და იქ გაკეთებული ანალიზიდან და დასკვნებიდან გამომდინარე დარწმუნებული არ ვარ, რომ მთელი ეს პროცესი სასარგებლო იქნება საქართველოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნას ბრწყინვალე მდებარეობა აქვს, გეოგრაფიაც არ გვიწყობს ხელს ევროკავშირში იოლად გაწევრიანებისთვის. მაგალითად, სად ბალტიისპირეთი და სად – ჩვენ. ისინი, პირდაპირ ევროპაში არიან მოქცეული და სურთ თუ არ სურთ, ამ გაერთიანების წევრობა მათთვის უცხო არ არის. საქართველომ კი, უმჯობესია საკუთარი გზით იაროს, განავითაროს ის, რაც გააჩნია და დარწმუნებული ვარ, ძალიან მიმზიდველი (ინვესტორებისთვის თუ ტურისტებისთვის), ძლიერი და დოვლათიანი სახელმწიფო ჩამოგვიყალიბდება, ისეთი, როგორსაც ნამდვილად იმსახურებს უძველესი, უგანათლებულესი და ულამაზესი ქართული გენი.

ირმა ცეცხლაძე

 

  • No Comments
  • სექტემბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *