ანა წითლიძე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას ითხოვს, „ქართულ ოცნებაში“ კი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობენ
„ბიძინა ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა ანა წითლიძემ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან პროკურატურას მოუწოდა, სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი დაკითხოს.
„მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას და ადამიანებს, რომლებიც ამ შენობაში სხედან, თუ ვინმე უნდა დაკითხოთ საქართველოში გახმაურებულ მკვლელობებზე, უნდა დაკითხოთ მისი მთავარი დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი. დაკითხეთ ბიძინა ივანიშვილი და ჰკითხეთ, როგორ დაგეგმა 9 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა. ჰკითხეთ ბიძინა ივანიშვილს რუსების დავალებით როგორ მოკლა კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეები. დაკითხეთ ბიძინა ივანიშვილი ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე. დაკითხეთ ბიძინა ივანიშვილი და ჰკითხეთ, როგორ გასცა ბრძანება თემირლან მაჩალიკაშვილის, თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობებზე. დაკითხეთ ბიძინა ივანიშვილი ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, რადგან ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ მკვლელობებს აწყობს, არის ბიძინა ივანიშვილი. დაკითხეთ ბიძინა ივანიშვილი და ჰკითხეთ, რა დავალებებს აძლევს სუს-ის თანამშრომლებს ისეთს, რომ სუს-ის ათეულობით თანამშრომელი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ან თავი მოაკვლევინეს ამ მოკლეს. ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი. საქართველოს პროკურატურამ უნდა იცოდეს, თუ ის არ დაკითხავს ბიძინა ივანიშვილს, აღნიშნულ მკვლელობებთან დაკავშირებით, როდესაც ეს რეჟიმი შეიცვლება, თითოეულ თანამშრომელს აუცილებლად დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილთან ერთად. „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს!“ – განაცხადა წითლიძემ.
წითლიძის განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ბოლო პერიოდში არაერთი ისეთი განცხადება აქვს გაკეთებული, რომელიც თავად ოპოზიციის შიგნით არსებულ პროცესებსა და დაპირისპირებაზე მიუთითებს.
ბოლო პერიოდში ანა წითლიძეს ბევრი წამოცდენა აქვს. წამოცდა და დაეთანხმა ნიკა გვარამიას მიმართ სამართალდამცავი ორგანოების ბრალს, რომ ტელევიზიებს ძარცვავდა. ასევე, დაადასტურა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა გვარამია იყო ერთ-ერთი მთავარი პირი, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთ კამპანიას წარმართავდა“.
გორდულაძის თქმით, მიმდინარეობს დაპირისპირება ძველ და ახალ „ნაცებს“ შორის.
„ვხედავთ, რომ ბნელ ძალაში ერთმანეთში დაპირისპირებაა, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, საკუთარ პატრონებთან თავის უკეთ წარმოჩენა და მეორე მხრივ, სხვა „ნაცი“ პარტიების, „ლელოსა“ და გახარიების გადარჩენა. ძველ და ახალ „ნაცებს“ შორის პოლიტიკურ საპნის ოპერას ვისმენთ, მაგრამ ამ ფონზე „ლელოსა“ და გახარიების პარტიაზე არავინ საუბრობს. მათი პატრონების მცდელობაა, როგორმე მათ „ნაცობა“ მოაშორონ. შესაძლებელია, გვარამიას, ბოკერიას, წითლიძისა და სააკაშვილის პარტიული ფერები და სიმბოლიკა სხვადასხვა იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც „ნაცები“ არიან“, – აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა: „ნიკა გვარამიამ კაპიტალიზება მოახდინა მიშას რესურსზე, თუ ვინმე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, ეგ იყო, როცა „მთავარის“ დირექტორი იყო, ბევრ რაღაცაზეა პასუხისმგებელი“.
ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციურ ფლანგზე არსებული დაპირისპირება მათივე წარსული საქმიანობისა და შიდა პროცესების სააშკარაოზე გამოტანას ემსგავსება.
„რასაც ოპოზიციურ ფლანგზე ვაკვირდებით, არის მხილებასავით. გადის დღეები და შიგნით რა დინებებიც იყო, რა ცოდვებიც ჰქონდათ, სააშკარაოზე გამოაქვთ“, – აცხადებს მახაშვილი.
მისი თქმით, მიმდინარეობს ეგოებისთვის, სკამებისთვის და ძალაუფლებისთვის ბრძოლა.
„წითლიძემ გვარამიაზე რა თქვა ახალი? ის ნამდვილად იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და მედიამაგნატი, ჯერ „რუსთავი2“-ში, შემდეგ „მთავარში“. აქ არაფერი ახალი არ არის. ეგოებისთვის ბრძოლა, სკამებისთვის და ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. ვიტყოდი, მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებისთვის ბრძოლა – ვინ უფრო მეტ ფულს მოიხვეჭს კოლექტიური „ნაციონალურ მოძრაობის“ ფლანგზე. დიდი ალბათობით, ამ ტიპის უფრო მეტ პიროვნულ დაპირისპირებას ვიხილავთ. ასე იყო, ასე მართავდნენ ქვეყანასაც. არაფერი ახალი, უცნაური, გასაკვირი არ ხდება. ამავე სტილში იყვნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ამავე სტილით მართავდნენ ქვეყანას. თავის დროზე, საქართველო საკუთარ პირად ინტერესებს და ეგოებს გადააყოლეს. ახლაც იგივე ხდება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ოპოზიციაში არსებულ ვითარებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა.
„იმდენად დასუსტებულია მთლიანად ოპოზიცია, რომ თავიდან ბოლომდე არიან გადასული ერთმანეთთან დაპირისპირებაზე, რაც ძალიან კარგია, ხალხი ხედავს ამ ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
მისივე თქმით, აქამდე ოპოზიცია ქართველ ხალხს არ მოსწონდა, ახლა უკვე ერთმანეთიც აღარ მოსწონთ. „ეს არის იდეალური მდგომარეობა იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელსაც ფორმალურად აქამდე ერქვა ოპოზიცია, სინამდვილეში კი ყოველთვის იყო უცხოური აგენტურა“, – აღნიშნა პრემიერმა.