ბესო შენგელია : ბენზინში სამშობლო არ იცვლება, სასწრაფოდ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ბესო შენგელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძეს სიმბოლურად, ძველი სასწვავის ავზი მიუტანა და განაცხადა, რომ იგი
აფხაზეთში უკანონოდ შეტანილ საწვავზე დუმს.
„დღეს მოვედით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფისთან, რადგან გვაქვს ერთი პირდაპირი და პრინციპული კითხვა: რატომ დუმს ეს უწყება და მისი თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, როდესაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტონობით უკანონო საწვავი შედის? ეს არ არის უბრალოდ კონტრაბანდა, ეს არის სეპარატისტებთან და რუს ოკუპანტებთან პირდაპირი, დანაშაულებრივი თანამშრომლობა. საწვავი, რომელიც აქედან შედის, პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო რეჟიმს. იმ რესურსს, რომელსაც მათ აწვდით, ხვალ ისევ ქართველების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებენ. ამ მოღალატეობრივ სქემაში ჩართულები არიან რუსული „როსნეფტი“, სეპარატისტული „აფხაზტოპი“, კრემლთან დაახლოებული ქართველების მტრები – სეპარატისტი ოსგანები და არძინბას ოჯახი, ასევე, „ქართული ოცნების“ რეჟიმის მაღალჩინოსნები, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები. როდესაც ვხედავთ, რომ ამ რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნები – ყოფილი პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი საკუთარ ჯარსა და ჯარისკაცებს პარავდნენ ფულს, რის გამოც ყოფილ პრემიერს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ჩვენ უკვე აღარაფერი გვიკვირს. ვინც საკუთარ ჯარს პარავს, ის არც ოკუპანტთან და სეპარატისტებთან ფინანსურ გარიგებებს მოერიდება, მაგრამ იცოდეთ: სანამ ასეულობით და ათასობით დევნილი თავად არ დადგება ამ შენობასთან და არ მოგიწყობთ პოლიტიკურ ჯოჯოხეთს, მანამდე მოეგეთ გონს. დღეს, სიმბოლურად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს მოვუტანეთ ეს ძველი საწვავის ავზი (რუსული კანისტრა). ეს არის ოკუპანტთან იმ უღირსი და კორუფციული თანამშრომლობის სიმბოლო, რომელსაც თქვენ დუმილით აფარებთ ხელს. ეს საწვავის ავზი (რუსული კანისტრა) გადმოგეცემათ საჩუქრად, რათა იცოდეთ: ბენზინში სამშობლო არ იცვლება, ოკუპანტებისგან მიღებულ ფულზე საქართველო არ იყიდება და ღალატით ქვეყანა ვერ გამთლიანდება. დაუყოვნებლივ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, მოითხოვეთ ამ დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი ფაქტის აღკვეთა“, – განაცხადა ბესო შენგელიამ.