სამყარო, რომელსაც გაგება და მხარდაჭერა სჭირდება
თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ხშირად უდიდეს გამოწვევად რჩება საკითხი: როგორ ვაქციოთ მშრალი, თეორიული ცოდნა რეალურ, პრაქტიკულ გამოცდილებად? განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ინკლუზიურ განათლებას, სენსორულ თავისებურებებს, აუტიზმისა და ბავშვის ქცევითი სირთულეების მართვას ეხება. სწორედ ამ გამოწვევას გამოეხმაურა ქალაქ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელი მარიამ აფაქიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში შექმნა ინოვაციური პლატფორმა „განვითარების ნაბიჯები • მარიამი“.
AI ანიმაციებისა და ვიზუალური ილუსტრაციების სინთეზით „გაცოცხლებული“ ვიდეორგოლები აუტიზმის სპექტრთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს აშუქებს, სენსორული გადატვირთვიდან და გარემო გამღიზიანებლებისადმი მგრძნობელობიდან დაწყებული, სოციალური ადაპტაციითა და განმეორებითი ქცევებით დამთავრებული. გვერდი მოკლე დროში იქცა საიმედო გზამკვლევად როგორც მშობლების, ისე პედაგოგებისთვის. დღეს მარიამი გაზეთ „აჭარის“ მკითხველს თავისი პროექტის მთავარ მიზნებსა და სამომავლო ხედვებს უზიარებს.

– გვერდი „განვითარების ნაბიჯები • მარიამი“ სულ ახლახან შეიქმნა, თუმცა თქვენმა ვიდეოებმა პირველივე დღეებიდან მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. რამ განაპირობა ამ პლატფორმის შექმნა?
– „განვითარების ნაბიჯები • მარიამი“ ჩემთვის უბრალოდ სოციალური ქსელის გვერდი არ არის. მისი შექმნის იდეა გამიჩინა სურვილმა, ჩემი ცოდნა, გამოცდილება და ის საკითხები, რომლებზეც ყოველდღიურად ვმუშაობ, სხვებისთვისაც სასარგებლო გამეხადა. დღეს სოციალური ქსელები ადამიანებთან კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი სივრცეა. მინდოდა, პროფესიულ საკითხებზე საუბარი ყოფილიყო მარტივი, გასაგები და ყველასათვის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ისეთ თემებზე, რომლებიც ხშირად არასწორად გვესმის ან ზედაპირულად ვიცით.
– კონკრეტულად რას სთავაზობთ გამომწერებს და რა სახის შინაარსს იხილავს მკითხველი თქვენს პლატფორმაზე?
– ჩემი მიზანია, გვერდი გახდეს პრაქტიკული, საინტერესო და დამხმარე რესურსი როგორც მშობლებისთვის, ისე ჩემი კოლეგა მასწავლებლებისთვის. ამიტომ, კონტენტი რამდენიმე ძირითად მიმართულებას აერთიანებს. ესენია:
პრაქტიკული და სენსორული აქტივობები: მარტივად განსახორციელებელი თამაშები და სავარჯიშოები, რომლებიც ავითარებს წვრილ მოტორიკას, ყურადღებასა და აღქმას;
შემეცნებითი ანიმაციები: ვიზუალური გზამკვლევები და მხიარული ანიმაციური რესურსები ბავშვებთან მუშაობისთვის;
რჩევები და სტრატეგიები: ქცევის მართვის, ემოციების რეგულირებისა და ალტერნატიული კომუნიკაციის ეფექტური მეთოდები;
ინკლუზიური განათლების გამოცდილება: რეალურ პრაქტიკაზე დაფუძნებული დაკვირვებები და იდეები.
მჯერა, რომ ინკლუზია არ არის მხოლოდ მეთოდოლოგია, ეს არის ზრუნვა, გაგება და ერთად განვითარება.

– რამ მიგიყვანათ სპეციალური მასწავლებლის პროფესიამდე და გახსენდებათ თუ არა შემთხვევა, რომელმაც თქვენი პროფესიული ხედვა საბოლოოდ შეცვალა?
– სპეციალური მასწავლებლის პროფესია ჩემთვის მხოლოდ პროფესიული არჩევანი არ ყოფილა. დროთა განმავლობაში დავინახე, რომ ეს არის სფერო, სადაც თითოეულ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობა და საჭიროება აქვს. სწორედ ამ განსხვავებულობის დანახვა და სწორი მხარდაჭერაა ყველაზე მნიშვნელოვანი.
ჩემს ხედვაზე განსაკუთრებით იმოქმედა იმ გამოცდილებამ, როცა მივხვდი: ბავშვის ქცევის უკან ყოველთვის დგას კონკრეტული მიზეზი. ამან მასწავლა, რომ პირველ რიგში უნდა ვიკითხოთ არა „რატომ იქცევა ასე?“, არამედ „რას გვეუბნება ამ ქცევით?“. სწორედ ამ ხედვის გაზიარების სურვილიდან გაჩნდა ჩემი გვერდიც. მინდა თეორიული საკითხები, რომლებიც ხშირად მშრალად აღიქმება, პრაქტიკული მაგალითებით მივიტანო ადამიანებამდე.
– თქვენს ვიდეოებში აქტიურად იყენებთ AI ანიმაციასა და ვიზუალურ მაგალითებს. რატომ გახდა საჭირო თეორიული მასალის ამ ფორმით „გაცოცხლება“ და როგორ ინარჩუნებთ ბალანსს ტექნოლოგიასა და ადამიანურ რესურსს შორის?
– ვფიქრობ, ცოდნის მიღება მხოლოდ წიგნებიდან, ტერმინებისა და განმარტებების დამახსოვრებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. განსაკუთრებით სპეციალური საჭიროებების სფეროში მნიშვნელოვანია, რომ თეორია ადამიანამდე მივიდეს ისეთი ფორმით, რომელიც მისთვის გასაგები და პრაქტიკულად გამოსადეგი იქნება.
ხშირად რთული თეორიული საკითხის მხოლოდ ტექსტით ახსნა საკმარისი არ არის. AI ანიმაციით შემიძლია ვიზუალურად წარმოვადგინო ისეთი სიტუაცია, რომლის სიტყვებით გადმოცემაც გაცილებით რთულია. თუმცა, ხელოვნური ინტელექტი ჩემთვის მიზანი კი არა, მხოლოდ ინსტრუმენტია. ტექნოლოგია ვერ ჩაანაცვლებს მასწავლებელს, ურთიერთობას, ემპათიასა და ინდივიდუალურ მიდგომას. AI გვეხმარება მასალის გაცოცხლებაში, მაგრამ ბავშვის გაგება მხოლოდ ადამიანს შეუძლია.
– ერთ–ერთი ყველაზე რთული მომენტი ბავშვისთვის ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლა, ანუ ტრანზიციაა. რა პრაქტიკული რჩევა შეგიძლიათ მისცეთ მშობლებსა და პედაგოგებს ამ დროს სტრესის შესამცირებლად?
– ტრანზიციის დროს ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია, წინასწარ იცოდეს, რა შეიცვლება და რა ელოდება წინ. როდესაც ბავშვს ცვლილებისთვის ვამზადებთ, მას ვაძლევთ შესაძლებლობას, უფრო თავდაჯერებულად გადადგას შემდეგი ნაბიჯი.
ამ პროცესის შემსუბუქებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ:
ვიზუალური განრიგი; წინასწარი გაფრთხილება; მარტივი და გასაგები ინსტრუქციები; ტაიმერი ან დროის ვიზუალური მაჩვენებელი; პოზიტიური წახალისება.
ჩვენი მიზანია, ცვლილება ბავშვისთვის ნაკლებად სტრესული და უფრო პროგნოზირებადი გავხადოთ. ტრანზიცია ხომ მხოლოდ გადასვლა არ არის, ეს არის ბავშვის მხარდაჭერა ცვლილების გზაზე.
– ხშირად ბავშვის ქცევას „დაუმორჩილებლობად“ ან „სიჯიუტედ“ ვნათლავთ. რა იმალება სინამდვილეში ამის მიღმა და რა არის მთავარი შეცდომა, რასაც საზოგადოება უშვებს?
– ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ხშირად მხოლოდ ქცევას ვხედავთ და არა მის მიზეზს. მაგალითად, თუ ბავშვს ხმაური ძალიან აწუხებს, ხალხმრავალ გარემოში ყურებზე ხელს იფარებს, ტირის ან ოთახიდან გასვლას ცდილობს, ეს უფროსისთვის შეიძლება დაუმორჩილებლობად ჩანდეს, სინამდვილეში კი ბავშვი სენსორულ გადატვირთვას განიცდის და თავის დაცვას ცდილობს.
თუ ბავშვი დავალების შესრულებაზე უარს ამბობს, შესაძლოა მას დავალება ურთულდება, ვერ იგებს ინსტრუქციას, უჭირს ყურადღების შენარჩუნება ან უბრალოდ, დახმარების მოთხოვნის სხვა გზა არ აქვს. სანამ ბავშვს „ჯიუტს“, „ზარმაცს“ ან „დაუმორჩილებელს“ დავარქმევთ, უნდა ვეცადოთ გავუგოთ: რა სჭირდება მას ამ მომენტში და რას ცდილობს თავისი ქცევით?
– მუშაობის პროცესში რა არის ის „უხილავი გამარჯვება“, რაც ყველაზე დიდ მოტივაციას გაძლევთ და რას გასწავლიან თავად ბავშვები?
– ჩემთვის უხილავი გამარჯვება ყოველთვის არ არის დიდი და თვალსაჩინო შედეგი. ეს შეიძლება სხვამ საერთოდ ვერ შეამჩნიოს, მაგრამ სპეციალური მასწავლებლისთვის პატარა ნაბიჯებიც ძალიან დიდი გამარჯვებაა. ბავშვები კი ყოველდღიურად მასწავლიან მოთმინებას, მოქნილობასა და იმას, რომ ყველა წარმატებას თავისი დრო აქვს.
– რას ეტყოდით მშობელს, რომელიც ახლა დგას დიაგნოზის გაცნობიერების ეტაპზე და იმ მასწავლებელს, რომელსაც უჭირს კლასში რთული ქცევის მართვა?
– მშობელს ვეტყოდი, რომ დიაგნოზი ბავშვის შესაძლებლობების დასასრული არ არის. ეს არ არის იარლიყი, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს. დიაგნოზი შეიძლება იყოს გზა იმის გასაგებად, თუ რა სჭირდება ბავშვს და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ. მასწავლებელს კი ვეტყოდი: რთული ქცევის მართვისას არ დარჩეთ მხოლოდ ქცევის შეჩერების მცდელობაში, ეცადეთ, გაიგოთ მისი ფუნქცია და მიზეზი. და ყველაზე მნიშვნელოვანი, მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამ ყველაფერს მარტო უნდა გაუმკლავდეს. სწორედ აქ ხდება გადამწყვეტი სპეცმასწავლებელთან, მშობელთან და სხვა სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

– როგორია აუდიტორიისა და კოლეგების უკუკავშირი? ელოდით ასეთ სწრაფ გამოხმაურებას?
– სიმართლე რომ ვთქვა, ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი. განსაკუთრებით სასიხარულოა პირადი შეტყობინებები და კომენტარები, როცა მშობლები თუ კოლეგები წერენ, რომ კონკრეტული ინფორმაცია მათთვის საჭირო და დამხმარე აღმოჩნდა. ასევე, უდიდესი მოტივაცია მომცა ჩემი სკოლის, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორის მხარდაჭერამ პირველივე ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ. ეს მაძლევს ძალას, რომ დაწყებული საქმე გავაგრძელო.

– როგორია „განვითარების ნაბიჯების“ სამომავლო ხედვა?
– სამომავლოდ მინდა გვერდი კიდევ უფრო ფართო საგანმანათლებლო სივრცედ ჩამოვიყალიბო და განხილული საკითხები სასწავლო საგნებსაც დავუკავშირო. მინდა საგნობრივი მასალაც იმავე პრინციპით „გავაცოცხლო“, რომ რთული თემა არ დარჩეს მხოლოდ სახელმძღვანელოს ტექსტად და მისი ახსნა შესაძლებელი იყოს ანიმაციით თუ ყოველდღიურ ცხოვრებასთან კავშირით.
მინდა შევქმნა ისეთი რესურსები, რომლებიც მასწავლებლებს გაკვეთილის დაგეგმვაში დაეხმარება, ხოლო მოსწავლეებს – მასალის მარტივად გაგებაში. თანამედროვე განათლებაში მთავარია არა მხოლოდ „რა უნდა ვასწავლოთ“, არამედ „როგორ ვასწავლოთ“. სწორედ ამ „როგორის“ მოძებნას ემსახურება ჩემი გვერდი.
დადუ გაბაიძე