ბათუმი ყავის ფესტივალს მასპინძლობდა
ბათუმი სამი დღის განმავლობაში ყავის ფესტივალს მასპინძლობდა. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მიზნად ისახავს რეგიონში მრავალფეროვანი კულტურული გარემოს შექმნას, ყავის მომზადების ტრადიციების წარმოჩენას, რეგიონის პოპულარიზაციასა და კულტურული ტურიზმის განვითარებას.
ფესტივალის დასკვნით ღონისძიებებს ადგილობრივი მოსახლეობა, ბათუმის სტუმრები და ყავის კულტურით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.
ღონისძიებებს ასევე, დაესწრო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, რომელმაც ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერა და ორგანიზატორებს წარმატებები უსურვა.
ფესტივალის პროგრამამ გააერთიანა ადგილობრივი და მოწვეული მუსიკოსები, ჩატარდა ყავის მომზადების მასტერკლასები. საბავშვო აქტივობები და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.