საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
By

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი სოციალურ ქსელებში, მათ შორის, Facebook გვერდებსა და ჯგუფებში გააქტიურებული კამპანიების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს, რომელიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებასა და ამ გზით თანხების გამომუშავების შეთავაზებას უკავშირდება.

სები მოქალაქეებს საკუთარი თანხების დაბანდებამდე განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს წინასწარ შეაფასონ თანხის დაკარგვის რისკები. მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ლაშა გზირიშვილის განცხადებით, აღნიშნული მოდელი შესაძლოა, წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანი არა თანხის მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ახალი წევრების მოზიდვაა. მისი განმარტებით, სქემის ფუნქციონირების საწყის ეტაპზე, სანამ ადამიანები აქტიურად წევრიანდებიან, კამპანია საკმაოდ წარმატებულადაც კი შეიძლება ჩანდეს და მონაწილეებმა გარკვეული თანხაც მიიღონ. თუმცა, დროის გარკვეულ მომენტში, როდესაც ახალი წევრებისა და დამატებითი სახსრების მოზიდვა შეუძლებელი ხდება, კომპანია ვეღარ ასრულებს მონაწილეების მიმართ არსებულ ვალდებულებებს და სქემა აუცილებლად იშლება. ასეთ დროს, მონაწილეებს საკუთარი სახსრების გატანაზე ხშირად ტექნიკური მიზეზით ეუბნებიან უარს, ზოგჯერ კი ინვესტიციის დაბრუნების სანაცვლოდ დამატებით თანხასაც სთხოვენ.

„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა თანხის ბიზნესსაქმიანობაში ან მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა, რადგან სწორედ ამ თანხით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თითქოსდა ბიზნესსაქმიანობიდან, ამ შემთხვევაში კრიპტოაქტივებით ვაჭრობიდან, მიღებული მოგების გადახდა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება სქემაში, მით უფრო იზრდება მისი სიცოცხლისუნარიანობა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომხმარებლისთვის ცნობილია სქემის რისკიანობის შესახებ, ხშირად ისინი შეგნებულად ერთვებიან ამ სქემებში იმის იმედით, რომ მათ მიერ ინვესტირებული თანხის გამომუშავებას სქემის დაშლამდე შეძლებენ“, – აღნიშნა ლაშა გზირიშვილმა.

მისივე შეფასებით, მსგავსი მიდგომა მაღალი რისკის შემცველია, რამდენადაც მონაწილემ არ იცის სქემის ფუნქციონირების რომელ ეტაპზე უერთდება მას, ხოლო დაშლის კონკრეტული მომენტის წინასწარ განჭვრეტა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, დიდია მომხმარებლების მიერ თანხის დაკარგვის რისკი.

სებ-ის მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის თქმით, მსგავსი სქემები დიდწილად მოგების სწრაფად მიღების სურვილს ეფუძნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, მიმზიდველი საინვესტიციო შემოთავაზების შემთხვევაში, მომხმარებელმა არ მიიღოს სპონტანური გადაწყვეტილება, არამედ მოიძიოს დეტალური ინფორმაცია და გულდასმით აწონ-დაწონოს შესაძლო რისკები.

„მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე, მისი გადამხდელუნარიანობის შესახებ. ასეთი კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს „საფინანსო“, „საბროკერო“, „საინვესტიციო“, და ა.შ. რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია არის შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგულირებული ან/და ლიცენზირებული სუბიექტი. მოიძიეთ ინფორმაცია სქემის მონაწილეების არა მხოლოდ წარმატების, არამედ წარუმატებლობის ისტორიებისა და ამის მიზეზების შესახებ.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ხვეწს და ავითარებს საკანონმდებლო ჩარჩოს, განსაკუთრებულ აქცენტს კი მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე აკეთებს. მისი განმარტებით, არსებული რეგულაციების მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც თავად მომხმარებელი იღებს, ამიტომ ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, საინვესტიციო შემოთავაზებების განხილვისას მოიძიონ დეტალური ინფორმაცია, კარგად აწონ-დაწონონ რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.

  • No Comments
  • აგვისტო 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *