​პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისა და ნარგავების დაზიანების ჯარიმები შეცვალა – ახალი რეგულაციები მძღოლებისთვის
By

​პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისა და ნარგავების დაზიანების ჯარიმები შეცვალა – ახალი რეგულაციები მძღოლებისთვის

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით (ერთხმად), დაამტკიცა ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის საფუძველზეც არსებითად იცვლება მძღოლების პასუხისმგებლობის სისტემა და სანქციები.

​ცვლილებების შედეგად, სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმები ახლებურად, უფრო დეტალურად განისაზღვრა. აქამდე მოქმედი რეგულაციით, 15-დან 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება 100 ლარით ჯარიმდებოდა, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი – 300 ლარით. ახალი სამსაფეხურიანი მოდელით კი, 15-დან 30 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა ნახევრდება და 50 ლარი ხდება, 30-დან 50 კმ/სთ-მდე გადაჭარბებისთვის მძღოლები 100 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარებისთვის სანქცია 300 ლარი იქნება.

​ამასთანავე, მნიშვნელოვნად მსუბუქდება ფინანსური პასუხისმგებლობა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებური განადგურებისთვის. კერძოდ, მუნიციპალიტეტების საზღვრებში აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (2 000 ლარის ნაცვლად), ხოლო განმეორებით ჩადენა – 1 000 ლარით (5 000 ლარის ნაცვლად). რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისის საზღვრებში პირველადი ჯარიმა 5 000 ლარიდან 500 ლარამდე შემცირდა, ხოლო განმეორებითი სამართალდარღვევა 10 000 ლარის ნაცვლად 1 000 ლარით დაჯარიმდება.
საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში, კიდევ ერთი სიახლე ეხება სადისტრიბუციო ტრანსპორტს, რომელსაც ღამის საათებში  01:00 საათიდან 06:00 საათამდე, ეძლევა უფლება, ისარგებლოს ავტობუსის ზოლით (BUS LINE) ტვირთის გადმოსატვირთად და გადასაზიდად. კონკრეტულ წესებსა და კრიტერიუმებს, რომლებსაც სადისტრიბუციო მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს, შინაგან საქმეთა მინისტრი სპეციალური ბრძანებით განსაზღვრავს.

  • No Comments
  • ივნისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *