პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისა და ნარგავების დაზიანების ჯარიმები შეცვალა – ახალი რეგულაციები მძღოლებისთვის
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით (ერთხმად), დაამტკიცა ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის საფუძველზეც არსებითად იცვლება მძღოლების პასუხისმგებლობის სისტემა და სანქციები.
ცვლილებების შედეგად, სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმები ახლებურად, უფრო დეტალურად განისაზღვრა. აქამდე მოქმედი რეგულაციით, 15-დან 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება 100 ლარით ჯარიმდებოდა, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი – 300 ლარით. ახალი სამსაფეხურიანი მოდელით კი, 15-დან 30 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა ნახევრდება და 50 ლარი ხდება, 30-დან 50 კმ/სთ-მდე გადაჭარბებისთვის მძღოლები 100 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარებისთვის სანქცია 300 ლარი იქნება.
ამასთანავე, მნიშვნელოვნად მსუბუქდება ფინანსური პასუხისმგებლობა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებური განადგურებისთვის. კერძოდ, მუნიციპალიტეტების საზღვრებში აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (2 000 ლარის ნაცვლად), ხოლო განმეორებით ჩადენა – 1 000 ლარით (5 000 ლარის ნაცვლად). რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისის საზღვრებში პირველადი ჯარიმა 5 000 ლარიდან 500 ლარამდე შემცირდა, ხოლო განმეორებითი სამართალდარღვევა 10 000 ლარის ნაცვლად 1 000 ლარით დაჯარიმდება.
საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში, კიდევ ერთი სიახლე ეხება სადისტრიბუციო ტრანსპორტს, რომელსაც ღამის საათებში 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, ეძლევა უფლება, ისარგებლოს ავტობუსის ზოლით (BUS LINE) ტვირთის გადმოსატვირთად და გადასაზიდად. კონკრეტულ წესებსა და კრიტერიუმებს, რომლებსაც სადისტრიბუციო მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს, შინაგან საქმეთა მინისტრი სპეციალური ბრძანებით განსაზღვრავს.