პროფკავშირები – მასწავლებელთა ინტერესების დამცველი
გაიმართა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის მეცამეტე საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია. მის მუშაობაში 43 საჯარო და ერთ კერძო სკოლიდან არჩეული 55-მდე დელეგატი, საჯარო სკოლების დირექტორები, შუახევის თვითმმართველობისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რესპუბლიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. მათ წინაშე 4 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ მოხსენებით წარსდგა შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ნატარიძე. დამსწრეთ მოისმინეს სამანდატო და სარევიზიო კომისიების თავმჯდომარეების ნატო გოგრაჭაძისა და ბადრი მახარაძის მოხსენებები.
სიტყვაში გამოსულებმა – შუახევის, ნიგაზეულის, მახალაკიძეების, ბარათაულის საჯარო სკოლების პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა თეიმურაზ დავითაძემ, ვასო ხიმშიაშვილმა, შოთა ფუტკარაძემ, დურსუნ ქათამაძემ, ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორმა თემურ დავითაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, რესპუბლიკური ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ, პროფკავშირის დასავლეთ ზონის კოორდინატორმა გიორგი დიდიძემ იმ მიზნებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რასაც დღევანდელობა ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წინაშე აყენებს
კონფერენციის მუშაობა შეაჯამა სპმთპ-ის რესპუბლიკური ორგანიზაციის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, რომელმაც შუახევისა და ხულოს პროფკავშირული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ლევან ნატარიძესა და ემზარ დეკანაძეს მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის სიგელები გადასცა. აირჩიეს რაიონული საბჭოს წევრები და აჭარის ორგანიზაციის დელეგატები. შუახევის რაიონული საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე 4 წლით ნდობა ისევ ლევან ნატარიძეს გამოუცხადეს.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა. ის 40 ათასზე მეტ წევრს ითვლის. კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს დამოუკიდებელი საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, იმ გამოწვევებსა და ამოცანებზე, რომლებიც მასწავლებლებსა და მათი ინტერესების დამცველი პროფკავშირის წინაშე დგას. პრეზიდენტ მაია კობახიძის მრავალწლიან და აქტიურ მუშაობას მიეწერება ის დიდი ავტორიტეტი, რაც ორგანიზაციას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აქვს. დასტურად ისიც საკმარისია, რომ ქალბატონი მაია ევროპის მასშტაბით დასახელებულია გამორჩეულ ქალ ლიდერად. ეს დიდი აღიარებაა. გუნდური პრინციპით მუშაობა ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და თითოეული წევრისთვის ამოსავალი წერტილია.
შუახევში პედაგოგთა და განათლების სფეროში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებების დასაცავად და მათი შრომის ანაზღაურების, სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის განხორციელდა მრავალი აქტივობა. პროფკავშირების ინიციატივითა და ძალისხმევით გაუმჯობესდა პედაგოგების ყოფითი პირობები, განისაზღვრა სასერტიფიკაციო დანამატის გაანგარიშების წესი საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.
ითქვა, რომ შუახევში სკოლები დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. მოსახლეობის გააქტიურებული მიგრაციის შედეგად, სოფლებში მოსახლეობა მცირდება, შესაბამისად, მოსწავლეთა კონტინგენტიც. უკვე ცხემლისისა და სხეფის საჯარო სკოლებში მეცადინეობა შეჩერდა. პროგნოზი არც მომავალშია დამაიმედებელი.
ქალბატონმა მაია კობახიძემ ჯერ კიდევ 2023 წელს, პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, განსაკუთრებული სიმწვავითა და პრინციპულობით დააყენა საკითხი მცირეკონტინგენტიანი სკოლების მხარდასაჭერად და მოითხოვა აღნიშნული სკოლების მხარდაჭერის ღონისძიებათა გეგმის შემუშავება. ერთ ბავშვსაც უნდა ჰქონდეს სკოლა, განსაკუთრებით საზღვრისპირა სოფლებში და მთის რეგიონებში. ასეთ სოფლებში, მოსახლეობის დამაგრების მიზნით, სახელმწიფომ სკოლები უნდა გააძლიეროს.
როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლის სასერტიფიკაციო გამოცდებზე უკვე დარეგისტრირდა ბევრი მასწავლებელი და თანაც რამდენიმე საგანში, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგებით დამთავრდება იგი.
უარყოფითი შედეგების შემთხვევაში, ბევრი მასწავლებელი სკოლას დატოვებს შემცირებული ხელფასის გამო და შუახევის სკოლებში მასწავლებელთა კიდევ უფრო დიდი დეფიციტი შეიქმნება. ბევრი მასწავლებელი უკვე ახალ სამუშაოს ეძებს. საჭიროა საქართველოს მთავრობის და განათლების სამინისტროს წინაშე დაისვას საკითხი დადგენილი ორწლიანი ვადის კიდევ ორი წლით გახანგრძლივების შესახებ, ან შენარჩუნდეს დღეს არსებული წესი და ხელფასების ანაზღაურება კვლავ საგნობრივი ჯგუფის გათვალისწინებით მოხდეს. წინაღმდეგ შემთხვევაში, შუახევის მცირეკონტინგენტიან სკოლებში მასწავლებელთა დიდი დეფიციტი შეიქმნება. კვლავ გამოწვევებია განათლების სისტემაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მიმართულებით, დაბალია სკოლის ადმინისტრაციის და ტექნიკური მუშაკების ხელფასები. მასწავლებელთა და განათლების დარგის ყველა მუშაკის ხელფასების ზრდა საბაზრო ფასების და სავალუტო ინფლაციის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. საქართველოს მთავრობამ და განათლების სამინისტრომ კვლავაც უნდა იზრუნოს ახალი სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი კონცეფციის მიღებისათვის.
გადასახედია დღეს არსებული მასწავლებლის სადაზღვევო პაკეტი იმ პედაგოგებისათვის, რომელთა წლიურმა შემოსავალმა 40 ათას ლარს გადააჭარბა და მაღალანაზღაურებად სტატუსში გადავიდა.
როგორც კონფერენციაზე ითქვა, საანგარიშო პერიოდში, სპმთპ-ის შუახევის რაიონულმა საბჭომ მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლებში დასაქმებული პროფკავშირის წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების დასაცავად, გამაჯანსაღებელი და კულტურულ-მასობრივი ღონისძიებების განსახორციელებლად. მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ზრუნავს პედაგოგთა ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის, მათი შრომისა და ღვაწლის დაფასებისთვის.
ყოველწლიურად, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, პედაგოგებს აჯილდოებენ საპატიო სიგელებით. სკოლებში ტრადიციად დაამკვიდრეს მასწავლებელთა ღვაწლისა და ამაგის საზეიმოდ აღნიშვნა. ამ მიმართულებით აქტიურობენ ახალდაბის, შუახევის, ნიგაზეულის, ჩანჩხალოს, ნენიის, ჭვანის, ჭალის, ხიჭაურის, ჯაბნიძეების, დღვანის, დარჩიძეების, ცინარეთის, ბუთურაულის, პაპოშვილების საჯარო სკოლების პროფკავშირული კომიტეტები.
ტრადიციად აქციეს მასწავლებელთა მუნიციპალური კონფერენციების ჩატარება, სადაც ყოველწლიურად 50-ზე მეტი მასწავლებელი თავის პედაგოგიურ გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს და საინტერესო მოხსენებებით გამოდის. წელსაც მაღალ დონეზე ჩატარდა მასწავლებელთა მერვე მუნიციპალური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 140-ზე მეტმა პედაგოგმა. ხაზგასმით ითქვა, რომ პროფკავშირის საყრდენ ძალას წარმოადგენს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები. მათი მუშაობის ხარისხზე, ქმედითუნარიანობაზე, ნდობასა და ავტორიტეტზე ბევრად არის დამოკიდებული რაიონული ორგანიზაციის მუშაობა. შუახევის მუნიციპალიტეტის განათლების სისტემაში 1193 დასაქმებულიდან 1058 პროფესიული კავშირის წევრია. ისინი მიესალმებიან პროფკავშირების გააქტიურებას, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. უნდა გაძლიერდეს სკოლებში და სკოლისგარეშე დაწესებულებებში პროფკავშირული კომიტეტების ქმედითუნარიანობა. ისინი აქტიურად უნდა ჩაერთონ თავიანთი წევრების შრომითი და სამართლებრივი უფლებების დაცვაში.
ოთარ ცინარიძე
გალერეა

