ადგილობრივი ვიზიტიორების რაოდენობა – 2.0 პროცენტით, განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა კი 5.1 პროცენტით გაიზარდა
By

ადგილობრივი ვიზიტიორების რაოდენობა – 2.0 პროცენტით, განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა კი 5.1 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტიორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 287.9 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 584.0 ათასი ერთეული შეადგინა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტიორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 2.0 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

უწყების ანგარიშით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტიორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 665.0 ათასით განისაზღვრა, რაც 6.6 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტიორების უმრავლესობა, 36.2 პროცენტი, 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტიორების ჯამური რაოდენობის 55.0 პროცენტს შეადგენდა.

ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტიორების 37.2 პროცენტი თბილისის მცხოვრებია, 15.2 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

2026 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა – 54.7 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 415.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 322.4 ათასი ვიზიტი თვეში).

2026 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 273.6 მილიონი ლარით, რაც 12.9 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 7.4 პროცენტით და 172.7 ლარს გაუტოლდა.

  • No Comments
  • მაისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *