კობახიძე–ზელენსკის შეხვედრა: დარჩენილი პრობლემები და მზადყოფნა ურთიერთობების აღდგენისთვის
By

კობახიძე–ზელენსკის შეხვედრა: დარჩენილი პრობლემები და მზადყოფნა ურთიერთობების აღდგენისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის დაგროვილი პრობლემები კვლავ აქტუალურია, თუმცა, მნიშვნელოვანია მომავალზე ორიენტირება და ურთიერთობების აღდგენა.
კობახიძის თქმით, შეხვედრა მეგობრულ გარემოში გაიმართა, თუმცა არსებითი საკითხების სიღრმისეული განხილვა არ მომხდარა და არსებული წინააღმდეგობები უცვლელია.
„ვოლოდიმირ ზელენსკისთან გუშინდელი საუბრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ პრობლემები რაც იყო, ბუნებრივია, რჩება, არსად წასულა არც ადეიშვილი, არც ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა, არც ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება. სიღრმეში არ შევსულვართ, მათ შორის პრობლემებთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებული. მე პირადად, ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია და ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, მიუხედავად დაგროვილი პრობლემებისა, ზელენსკი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არის ომის მდგომარეობაში და ეს ქვეყანა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის ვუფრთხილდებოდი ჩემს სიტყვებს კონკრეტულად პრეზიდენტთან, ბატონ ზელენსკისთან დაკავშირებით“.

ამასთან, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მზად არის გადადგას ყველა გონივრული ნაბიჯი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და აღსადგენად:
„ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ უკრაინასთან ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს და ეს ყველაფერი აისახოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა რომ გულშემატკივრობს უკრაინელ ხალხს, რომელიც დღეს არის ურთულეს – ომის მდგომარეობაში, ურთულეს ეკონომიკურ და  სოციალურ პირობებში.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში, უკრაინული მხარის ინიციატივით, სადაც ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

  • No Comments
  • მაისი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *